Aa Aa
21 ივლისი 2020  |  17:36

ეგზოტიკური სუპერქარი Ferrari-სგან: 2020 წლის Ferrari F8 Tributo

მოქნილი და ამაღელვებელი - ეს სიტყვები 2020 წლის Ferrari F8 Tributo-ს ზუსტად ახასიათებს. ეს არის სუპერქარი, რომლის შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლები კიდევ უფრო შთამბეჭდავ ექსტერიერშია შეფუთული. დახვეწილი პანელებით და ულამაზესი პროფილით, ეს ავტომობილი 2020 წლის ყველა სხვა „ფერარისგან“ გამოირჩევა. ის 488GTB-ს ანაცვლებს. F8 Tributo-ს V8 ძრავა 710 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ავტომობილი, რა თქმა უნდა, ძვირი ღირს, თუმცა, მისი შესახედაობა და ტექნიკური მაჩვენებლები ფასს ამართლებს.

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

ყველაფერი! F8 Tributo-ს დებიუტი 2020 წლის მოდელის სახით შედგა.  

 ფასი

  • Coupe: $279,450

2020 წლის Ferrari F8 Tributo ერთადერთი ვერსიით გამოდის და ამიტომ, ის ისე უნდა იყოს აღჭურვილი, რომ მყიდველების გული მოიგოს. ვერცხლისფერი აქცენტებით დისკები 20-იანია. ცხაურა შავი ფერისაა. უკანა ფრთა ავტომობილს სპორტულ შეხედულებას აძლევს. წინ და უკან LED მაშუქებია. წვიმაზე მგრძნობიარე საქარე მინის საწმენდები, უკანა სანისლე მაშუქები, გათბობადი და დაკეცვადი სარკეები სტანდარტულია. კარის გასაღებად გასაღები არაა საჭირო. საჭე რეგულირებადია. ორ-ზონიანი კლიმატ კონტროლი სტანდარტულია. F8 Tributo-ს ინტეგრირებული ნავიგაცია და ორი LCD ეკრანი აქვს. სავარძლების საფარის ფართო არჩევანს გვთავაზობს. ასევე ტიტანიუმის მაყუჩის მილების და კარბონის მეტი დეტალის არჩევაა შესაძლებელი. სუპორტების ფერების არჩევანიც ფართოა.

ძრავა და მართვადობა

F8 Tributo-ს 3.9-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 710 ცხენის ძალასა და 770ნმ-ს გამოიმუშავებს. ყველა მოდელი უკაწამყვანია. 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. 0-100კმ/სთ-მდე 2.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 340კმ/სთ. „ფერარი“ ტექნიკური მონაცემებით სწრაფად გხიბლავს.

488 GTB-სთან შედარებით, F8 Tributo-ს 50 ცხენის ძალით მეტი აქვს. 30 კილოგრამით ნაკლებს იწონის და აეროდინამიკაც გაუმჯობესებულია. Tributo უფრო სწრაფი და მოქნილია, ვიდრე მისი წინაპარი.

მართვადობა ზუსტია, მაგრამ, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი სიჩქარეებში გადართვას ცოტათი აგვიანებს. ძრავა ძალიან სასიამოვნო ხმას გამოსცემს. მუხრუჭები კი რბილ გაჩერებას უზრუნველყოფს.

საწვავის მოხმარება

ისინი, ვინც სუპერქარებს ყიდულობენ, საწვავის ეკონომიაზე მაინცდამაინც არ ფიქრობენ.

EPA-ს შეფასებით,  ეს ავტომობილი არ არის და ვერც იქნება ეკონომიური. ქალაქში 100კმ-ზე 16 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ტრასაზე 12.4 ლიტრს, შერეულ რეჟიმში კი 14.7 ლიტრს.

ამ პრობლემის მოგვარება „ფერარიმ“ საწვავის ავზის მოცულობის გაზრდით გადაწყვიტა.

ექსტერიერი და ინტერიერი

სანამ კარს გააღებთ და ავტომობილში ჩაჯდებით, მანამდე თქვენს გულს მისი ექსტერიერი მოიგებს. ის დრო დიდი ხნის წინ გავიდა, როცა „ფერარის“ ავტომობილები მხოლოდ წითელ ან ყვითელ ფერში იყო ხელმისაწვდომი. ახლა ფერების ფართო არჩევანია. ექსტერიერი „პინინფარინას“ შექმნილი არ არის. ის „ფერარის“ შიდა ფირმამ Centro Stile-მ შექმნა. ეს უბრალოდ ტრადიციულად ლამაზი და ელეგანტური მოდელი არ არის. ეს არის აგრესიული გარეგნობის და კარგი აეროდინამიკის მქონე ავტომობილი. სახურავი და კარი 488 GTB-სგანაა. სხვა ყველაფერი ახალია. დისკები 20-იანია და მას ვერცხლისფერი აქცენტები აქვს.

F8 Tributo-ში ადგილი 2 ადამიანისთვისაა. ეს ადგილი საკმარისია იმისთვის, რომ ავტომობილში მჯდომმა ორივე ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს. სალონში „ფერარისთვის“ შესაფერისი მაღალი ხარისხის მატერიაა: ალუმინი, ტყავი და კარბონი. კონტრასტული შტრიხები და სპორტული დიზაინი ინტერიერს ამ მანქანის ტექნიკურ მონაცემებთან შესაფერისს ხდის. საჭე 812 Superfast-ის გვაგონებს, თუმცა უფრო დახვეწილი და მოსახერხებელია. მთავარი პრობლემა უკანა შუშაა. ხედვის არე შეზღუდულია.

ტვირთისთვის სივრცე ბევრ ეგზოტიკურ სუპერქარს აკლია და გამონაკლისი არც ეს კონკრეტული ავტომობილია. F8 Tributo შეიქმნა იმისთვის, რომ იყოს მსუბუქი და სწრაფი. საბარგულში მხოლოდ ჩაფხუტი და ხელთათმანები თუ ჩაეტევა.

საინფორმაციო-გასართობი სისტემა

ყველა F8 Tributo კუპეს 6-დინამიკიანი აუდიო სისტემა აქვს. Bluetooth-ი და რადიო სტანდარტულია. სალონში ორი LCD მონიტორია. ნავიგაცია ინტეგრირებულია და ხმაზე აქტიურდება. 7-ინჩიანი სენსორული ეკრანი დამატებითი არჩევანია. Apple CarPlay ხელმისაწვდომია, მაგრამ  Android Auto-ს ვერ მიიღებთ.

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები

2020 წლის Ferrari F8 Tributo National Highway Traffic Safety Administration-სა და Insurance Institute for Highway Safety-ს ჯერ არ შეუმოწმებია. სუპერქარებს უსაფრთხოების ფუნქციები ხშირად აკლია. ამ შემთხვევაშიც ასეა. უხილავი წერტილის მონიტორინგი არ აქვს. უსაფრთხოების ძირითადი სისტემებია:

  • სტანდარტული უკანა ხედვის კამერა;
  • სტანდარტული უკანა პარკირების სენსორები.

დასკვნა

2020 წლის Ferrari F8 Tributo ეგზოტიკური სუპერქარია. ფასიც მაღალი აქვს. იგი ძალიან მოქნილი და დახვეწილია. „ფერარის“ ელეგანტურობას აგრესიულობას მატებს. ამ ავტომობილის ექსტერიერი, ინტერიერი და ტექნიკური მაჩვენებლები ერთმანეთს სრულიად შეეფერება. სალონი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა სავსე და ორი ადამიანისთვის კომფორტულია. ბარგისთვის ძალიან მცირე სივრცე აქვს და ბევრ საწვავს მოიხმარს. თუმცა, ეს უარყოფითი მხარეები თითქმის ყველა სუპერქარისთვის დამახასიათებელია და მყიდველებისთვის ეს ასპექტები უმნიშვნელოა. საბოლოოდ, კი შეიძლება ითქვას, რომ Ferrari F8 Tributo 488GTB-ს ღირსეული შთამომავალია.

გაზიარება: