მსოფლიოში ყველაზე დიდი ყველგანმავალი
ამერიკული ავტომობილები ყოველთვის დიდი გაბარიტებით გამოირჩეოდნენ და ამ კონტინენტზე მცირე ზომის ავტომობილებს იშვიათად შეხვდებოდით. Ford-ი ყოველთვის უდიდესი ავტომწარმოებელი იყო, რომელსაც სამოდელო სიაში უამრავი დიდი გაბარიტების მქონე მოდელი ჰყავდა, განსაკუთრებით კი SUV-ები. 1999 წელს კომპანიამ უდიდესი SUV-ის შექმნა გადაწყვიტა და მას Excursion-ი დაარქვა.
![Ford Excursion: Buyer's Guide [UPDATED 2026]](https://tcv-images.s3.eu-west-2.amazonaws.com/cars/PsP8KXLzSNTK9YbgTMh-YIFo53MY4J2sh76h1QUAn5DwKxJFiLypL1kUOSbVlcz6JOaplaYNZrHxCGR5CWMzRQ.jpeg)
ეს გიგანტური ავტომობილი 6 მეტრი სიგრძის იყო და მასში ცხრა ადამიანი ეტეოდა. მათგან ოთხს საბარგულში განთავსებულ სავარძლებზე შეეძლოთ განთავსება, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ იყო განლაგებული. ყველა ნორმალური ავტომობილის მასა კილოგრამებში ითვლებოდა, ამ ავტომობილის კი ტონებში. მისი წონა სპეციფიკაციაზე იყო დამოკიდებული და 3.5 - 4 ტონის ფარგლებში მერყეობდა. Ford Excursion-ს 5 ტონამდე ტვირთის ტარებაც კი შეეძლო.
იმისათვის, რომ ამ გიგანტურ ავტომობილს თავის წონასთან და დაშვებულ ტვირთთან გამკლავება შესძლებოდა შესაბამისი აგრეგატებიც სჭირდებოდა. აღნიშნულ ავტომობილში დიზელზე და ბენზინზე მომუშავე ძრავები იყო წარმოდგენილი. ყველაზე ძლიერი დიზელის ძრავა იყო, რომელის მოცულობაც 6 ლიტრს შეადგენდა. აღნიშნული აგრეგატი 8-ცილინდრიანი იყო და მას ტურბოდაბერვის ფუნქციაც ჰქონდა. იგი 325 ცხენის ძალას და 760 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ამ ძრავისთვის დაბრკოლებები თითქმის არ არსებობდა. ბენზინის ძრავას რაც შეეხება, ყველაზე მძლავრი 10-ცილინდრიანი 6.8 ლიტრი მოცულობის იყო. მისი მაქსიმალური ცხენის ძალის ნიშნული 310-ს უტოლდებოდა, ხოლო მაბრუნი მომენტი კი 576-ს შეადგენდა. ამ წონის და ძრავის ავტომობილს საწვავის მოხმარებაც შესაბამისი ჰქონდა. ქარხანა მწარმოებლის მიერ დადგენილი ნორმა 100 კმ-ზე 20 ლიტრს შეადგენდა, თუმცა არაერთი მომხმარებელი იუწყებოდა, რომ რეალურად 25 ლიტრ ბენზინზე მეტი ხარჯის კი ჰქონდა. ავტომობილს 170-ლიტრიანი საწვავის ავზი ჰქონდა და ეს ფაქტი მგონი ყველაფერზე გარკვევით მეტყველებდა.
ავტომობილის ინტერიერიც და ექსტერიერიც კლასიკურ ამერიკულ სტანდარტებს აკმაყოფილებდა. მისი გარე სარკეები სატვირთო ავტომობილისას უფრო ჰგავდა, ვიდრე SUV-ისას. Ford Excursion-ი 4x4-ზე და მხოლოდ უკანა წამყვანი ვერსიები გამოდიოდა. ამ ავტომობილმა 1999 წელს ყველაზე დიდი SUV-ის სტატუსი მოიპოვა და ისეთ გიგანტურ კონკურენტსაც კი აჯობა, როგორიც Chevrolet Suburban-ი იყო. Ford Excursion-ი სუფთა სისხლის ამერიკული გიგანტური მანქანა იყო, რომლის უკანა ხედვის სარკეში დანახვისას შიშით მოძრაობის ზოლიდან მარჯვნივ გადაუხვევდით.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს