Aa Aa
3 აპრილი 2024  |  12:37

Ferrari წყალბადის ძრავას თავდაყირა აწყობს

რთული წარმოსადგენია, მაგრამ იტალიური მწარმოებლის ინოვაციური იდეებით დატვირთული ეს პატენტი, მხოლოდ ერთი დოკუმენტია

საკუთარი იდეების დაცვისთვის, ავტომწარმოებლები ხშირად ტექნოლოგიების დაპატენტებას მიმართავენ. თუმცა, Ferrari-ის არაორდინალური სატრანსპორტო სისტემა, მრავალი უჩვეულო მახასიათებლით, ბევრად შორსაა ნორმებისგან.

თავად დოკუმენტის სახელწოდება - „მანქანა აღჭურვილია წყალბადზე მომუშავე შიგაწვის ძრავით“ - ბევრს არაფერს გვეუბნება. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მახასიათებლებიდან, რომელიც Ferrari-ის პოტენციური სპორტული მანქანის არაორდინალურ სისტემას აღწერს.

Ferrari-ს თითქმის ყველა პატენტს, რომლის შესახებაც კომპანიას განაცხადი აქვს წარდგენილი, ერთი გამომგონებელი - ფაბრიციო ფავარეტო - აერთიანებს. ფავარეტო Ferrari-ში უკვე 24 წელია მუშაობს და ამჟამად, ავტომწარმოებლის „სატრანსპორტო საშუალებებისა და ძრავის არქიტექტურის ინოვაციების მენეჯერია“.

დოკუმენტების თანახმად, Ferrari-ის ჰიბრიდული სპორტული მანქანა ძირითადი კონფიგურაციებით Corvette E-Ray-ის მსგავსია. ძრავა უკანა მხარეს, ელექტროძრავა კი წინ არის განთავსებული. გარდა ამის, ახალ სპორტულ მანქანაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია ძრავის და ტრანსმისიის მანქანის უკანა მხარეს გადატანაზეც.  

მანქანის ექვსცილინდრიანი შიგაწვის ძრავა წყალბადზე იმუშავებს. მწკრივად განლაგებული კონფიგურაცია ორივე მხარეს წყალბადის ავზებისთვის საჭირო ადგილს უზრუნველყოფს. ძრავა თავდაყირაა დამონტაჟებული. ეს ნიშნავს, რომ მუხლა ლილვი ძრავის უმაღლეს ზედა ნაწილში, ხოლო ცილინდრთა ბლოკის სახურავი პირდაპირ გზის ზედაპირთანაა მოთავსებული.

ამ ტიპის განლაგებით, გადაცემათა კოლოფის განთავსება ახლა ძრავაზე უფრო მაღლაა შესაძლებელი, ხოლო აგრესიული აეროდინამიკური დიფუზორი მანქანის უკანა მხარეს დამონტაჟდება. მეორე მსოფლიო საბრძოლო თვითმფრინავთა ნაწილს სწორედ მსგავსი, „თავდაყირა“ ძრავები ჰქონდა.

იმავე ტიპის დიფუზურის განთავსება უჩვეულო განლაგების გარეშეც შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში, მანქანა ბევრად გრძელი გამოვიდოდა. დოკუმენტის მიხედვით კი, მოკლე თვლების ბაზა Ferrari-ის მანქანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც სურათზეც ჩანს:

ზეთის და გაგრილების ტუმბო ძრავის ღერძიდან იმართება. ძრავა ამოტრიალებულია და ღერძი ზემოდანაა მოთავსებული, რაც მექანიკოსებს სერვისის საქმეს უმარტივებს. დიფუზორის ნაწილი ძრავის საფარიცაა და ძრავის სხვა კომპონენტებზე წვდომისთვის მისი მოხსნაც შესაძლებელია.

Ferrari-ის სისტემა ერთ წინადადებაში: წყალბადზე მომუშავე ექვსცილინდრიანი ტურბო დაბერვის ძრავით, სრულად ამძრავი ჰიბრიდი სპორტული მანქანა. თუმცა, ეს მოცემულობაც შეიძლება შეიცვალოს. გააჩნია, Ferrari-ის „შეშლილ მეცნიერებს“ კიდევ რა მოაფიქრდებათ.

 

გაზიარება: