Aa Aa
11 მაისი 2020  |  13:08

Mercedes CLS 260: ექსკლუზიურად ჩინური ავტომობილი 1,5-ლიტრიანი ძრავით

მაღალი გადასახადების თავიდან ასარიდებლად რას აღარ მოიფიქრებენ.

საბაზო კომპლექტაციის Mercedes CLS-ის ფასი აშშ-ში $69.950-დან იწყება და საწყისი ვერსია CLS 450 გახლავთ. მწკრივული განლაგების 3-ლიტრიანი ტურბო დაბერვის მქონე ძრავა 362 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც ძვირადღირებული ავტომობილის ასამოძრავებლად საკმარისია და საკმაოდ დინამიური. გერმანიაში ყველაზე იაფიანი ვერსიის CLS 220d-ის შეძენას €57,792-დან შეძლებთ. 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძალოვანი აგრეგატი სულ რაღაც 191 ცხენის ძალას აწარმოებს.

გვეგონა, რომ ამაზე უფრო დაბალი წარმადობის ძრავის მქონე CLS არ არსებობს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჩინეთში Audi A7 Sportback-ის კონკურენტის CLS 260 საბაზო მოდელი არსებობს. ჩინეთში CLS-ის ყველაზე იაფიანი და სუსტი ვერსია 576 800 იუანი (დაახლოებით $81 500) ღირს და 1,5-ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე ძალოვანი აგრეგატით არის აღჭურვილი, რომლის ძალა 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით უკანა თვლებს გადაეცემა. ძრავა 184 ცხენის ძალას და 280 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს აწარმოებს. მაბრუნი მომენტის ასეთი მაჩვენებელი ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატით არის განპირობებული, რომელიც ძრავას ქვედა დიაპაზონში მუშაობისას ეხმარება.

მიუხედავად ძრავის პატარა მოცულობისა, CLS 260-ის 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 8,7 წამს საჭიროებს. ჩინეთის ბაზარზე არსებული „მერსედესის“ სხვა სედანი E260-ს მსგავსი მაჩვენებლები აქვს, მაგრამ ოთხივეწამყვანი 4Matic ვერსია 0-100-მდე გარბენს 0,3 წამით მეტ დროში შეასრულებს. ცნობისათვის, ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი E-Class-ის ვერსია ადგილობრივად იწყობა და მხოლოდ გრძელლი თვლების ბაზის ფორმით გამოდის.

მაგრამ რატომ ყიდის „მერსედესი“ ძვირადღირებულ სედანს ასეთი პატარა ძრავით? ამის მთავარი მიზეზი მაღალი გადასახადების არიდებაა, რომელიც 1,5 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების მფლობელებს ეკისრებათ. მეორე მიზეზი მისი ფასია. 1,5-ლიტრიანი CLS დაახლოებით $10 000-ით ნაკლები ღირს, ვიდრე CLS 300 მოდელი. ეს საშუალებას იძლევა უფრო მეტ მომხმარებელს E-Class-ზე მეტად მოდური და ლამაზი „ნათესავი“ იყოლიონ.

დაბალი მოცულობის ძრავების მქონე მოდელების წარმოება არ შეწყდება, რადგან მთელ მსოფლიოში რეგულაციები მკაცრდება. ამის ყველა თვალსაჩინო მაგალითი შემდეგი თაობის AMG C63 გახლავთ, რომელსაც 4-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ V8-ს ნაცვლად, ელექტრონიზებული 2-ლიტრიანი ძრავა ექნება. თუმცა ეს დამტკიცებული არაა და ჯერ მხოლოდ ჭორის სახით არსებობს, მაგრამ ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, ავტომწარმოებლებისგან ცილინდრების რაოდენობის და ძრავის მოცულობის შემცირებაა მოსალოდნელი.

ავტომწარმოებლები ორი უკიდურესი არჩევნის წინაშე დგება: ან მოდელის წარმოების შეწყვეტა, ან მათი ელექტრონიზირება და ჰიბრიდული ტექნოლოგიების გამოყენება. ბევრი ავტოენთუზიასტისთვის ეს ცუდი ამბავია, მაგრამ იცოდეთ, რომ ცხენის ძალების ნაკლებობას არასდროს განიცდით, რადგან ელექტრონული კომპონენტები მუდმივად ვითარდება და ელექტროძრავები მეტად ეფექტური და მძლავრი ხდება.

გაზიარება: