10 მოდელი, რომელიც 400 000 კილომეტრს უპრობლემოდ გაგატარებთ
iSeeCars-ის კვლევის თანახმად, ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის საუკეთესო არჩევანი კვლავ Toyota-სა და Lexus-ის მოდელებია. ანალიტიკური ფირმის შეფასებით, 250 000 მილის, რაც დაახლოებით 402 000 კილომეტრია, დაფარვის ყველაზე დიდი ალბათობა Toyota Sequoia-ს აქვს. რეიტინგის ათეულში სულ ამ ორი იაპონური ბრენდის ცხრა მოდელი მოხვდა, ერთი ადგილი კი Honda-ს აქვს.
ახალი და მეორადი ავტომობილების მზარდი ღირებულების ფონზე, მანქანის შეძენისას მფლობელებისთვის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად მისი ხანგრძლივი დროით გამოყენება რჩება. შესაბამისად, iSeeCars-ის მონაცემებითაც, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის შეფასება, თუ რამდენად შეუძლია ავტომობილს 400 000 კმ-იანი გარბენის ნიშნულის მიღწევა.

Honda Accord Hybrid
რეიტინგის ათეულში Toyota-სა და Lexus-ის გარდა მოხვედრილი ერთადერთი სხვა ავტომწარმოებელი Hondaა, კერძოდ კი მისი მოდელი Accord Hybrid. მოდელი Honda-ს ორძრავიან ჰიბრიდულ სისტემას იყენებს, რომელიც მძღოლებს საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და, ამასთან ერთად, საკმარის სიმძლავრეს სთავაზობს.

Toyota Highlander Hybrid
Highlander Hybrid-ი საწვავის ეკონომიურ მოხმარებასთან ერთად მფლობელებს დიდი სივრცის მქონე სალონსა და საოჯახო გამოყენებისთვის საჭირო პრაქტიკულობას სთავაზობს. სწორედ ეს კომბინაცია აქცევს მას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კროსოვერად, რომელსაც მაღალი გარბენის მიღწევაც შეუძლია.

Toyota Avalon
Toyota Avalon-ი სპორტული ან ემოციური მართვის მოყვარული მძღოლებისთვის შექმნილი მოდელი არაა. ეს კომფორტზე ორიენტირებული დიდი ზომის სედანია, რომლის მთავარი უპირატესობა საიმედოობა და ხანგრძლივი ექსპლუატაციაა. კვლევის მიხედვით, Avalon-ს 400 000 კილომეტრის მიღწევის 23.2%-იანი ალბათობა აქვს.

Lexus GX
Lexus GX გამავლობის მაღალი მაჩვენებლითაც გამოირჩევა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის პოტენციალითაც. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი Overtrail-ი ვერსია, რომელიც რთული რელიეფისთვისაა განკუთვნილი. iSeeCars-ის თანახმად, GX-ს 400 000 კმ-იანი ნიშნულის მიღწევის 23.2%-იანი შანსი აქვს.

Toyota Tacoma
Toyota Tacoma-ს დიდი ხანია მაღალი გარბენის მქონე პიკაპის რეპუტაცია აქვს. მისი გამძლეობა მეორადი ავტომობილების ბაზარზეც აისახება, რადგან ეს მოდელები, დიდი გარბენის მიუხედავადაც, გადაყიდვის მაღალი ღირებულებით გამოირჩევიან.

Toyota Tundra
ბოლო წლებში ამ მოდელის ძრავების პრობლემებისა და მასშტაბური უკან გაწვევების ფონზე Tundra-ს რეიტინგში მოხვედრა განსაკუთრებით საინტერესოა. თუმცა iSeeCars-ის კვლევა 395 მილიონზე მეტი ავტომობილის მონაცემებს ეყრდნობა და მხოლოდ ახლად გამოშვებულ მოდელებს არ მოიცავს. შესაბამისად, ეს შედეგებიც მოდელის ხანგრძლივი გამოყენებით მიღებულ საიმედოობას ასახავს. მიუხედავად ამისა, Tundra-ს შეძენისას გამოშვების წლისა და ძრავის ვერსიის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რასაც ბოლო წლების გამოცდილებაც აჩვენებს.

Lexus RX Hybrid
Lexus RX Hybrid-ი კომფორტს, პრემიუმ კლასისთვის დამახასიათებელ აღჭურვილობასა და ეკონომიურ ჰიბრიდულ სისტემას აერთიანებს. მოდელს ბევრი ერთგული მომხმარებელიც ჰყავს, რომელთა ნაწილიც ერთი RX-ის ფლობის შემდეგ ისევ იმავე მოდელის ახალ ვერსიას ირჩევს. ცნობისთვის, RX Hybrid-ს 400 000 კმ-იანი გარბენის მიღწევის 28.9%-იანი ალბათობა აქვს.

Toyota 4Runner
Toyota 4Runner-ი მაღალი გარბენის მიღწევის მსურველთათვის ერთ-ერთი პოპულარული არჩევანია. მისი პრაქტიკული სალონი და „ოფ-როუდ“ შესაძლებლობები მოდელზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად განაპირობებს. 4Runner-ს 400 000 კილომეტრის მიღწევის 33.1%-იანი ალბათობა აქვს.

Lexus LS
Lexus LS რეიტინგში მეორე ადგილზეა. ეს მოდელი არა მხოლოდ გამძლეობით, არამედ მაღალი გარბენის მიღწევის შემდეგაც კომფორტისა და სალონის ხარისხის შენარჩუნებით გამოირჩევა. კვლევის მიხედვით, LS-ს 400 000 კილომეტრის მიღწევის 38.8%-იანი ალბათობა აქვს.

Toyota Sequoia
რეიტინგის ლიდერი კი Toyota Sequoia გახდა. დიდი ზომის საოჯახო SUV, რომელიც მრავალრიცხოვანი მგზავრებისა და ბარგის გადასაყვანად ერთ-ერთი პრაქტიკული არჩევანია, ხანგრძლივი ექსპლუატაციის შესაძლებლობითაც გამოირჩევა. iSeeCars-ის მონაცემებით, Sequoia-ს 400 000 კილომეტრის გარბენის მიღწევის ყველაზე მაღალი ალბათობა აქვს. ამ მაჩვენებლით ის საშუალო ავტომობილზე თითქმის რვაჯერ უფრო საიმედოა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს