Aa Aa
4 აგვისტო 2020  |  19:13

ხელმისაწვდომი კომპაქტური საოჯახო SUV-ი: 2010-2015 წლის Hyundai Tucson

რამდენად კარგი მოხმარებისაა 2010-2015 წლებში გამოშვებული Hyundai Tucson-ი?

ამ წლოვანების Tucson-ი ნამდვილად კარგი და კომპაქტური SUV-ია. მისი სიამაყე რაფინირებული მანევრულობაა. ის სამართავად მცირე ზომის ავტომობილს უფრო ჰგავს, ვიდრე SUV-ს. მისი დაკიდების სისტემა გზაზე არსებული ბორცვების უმეტესობას არც კი გაგრძნობინებთ. ავტომობილის ინტერიერი მოხდენილი და ხარისხიანი მატერიებით დაგამახსოვრებთ თავს. მთავარი მარგალიტი კი მისი მოვლის ხარჯები და სანდოობის რეიტინგია. სტატიის ამ მონაკვეთამდე თქვენ, ალბათ ეს „ჰიუნდაი“ იდეალური ავტომობილი გგონიათ, თუმცა, შეცდომაში, რომ არ შეგიყვანოთ გეტყვით, რომ Tucson-ი იდეალურისგან ნამდვილად შორს გახლავთ. ავტომობილს ვიწრო უკანა რიგი აქვს, კონკურენტებთან შედარებით ნაკლებად პრაქტიკულია და სუსტი საბაზისო ძრავათია აღჭურვილი. მისი კონკურენტების სია ასე გამოიყურება: Honda CR-V-ი, Toyota RAV4, Nissan Rogue-ი, Subaru Forester-ი, Mazda CX-5 და Volkswagen Tiguan-ი. თავდაპირველად, Tucson-ი ავტომოყვარულებისგან შეფასდა, როგორც CR-V-ის კარგი პაროდია.

რა ჯდება Tucson-ის ყიდვა და მისი შენახვა?

საქართველოში 2010-2015 წლების მეორადი Tucson-ის საშუალო საბაზრო ფასი ამჟამად, კომპლექტაციისა და მდგომარეობის მიხედვით, 6500$-დან 9500$-მდე მერყეობს. რაც შეეხება მისი შენახვის ხარჯებს, ის კონკურენტების საშუალო შენახვის ხარჯზე ნაკლებს საჭიროებს. მაგალითისთვის, უცხოური წყაროს მიხედვით, Volkswagen Tiguan-ს წლიურად 3000$-ით უფრო მეტი დასჭირდა სერვისის, შეკეთებისა და საწვავისთვის ხარჯისთვის.

რა ტექნიკური მონაცემები აქვს Tucson-ს და როგორი სამართავია ის?

აღნიშნული მოდელი ორი ძრავათი არის ხელმისაწვდომი. საბაზისო მოდელი 4 ცილინდრიანი 2,0 ლიტრიანი ძრავათია აღჭურვილი, რომელიც 164 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. არჩევანის საშუალებას 2,4 ლიტრიანი 182 ცხენის ძალიანი აგრეგატი იძლევა, რომლითაც „ჰიუნდაიმ“ SE მოდელი დააკომპლექტა. ორივე მოდელი 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფთან დააწყვილეს, რომელიც სიჩქარეებს საკმაოდ კომფორტულად ცვლის. „ჰიუნდაიმ“ ამერიკული ბაზრისთვის Tucson-ი GLS ვერსიაც გამოუშვა, რომელიც წინაწამყვანი და მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო ხელმისაწვდომი.

საბაზისო მოდელის ძრავა ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა გზატკეცილზე ის სუსტი მოგეჩვენებათ. განსაკუთრებით მაშინ თუ ავტომობილის სავარძლები მგზავრებით, ხოლო საბარგული ნივთებით გექნებათ შევსებული. 2,4 ლიტრიანი ძრავა უკეთესი არჩევანია, თუმცა ამ კლასში ავტომობილები უფრო ძლიერი აგრეგატებითაა აღჭურვილი.

Tucson-ი შექებას მართვის სიმარტივისთვის ნამდვილად იმსახურებს. მოხვევის მკაფიოობა და მჭიდრო რადიუსი გართობის საშუალებასაც მოგცემთ. აღსანიშნავია, რომ მისი სვლის კომფორტულობაზე განსხვავებული აზრები არსებობს. მომხმარებლის ნაწილი ამბობს, რომ უსწორმასწორო ზედაპირზე სიარულისას თავს კომფორტულად გრძნობენ. ნაწილის თქმით კი დაკიდების ხისტი სისტემა კომფორტულად გადაადგილებას საერთოდ გამორიცხავს.

რამდენად ეკონომიურია Tucson-ი?

საბაზისო ძრავის მქონე ავტომობილი ქალაქის პირობებში 100 კილომეტრზე 10,2 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო გზატკეცილზე 8,4-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ საწვავის მოხმარებაზე გავლენა წამყვანი თვლების რაოდენობასაც აქვს. 2,4 ლიტრიანი ვერსია 100 კილომეტრზე ქალაქში 11,2 ლიტრს, ხოლო გზატკეცილზე 8,4 ლიტრს მოგთხოვთ.

როგორია მისი ინტერიერი?

მისი ინტერიერი, როგორც ყველა მისი კონკურენტი, სინთეტიკურ ან ნატურალური ტყავის სავარძლებზე ხუთი ადამიანის მოთავსების საშუალებას იძლევა. ავტომობილის მძღოლს სავარძლის გათბობისა და მისი ელექტრონულად მორგების საშუალება აქვს. მის გვერდით მჯდომი მგზავრი სავარძელს მექანიკურად დაარეგულირებს და სავარძლის გათბობით სარგებლობას შეძლებს. ბაზისური კომლექტაცია მოიცავს კრუიზ კონტროლს, 6 „სფიქერიან“ ხმის სისტემას, 12 სანტიმეტრიან მულტიმედიის ეკრანს, Bluetooth-ს, USB და AUX შესაერთებელსა და სატელიტურ რადიოს. პანორამული ჭერი, 16 სანტიმეტრიანი მულტიმედიის ეკრანი, ნავიგაცია, ორ-ზონიანი კლიმატკონტროლი, უკანა ხედვის კამერა და ა.შ. დამატებითი კომპლექტაციებია.

ფიზიკური ღილაკები ხმის მარეგულირებლის, კლიმატ-კონტროლისა და მულტიმეტია სისტემის სამართავადაა დამონტაჟებული. ღილაკები დიდი ზომისაა და სწორად შერჩეულ ადგილებშია განლაგებული, რაც მძღოლს მათ მარტივ მომხმარებაში ეხმარება.

დასკვნა

თუ თქვენ ჯდომის მაღალი პოზიის მქონე კომპაქტური საოჯახო ავტომობილი გჭირდებათ, რომელიც მოვლისთვის ნაკლებ დროსა და ხარჯებს მოითხოვს, მაშინ 2010-2015 წლის Tucson-ი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ამ სიტყვების თქმის საფუძველს მისი საშუალო საბაზრო ფასიც გვაძლევს. თუმცა, Tucson-ის მყიდველს აუცილებლად მოუწევს ისეთ დეტალებზე თვალის დახუჭვა, როგორიც სუსტი სიძლიერის ძრავა, ვიწრო მეორე რიგი და მცირე ზომის საბარგულია. მისი სვლის კომფორტულობაც სადაო საკითხია, რის გამოც შეძენამდე მის „ტესტდრაივს“ აუცილებლად გირჩევთ.

გაზიარება: