LFA ღარიბებისთვის — Lexus-ის 4 V8 მოდელი, რომლისთვისაც თირკმლის გაყიდვა არ დაგჭირდებათ
დღეს ამის წარმოდგენა რთულია, თუმცა გასული ათწლეულის დასაწყისში, როდესაც Lexus LFA ბაზარზე გამოვიდა, მყიდველები მის შესაძენად რიგში ნამდვილად არ იდგნენ. ეს იმის ფონზეც კი, რომ მოდელის ტირაჟი სულ რაღაც 500 ეგზემპლარით შემოიფარგლებოდა — რიცხვი, რომელიც Ferrari-ს სტანდარტებითაც კი ექსკლუზიურია. $375 000-იანი საწყისი ფასის მქონე მოდელის არაერთმა ეგზემპლარმა სადილეროებში წლები გაატარა...
ასევე იხილეთ: TOP 8 გამძლე სედანი, რომელსაც 15 000$-ად შეიძენთ
სწრაფად გადავინაცვლოთ დღევანდელობაში: მცირე მოცულობის ტურბოძრავები, ელექტრიფიკაცია, ხმაურისა და გამონაბოლქვის მკაცრი რეგულაციები დღეს ინდუსტრიის სტანდარტი გახდა. ავტომოყვარულები მიხვდნენ, რომ LFA-ის მსგავსი მანქანა — თავისი ატმოსფერული V10-ითა და ფორმულა 1-ის ბოლიდის მსგავსი ხმით — ბაზარზე აღარასოდეს გამოჩნდება. შესაბამისად, მისი ფასებიც კოსმოსში გაფრინდა.
დღეს კარგ მდგომარეობაში მყოფი LFA-ის $1 მილიონზე ნაკლებად პოვნა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, Lexus-ის ინჟინერიისა და მისი განსხვავებული ხასიათის თაყვანისმცემლებს მაინც აქვთ შანსი — ბრენდის მძლავრი, V8 აგრეგატით აღჭურვილი მოდელების შეძენა ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.
Lexus LC 500 — 70 000$
Lexus LC 500, ალბათ, LFA-სთან ყველაზე ახლოს მდგომი ალტერნატივაა. მოდელი 2018 წელს გამოვიდა და ბაზარს 2026 წლის მოდელით ემშვიდობება. LC 500 უფრო საკრუიზო ავტომობილია, ვიდრე სუპერქარი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ნელია: ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 270 კმ/სთ-ია, ხოლო 0-დან 96 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 4.4 წამი სჭირდება. მისი 471-ცხენისძალიანი ძრავი მძღოლს განსაკუთრებით მაშინ ასაჩუქრებს, როცა აქსელერატორს ბოლომდე ჩააჭერთ.
ხმა, რომელსაც LC 500 მაღალ ბრუნებზე გამოსცემს, უბრალოდ დაუჯერებელია. მიუხედავად იმისა, რომ ის LFA-ს სიმაღლეს ვერ აღწევს, თანამედროვე ტურბინიან V8-ებს მაინც იოლად სჯობნის. LC 500 საოცრად გამოიყურება როგორც გარედან, ისე შიგნიდან — მას პროტოტიპის ვიზუალი და ბევრად ძვირადღირებული მოდელების შესაფერისი სალონი აქვს. LFA-სგან განსხვავებით, ეს მოდელი კაბრიოლეტის სახითაც გამოდიოდა. თუმცა, კაბრიოლეტის იშვიათობის გამო მეორად ბაზარზე ფასები მაღალია (85 000$). 50 000 მილზე ნაკლები გარბენის მქონე კუპეს პოვნა $70 000-ად არის შესაძლებელი.
Lexus RC F — 40 000$
LC 500-ის შემდეგ LFA-სთან მიახლოებულ შეგრძნებებს ყველაზე უკეთ, ალბათ, RC F იძლევა. ის LC-სთან შედარებით უფრო ხისტი და სპორტულია, განსაკუთრებით ექსტრემალურ RC F Track Edition ვერსიაში, რომელიც კარბონის ძარითა და კარბონ-კერამიკული მუხრუჭებით იყო აღჭურვილი. Lexus-მა ეს ავტომობილი Audi RS 5-ისა და BMW M4-ის კონკურენტად შექმნა.
მის 472-ცხენისძალიან V8 ძრავს 8-სიჩქარიანი ავტომატიკა ემიჯნება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 270 კმ/სთ-ია, ხოლო 0-96 კმ/სთ აჩქარებას მოდელი 4.2 წამს ანდომებს. RC F 2015-დან 2025 წლამდე იწარმოებოდა. ბოლო წლებში მისი საწყისი ფასი $70 000-ს უახლოვდებოდა, თუმცა დღეს 70 000 მილამდე გარბენის ეგზემპლარის პოვნა $40 000-ად არის შესაძლებელი.
Lexus IS F — 30 000$
კომპაქტური სედანი IS F-ი Lexus-ის performance-ქვებრენდის „F“-ის პირველი მოდელი იყო, რომელიც LFA-მდე გამოვიდა. მექანიკურად ის RC F-ის მსგავსია, თუმცა ოდნავ ნაკლები სიმძლავრითა და ოთხი კარის პრაქტიკულობით გამოირჩევა.
ვინაიდან ის 2008-2014 წლებში გამოდიოდა, დღეს ისეთი ეგზემპლარის პოვნა, რომელიც „ნატანჯი“ არ არის და უზარმაზარი გარბენი არ აქვს დაგროვებული, საკმაოდ რთულია. მოდელს $30 000-ად იპოვით, თუმცა 100 000 მილზე მეტი გარბენით. შედარებით ახალი და მცირეგარბენიანი ვერსიები $40 000 ან მეტი ღირს.
უფრო გონივრული სვლა შესაძლოა თანამედროვე IS 500 F Sport Performance-ის არჩევა იყოს, რომელიც ასევე ატმოსფერული V8-ითაა აღჭურვილი. ის არ არის ისეთი დაკუნთული, როგორც IS F — თუმცა იგივე V8-ის აკუსტიკასა და უკეთეს, 472 ცხენის ძალას გთავაზობთ. ვინაიდან ის ბაზარზე 2022-2025 წლებში გამოდიოდა, ფასები ჯერ კიდევ მაღალია — ავტოფარეხში მის გასაჩერებლად მინიმუმ $60 000 დაგჭირდებათ.
Lexus GS F — 45 000$
თუ დინამიკასთან ერთად მდიდრული კლასის კომფორტსაც აფასებთ, Lexus GS F-ს ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. ის ამ სიაში LFA-სგან ყველაზე შორს დგას, თუმცა ეს მის მიმზიდველობას არ ამცირებს. BMW M5-ის კონკურენტად შექმნილი ეს სწრაფი და დახვეწილი სპორტული სედანი ატმოსფერული V8-ის იშვიათი აკუსტიკით გამოირჩევა. 467-ცხენისძალიანი 5.0-ლიტრიანი ძრავით ის 270 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და 0-96 კმ/სთ-ს 4.5 წამში კრეფს.
GS F თავს ერთ-ერთი საუკეთესო ინტერიერითაც იწონებს. იაფი გაჯეტების ნაცვლად, ის კლასიკურ ფუფუნებას გთავაზობთ — ანალოგური მაჩვენებლები, უმაღლესი ხარისხის ტყავი, ნამდვილი ხისა და ალუმინის ჩანართები და რბილი მასალები თითქმის ყველა ზედაპირზე.
2016-2020 წლებში გაყიდული GS F-ის ფასი დღეს $45 000-დან იწყება (საწყისი $85 000-ის ნაცვლად), თუმცა მცირეგარბენიანი მოდელების ყიდვა $60 000-ზე იაფად გაგიჭირდებათ...
შესაბამისად, აუცილებელი არ არის, მილიონერი იყოთ, რათა Lexus-ის მართვის სიამოვნება მიიღოთ...
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს