ჯიბის რაკეტა Mazda-სგან, რომელიც რალისთვის შექმნეს
ავტოსპორტის მოყვარულებს უამრავი სპორტული მოდელი ეგულებათ, რომელთა არსებობითაც ძალიან ხარობენ. ამ დამოკიდებულების პიკი ალბათ 80-იან და 90-იან წლებში იყო. Nissan-ს ლეგენდარული Skyline GTR-ი ჰყავდა, რალისთვის Nissan Sunny GTR-ი, Mitsubishi-ს კი EVO ვერსია, Subaru-ს Impreza STI და კიდევ სხვა მრავალი მოდელი არსებობდა, რომელიც დღემდე ლეგენდარული ავტომობილის სტატუს ინარჩუნებენ.

აღნიშნულ პერიოდში Mazda ყველაზე ნაკლებად იყო ცნობილი, მას ერთი მოდელი ჰყავდა, რომელიც Skyline-ს და Supra-ს ღირსეულ კონკურენციას უწევდა, ეს RX-7 იყო. თუმცა რალისთვის განკუთვნილი მოდელი, გარდა Mazda 323 GT-R-ისა სხვა არ გააჩნდა. ამ ავტომობილს კი თამამად შეგვიძლია 90-იანი წლების Toyota Yaris GR-ი ვუწოდოთ.
პატარა ბომბი, ჯიბის რაკეტა, რას აღარ უწოდებდნენ ამ მოდელს. რეალურად კი ის რალის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპების მოსაგებად იყო შექმნილი. იმისათვის, რომ რომელიმე ავტომწარმოებელს რალიში მონაწილეობის უფლება მოეპოვებინა, მას სარბოლე ვერსიის სამოქალაქო მოდელების გარკვეული რაოდენობაც უნდა შეექმნა. ჩვენი დღევანდელი გმირიც სწორედ ამ კანონის მიერ შეიქმნა.

Mazda-მ გადაწყვიტა, რომ აქცენტი დაბალ წონაზე და ავტომობილის სისხარტეზე გაეკეთებინა, თუმცა არც სიმძლავრის ნაკლებობას უჩიოდა. 1.8-ლიტრიანი (1840cc) ტურბოდაბერვის მქონე 4-ცილინდრიანი ძრავა 210 ცხენიძალასა და 250 ნიუტონს გამოიმუშავებდა. 1200-კილოგრამიანი ავტომობილისთვის საკმარისი იყო იმისათვის, რომ აქსელერატორის საფეხურზე უეცარი შეხებისას კისრის ტკივი გეგრძნოთ. ავტომობილი 4x4-ზე იყო და ხიდთაშორისი LSD ბლოკირებით იყო აღჭურვილი, რომელიც მაბრუნი მომენტს 47/53 პროპორციით ანაწილებდა. ავტომობილს შეუიარაღებელი თვალითაც კი შეატყობდით თავის დანიშნულებას - აგრესიული ბამპერები, სპოილერები და გაგრილებისთვის განკუთვნილი ღიობები მის სარბოლე ხასიათზე მეტყველებდა.
GT-R-ის სახელწოდებიდან გამომდინარე ალბათ იფიქრებთ, რომ ის ყველაზე უკომპრომისო მოდელი იყო, სინამდვილეში კიდევ ერთი ვერსია ჰყავდა, რომელიც რბოლებისთვის კიდევ უფრო დახვეწილი იყო და მას GT-ae ერქვა. აღნიშნულ მოდელს არ გააჩნდა ისეთი ელემენტარული ოფციები, როგორიც იყო კონდიციონერი, ელექტრო შუშები, ცენტრალური საკეტი და აუდიო სისტემა. ამ ყველაფრის გამოკლებით ჯამში 30 კილოგრამი დაიზოგა. GT-ae მოდელის კოლოფს გადაცემათა რიცხები კიდევ უფრო დამოკლებული ჰქონდა, რადგან მეტი აჩქარება შესძლებოდა. აგრეთვე მისი საჭის მექანიზმის ბრუნვებიც შემცირებული იყო.
Mazda-ამ GT-R მოდელი სულ რაღაც 2500 ერთეული გამოუშვა, აქედან GT-ae მხოლოდ 300 ერთეული იყო და თანამედროვე ცხოვრებაში მათი მოძიება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს