Aa Aa
3 აგვისტო 2020  |  17:56

ყველაფერი, რაც ამ დროისთვის 2021 წლის Ford Bronco-ზე უნდა იცოდეთ

ლეგენდარული Ford Bronco 2021 წელს ბრუნდება და თან რეტრო სტილი, ინოვაციური ტექნოლოგიები და შთამბეჭდავი ყველგანმავალი შესაძლებლობები მოაქვს. ენთუზიასტებისთვის V8 ძრავას არჩევანის არქონა კრიტიკის საგანი გახდა, თუმცა, ავტომატური გადაცემათა კოლოფის არჩევის შესაძლებლობა მისასალმებელია. ავტომობილის ინტერიერი მარტივია, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებითაა სავსე. საინფორმაციო-გასართობი სისტემის ეკრანი 12-ინჩიანია. სალონის ზედაპირი წყალგამძლეა, რაც ინტერიერს დაზიანებისგან იცავს, როცა კარები ან სახურავი ღიაა. 2- და 4-კარიანი და გადასახსნელ სახურავიანი ვერსიების არსებობა ამ ავტომობილს Jeep Wrangler-ის კონკურენტად აქცევს. მათთვის, ვისთვისაც ეს ყველაფერი ცოტათი გადაჭარბებულია, უფრო მცირე ზომის Ford Bronco Sport-ი არსებობს.

 

რა არის ახალი 2021 წლისთვის?

Ford-მა Bronco-ს 2021 წლისთვის ახალი სიცოცხლე აჩუქა. მასში 60-იანების სულია, მაგრამ ყველაფერი ახალი და თანამედროვეა. ახალი Bronco სადილეროებში 2021 წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება.

ფასი

  • Base: $29,995
  • Big Bend: $34,480
  • Black Diamond: $37,545
  • Outer Banks: $40,450
  • Badlands: $43,590
  • Wildtrak: $50,370
  • First Edition: $60,800

როგორც ხედავთ, „ფორდი“ ფართო არჩევანს გვთავაზობს. 2-კარიანი საბაზისო მოდელის ფასი $30 000-ზე დაბალია, მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ვერსიების ფასები მკვეთრად იზრდება. საუკეთესო შემოთავაზება 4-კარიანი, ძლიერი Bronco Wildtrack მოდელია. მას სტანდარტული 17-იანი დისკები და 35-იანი საბურავები აქვს.

ძრავა და მართვადობა

სამწუხაროდ, Broncos V8 ძრავა არ ექნება. სტანდარტული ძრავა ტურბოდაბერვის 2.3-ლიტრიანი 4-ცილინდრიანია, რომელიც 270 ცხენის ძალას და 420ნმ-ს გამოიმუშავებს. მეორე არჩევანი ტვინ-ტურბო 2.7-ლიტრიანი V6-ია 310 ცხენის ძალითა და 542ნმ-ით. Ford-მა დაადასტურა, რომ მოგვიანებით ჰიბრიდულ აგრეგატსაც შემოგვთავაზებს. ვერსიების უმეტესობას 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. 7-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი უფრო მცირე ზომის ვერსიაზეა ხელმისაწვდომი. Bronco-ს შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც AWD სისტემით, ასევე 4WD-თი.

სხვა აღსანიშნი დეტალებია 35-იანი საბურავები, ელექტრონულად ბლოკირებადი წინა და უკანა თვლები, დიდი განშლადობის ზამბარები, მშრალი ამორტიზატორი და ა.შ.

ამ ავტომობილის პირადად გამოცდის საშუალება ავტოჟურნალისტებს ჯერ არ მისცემიათ, ამიტომ მართვადობის ხარისხზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ, თუ 29.5სმ კლირენსს და სხვა მონაცემებს გავითვალისწინებთ, ამ ავტომობილს წარმოუდგენელი ყველგანმავალი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს.  2- და 4-კარიან მოდელებს, Wrangler-ის მსგავსად, დაახლოებით 1590 კილოგრამის ბუქსირება შეუძლია.

საწვავის მოხმარება

ზუსტი რიცხვები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 2021 წლის Bronco 2020 წლის Wrangler-ზე ეკონომიური იქნება.

ქალაქში 100კმ-ზე 11.2 ლიტრს მოიხმარს, ტრასაზე - დაახლოებით 9 ლიტრს. შერეულ რეჟიმში კი - 10.2 ლიტრს.

ექსტერიერი და ინტერიერი

2021 წლის Bronco-ს 2- და 4-კარიანი ვერსიების დიზაინი 60-იანი წლებითაა შთაგონებული. ცხაურა ფართოა. ავტომობილს აგურისებრი ფორმა აქვს. ძველის მსგავსად, ახალ სუვსაც მოხსნადი კარები და სახურავის პანელები აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ მოხსნილი პანელების უკან დაბრუნება გაცილებით ადვილია, ვიდრე წინათ. მრგვალი მაშუქები ძველ Bronco-ს მოგვაგონებს. 2-კარიანი ვერსიის თვლების ბაზა სუბკომპაქტური ჰეჩბექის ზომისაა. გვერდიდან Bronco ბრტყელია. ყველაზე შესანიშნავი 35-იანი საბურავებია. უკანა კარი ბარგისთვის ფართოდ იღება. რბილი და ხისტი სახურავი მოხსნადია და ფერი მანქანის დანარჩენ ნაწილთან კონტრასტშია.

ინტერიერი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა სავსე. მონაცემთა დაფის თავზე სმარტფონის ან GoPro კამერის მოთავსებაა შესაძლებელი. უჩარჩოო კარები აქვს. „ფორდის“ თქმით, მათი მოხსნა ძალიან ადვილია. 4-კარიან ვერსიას ტვირთისთვის იმდენი სივრცე აქვს, რომ ოთხივე კარი თავსდება. სარკეები საქარე მინის ჩარჩოზეა მიმაგრებული, ამიტომ კარების მოხსნის შემთხვევაში მათი გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია. სალონის საფარი ვინილისაა, მაგრამ ტყავის არჩევა შესაძლებელია.

სალონში 4 ან 5 ადამიანი თავისუფლად თავსდება. უკანა სავარძლების მგზავრები უსახურავოდ მგზავრობისას ხედით დატკბებიან. ავტომობილს სახურავის საყრდენი ბოძი არ აქვს. ბარგისთვის სივრცეზე კი „ფორდს“ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

საინფორმაციო-გასართობი სისტემა

Bronco-ს Ford-ის უახლესი Sync 4 პროგრამა აქვს. საინფორმაციო-გასართობი სისტემის 8- ან 12-ინჩიანია ეკრანი ინსტრუმენტთა დაფის შუაშია მოთავსებული. პროგრამის განახლება მუდმივად ხდება და მასთან სმარტფონების უკაბელოდ დაკავშირებაა შესაძლებელი. Apple CarPlay, Android Auto და Wi-Fi hotspot-ი ხელმისაწვოდმია. დამატებითი ფუნქციების არჩევა შესაძლებელია. მაგალითად, ნავიგაციისა და B&O სტერეოს.

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე სისტემები

რა თქმა უნდა, 2021 წლის Bronco National Highway Traffic Safety Administration-სა და Insurance Institute for Highway Safety-ის ჯერ არ შეუმოწმებია. თუმცა, ამ ავტომობილს მძღოლის დამხმარე ბევრი სისტემა ექნება. მათ შორის ავტომატური შორი განათების მაშუქები და პარკირების სენსორები. Bronco-ს ყველგანმავალისთვის გამოსადეგი უსაფრთხოების სისტემები აქვს:  

  • დამატებითი წინა შეჯახებაზე გაფრთხილება და ავტომატური დამუხრუჭების სისტემა;
  • დამატებითი ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილება და ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა.  
  • დამატებითი უხილავი წერტილის მონიტორინგი და უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილება.

 დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2021 წლის Ford Bronco-ს სადილეროებისთვის მიწოდება 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამ დროისთვის ავტომობილზე ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ, რაც ვიცით, მასზე მსჯელობისთვის საკმარისია. Bronco 1960-იანების სულს აცოცხლებს. ეს კი ხელს არ უშლის იმაში, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით იყოს აღჭურვილი. „ფორდი“ ვერსიების, ფერების და მატერიის მრავალფეროვნებას გვთავაზობს. თუ მას Wrangler-ს ამჯობინებთ და შეძენას გადაწყვეტთ, Wildtrak-ი ძვირიანი, მაგრამ მაინც იდეალური არჩევანია.

გაზიარება: