რეიტინგი, გამძლეობის ტესტი, ტოიოტა, ტოიოტა ქემრი
Aa
Aa

Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო?

Toyota Camry-ს სახელი წლების განმავლობაში საიმედოობის სინონიმად იქცა. გარდა ამისა, ტრადიციულად მოდელი უსაფრთხოების უმაღლესი შეფასებებითაც გამოირჩევა. თუმცა, როგორც ნებისმიერი სხვა ავტომობილის შემთხვევაში, Camry-ს ისტორიაშიც ყოფილა გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. სრული სურათის შესაქმნელად, გამოცემა Carbuzz-მა Camry-ს თაობები ერთმანეთს შეადარა და ისინი ყველაზე ნაკლებად საიმედოდან საუკეთესოსკენ დაალაგა.

ასევე იხილეთ: Top-ი: ისტორიაში ყველაზე გამძლე ავტომობილები

კვლევაში არ შედის მეცხრე თაობის (2025-დღემდე) მონაცემები, რადგან მისი საიმედოობის ზუსტი შეფასებისთვის ჯერ საკმარისი დრო არ გასულა. ასევე, 1992 წლამდე გამოშვებული მოდელები სიიდან ამოღებულია სტატისტიკური მონაცემების სიმწირის გამო. რეიტინგი ეყრდნობა J.D. Power-ის, NHTSA-სა და Car Complaints-ის მონაცემებს.

მე-6 ადგილი — მეექვსე თაობა (2007–2011) — ყველაზე პრობლემური

  • ძრავები: 2.4L I4, 2.5L I4, 3.5L V6, 2.5L I4 Hybrid;
  • ტრანსმისია: 5AT, 5MT, 6AT, 6MT, CVT;
  • ამძრაობა: წინა
  • გავრცელებული პრობლემები: ტორპედოს დნობა, ზეთის გადაჭარბებული მოხმარება, ძრავის მოულოდნელი მწყობრიდან გამოსვლა.

მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე თაობის Camry J.D. Power-ის რეიტინგებში საკმაოდ კარგ შედეგებს (83-დან 87 ქულამდე) აჩვენებდა, ეს შეფასება მხოლოდ საწყის ხარისხს ეფუძნებოდა. NHTSA-ს დღევანდელი სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა — მხოლოდ 2007 წლის მოდელზე 11 მასობრივი გაწვევა და მფლობელთა 3616 საჩივარი ფიქსირდება.

Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 1
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 2
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 3
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 4

მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტი საჩივარი 2007 წლის მოდელზე მოდის, Car Complaints-ი ყველაზე უარესად 2008 წლის ვერსიას მიიჩნევს, რადგან პრობლემები უფრო დაბალ გარბენზე იჩენს თავს და შეკეთებაც ძვირი ჯდება. ყველაზე ხშირი ჩივილი ზეთის გადაჭარბებულ წვას უკავშირდება, რომლის აღმოფხვრაც მფლობელებს საშუალოდ $2700 უჯდებათ. გაწვევები ეხებოდა როგორც ელექტროსადენების დნობას, ისე აქსელერატორის გაჭედვასა და მუხრუჭების ხარვეზებს. თაობის ბოლოსკენ მდგომარეობა გამოსწორდა და 2011 წლის მოდელზე მხოლოდ 5 გაწვევა და 625 საჩივარი დაფიქსირდა, თუმცა 2007-2008 წლების მოდელების შეძენისგან თავის შეკავება ნამდვილად გონივრული იქნება.

მე-5 ადგილი — მესამე თაობა (1992-1996)

  • ძრავები: 2.2L I4, 3.0L V6;
  • ტრანსმისია: 4AT, 5MT;
  • ამძრაობა: წინა
  • გავრცელებული პრობლემები: ზეთის ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლა, გადაცემათა კოლოფის P-ში „გაჭედვა“.

მესამე თაობის Camry-ს შესაფასებლად J.D. Power-ის რეიტინგები არ არსებობს, თუმცა წარმოების ხუთწლიან პერიოდში NHTSA-ს გაწვევები და მფლობელთა საჩივრები სტაბილურად იზრდებოდა. როგორც წესი, დროთა განმავლობაში ავტომობილის ხარვეზები სწორდება, თუმცა ამ თაობის შემთხვევაში პირიქით მოხდა.

Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 1
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 2
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 3
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 4
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 5

მფლობელები ხშირად უჩიოდნენ ძრავის თვითნებურ აჩქარებას მაშინაც კი, როცა ფეხი მუხრუჭის სატერფულზე ედოთ. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაწვევა 1995 წელს 540 000-ზე მეტ ავტომობილს შეეხო, მიზეზი საჭის ხარვეზი იყო. Car Complaints-ის მონაცემებით, ძრავის დაზიანების ტიპური შეკეთების ხარჯი ამ მოდელებზე $2 500-ს აღწევდა.

მე-4 ადგილი — მეხუთე თაობა (2002–2006)

  • ძრავები: 2.4L I4, 3.0L V6;
  • ტრანსმისია: 4AT, 5MT;
  • ამძრაობა: წინა
  • გავრცელებული პრობლემები: მოულოდნელი, უნებლიე აჩქარება, მუხრუჭების არასრულფასოვანი მუშაობა.

მეხუთე თაობის Camry რეიტინგის შუა ნაწილშია. მასობრივი გაწვევების რაოდენობა შედარებით დაბალია (მაქსიმუმ 5 გაწვევა 2006 წელს), თუმცა NHTSA-ში დაფიქსირებული საჩივრების რიცხვი 2002 წლის მოდელისთვის 1043-ს აღწევს. გაწვევების ნაწილი საიმედოობასთან კავშირში არ ყოფილა, თუმცა 2005 წლის Camry-ს ჰქონდა სერიოზული გაწვევა მუხლა ლილვის პრობლემის გამო, რაც 400 000-ზე მეტ მანქანას შეეხო. მუხრუჭებისა და უნებლიე აჩქარების პრობლემები საყურადღებოა, მაგრამ სიხშირისა და შეკეთების ხარჯების გათვალისწინებით, ეს თაობა სიის ქვედა საფეხურებზე დაქვეითებას გადაურჩა.

Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 1
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 2
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 3
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 4
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 5

მე-3 ადგილი — მეოთხე თაობა (1997-2001)

  • ძრავები: 2.2L I4, 3.0L V6;
  • ტრანსმისია: 4AT, 5MT;
  • ამძრაობა: წინა
  • გავრცელებული პრობლემები: გადაცემების უხეში გადართვა, კარის შიდა სახელურის მწყობრიდან გამოსვლა, ძრავის შემოწმების ინდიკატორის უმიზეზო ანთება.

2001 წლის Toyota Camry, რომელიც მეოთხე თაობას ეკუთვნის, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამძლე მოდელად ითვლება. ეს პირველ რიგში ორი ლეგენდარული ძრავის — 2.2-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატისა და 3.0-ლიტრიანი V6-ის დამსახურებაა, რომლებიც გამძლეობითა და რბილი მუშაობით გამოირჩევა. მფლობელთა უმეტესობა უპრობლემოდ ფარავს 200 000 მილზე (320 000 კმ) მეტს, რაც ამ თაობას ბიუჯეტური მყიდველებისთვის იდეალურ არჩევანად აქცევს. NHTSA-ს გაწვევები ძირითადად უმნიშვნელო დეტალებს ეხებოდა. მიუხედავად იშვიათი შემთხვევებისა, როცა ძრავა მოულოდნელად ქრებოდა, მთლიანობაში ეს ხელმისაწვდომი და ძალიან საიმედო ავტომობილია.

Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 1
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 2
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 3
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 4

მე-2 ადგილი — მერვე თაობა (2018-2024)

  • ძრავები: 2.5L I4, 3.5L V6, 2.5L I4 Hybrid;
  • ტრანსმისია: 8AT, CVT;
  • ამძრაობა: წინა, სრული
  • გავრცელებული პრობლემები: გადაცემათა კოლოფის უხეში მუშაობა, სალონის ხმაური (ჭრიჭინი), მუხრუჭების წრიპინი.

მერვე თაობის წარმომადგენელი, კერძოდ 2020 წლის Camry, საიმედოობის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. გაწვევების მინიმალური რაოდენობა და სერიოზული ხარვეზებისგან თავისუფალი მძლავრი V6 ძრავა მისი მთავარი კოზირებია. მიუხედავად იმისა, რომ 2022–2024 წლების მოდელებზე გრძელვადიანი სტატისტიკა ჯერ სრულად არ დაგროვილა, 2021 წლის Camry-ს NHTSA-ს მხოლოდ ერთი გაწვევა და Car Complaints-ზე სულ სამი საჩივარი აქვს. მფლობელთა ძირითადი უკმაყოფილება მულტიმედია სისტემის მუშაობასა და სალონის დეტალების ხმაურს უკავშირდება — რაც გამაღიზიანებელია, თუმცა ავტომობილის ტექნიკურ საიმედოობაზე გავლენას არ ახდენს.

Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 1
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 2
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 3
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 4

1-ელი ადგილი — მე-7 თაობა (2012-2017)

  • ძრავები: 2.5L I4, 3.5L V6, 2.5L I4 Hybrid;
  • ტრანსმისია: 6AT, CVT;
  • ამძრაობა: წინა
  • გავრცელებული პრობლემები: უცნაური სუნი კონდიციონერიდან, არაკომფორტული თავის მისაყრდნობები, საღებავის დაბალი ხარისხი.

მეშვიდე თაობის Camry, რომელსაც Toyota 2012-დან 2017 წლამდე აწარმოებდა, უპირობოდ ყველაზე საიმედო თაობად სახელდება. წარმოების მთელ პერიოდში ამ მოდელებს წელიწადში სამზე მეტი გაწვევა არასოდეს ჰქონიათ, ხოლო მფლობელთა საჩივრები ისეთ წვრილმანებს ეხება, როგორიცაა თავის მისაყრდნობების ფორმა ან კონდიციონერის სუნი.

Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 1
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 2
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 3
Toyota Camry-ს რომელი თაობაა ყველაზე საიმედო? — ფოტო 4

განსაკუთრებით გამოირჩევა 2013 წლის მოდელი, რომელიც საწვავის ეკონომიურობითა და კომფორტული სვლით გამოირჩევა. ეს არის Camry-ს ერთადერთი თაობა, რომლის ორმა სამოდელო წელმა J.D. Power-ის რეიტინგში 90 და მეტი ქულა დააგროვა (2014 წლის მოდელმა რეკორდული 92/100 მიიღო). წარმოების ბოლო, 2017 წელს კი მხოლოდ სამი გაწვევა და სულ 148 საჩივარი დაფიქსირდა, რაც ამ კლასის ავტომობილისთვის ფენომენალური შედეგია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები