Isuzu Vehicross - ავტომობილი, რომელმაც დროს გაასწრო
ხშირ შემთხვევაში მოდელის კონცეპტუალური ვერსია სერიული წარმოების მსგავსია, თუმცა იგი შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი უფროა, ვიდრე ექსპლუტაციაზე მორგებული. ნებისმიერი პროტოტიპი იმ ავტომობილის ხედვაა, რომელიც მომავალში ყოველდღიურობას მოერგება. Isuzu Vehicross-ი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ამ წესებს არ ემორჩილება და მისი პროტოტიპი სერიული წარმოების ვერსიის იდენტურია.

1993 წელს ტოკიოს აუტოშოუზე წარმოდეგნილი Isuzu-ს პროტოტიპი იმდენად ფუტურისტული იყო, რომ დანახვისთანავე აშკარა გახდა, რომ იგი მომავლის სამყაროდან იყო მოვლენილი. 4 წლის შემდეგ კომპანიამ ყურადღების მიპყრობა სწორედ ამ მოდელით გადაწყვიტა. ყურადღების მიპყრობა შემთხვევით არ გვიხსენებია, დიახ ამ ავტომობილის ძირითადი დანიშნულებაც ეს იყო. მისი გველისთვალება წინა მაშუქები და უკანა მხარეს დახურულ სათავსოში მოქცეული სათადარიგო საბურავი ყველაზე მეტად მოგხვდებოდათ თვალში. მიუხედავად ავტომობილის ვიწრო გაბარიტებისა, ინტერიერში ადგილის ნაკლებობა მაინც არ იგრძნობოდა. მისთვის სპორტული და უხეში ფორმები იყო დამახასიათებელი, პლასტმასის შავი დეკორატიული ხუფები სწორედ ამაზე მეტყველებდა, რომელიც ავტომობილის მთელს სიგრძეზე იყო გადაჭიმული.
აღნიშნული მოდელი Isuzu-ს ცნობილი ყველგანმავლის, Trooper-ის ბაზაზე იყო აწყობილი, ისევე, როგორც Opel Monterey. მისი ძრავა 3.5 ლიტრი მოცულობის იყო, რომელიც 218 ცხენისძალასა და 312 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ავტომობილი 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი. Vehicross-ს აგრეთვე TOD-ის სისტემა გააჩნდა, რომელიც BorgWarner-ის მიერ იყო წარმოებული და საბურავებზე მაბრუნი მომენტის ზუსტ გადანაწილებას უზრუნველჰყოფდა. ეს უცნაური ავტომობილი საკმაოდ მაღალი კლირენსით გამოირჩეოდა და უგზოობაზე დიდი შესაძლებლობებითაც სარგებლობდა.

როგორ მიიღო ეს მანქანა ავტოსამყარომ?! იგი 1997 წლიდან 2001-მდე გამოდიოდა, არც მანამდე და არც მომავალში მისი დასაწყისი და გაგრძელება აღარ გვინახავს სამწუხაროდ, თუმცა ერთი რამ ცხადია - ამ ავტომობილმა მოახერხა და მოცემულ პერიოდში დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ 29 წელი გავიდა, დღევანდელობაშიც კი მიმზიდველად გამოიყურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დროს გაასწრო.