Aa Aa
23 თებერვალი 2020  |  15:49

მოდური პროვინციელი - Toyota GT86 „ფერარის“ გულით

ავტომობილების ენთუზიასტებს მანქანის ქარხნული მონაცემები არასდროს აკმაყოფილებთ. მუდამ გზებს ეძებენ, თუ როგორ შეიძლება დაკიდების სისტემა, მუხრუჭები ან ძრავა გააუმჯობესონ, რათა უკეთესი ავტომობილი შექმნან. მანქანის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტი ძრავების ჩანაცვლებაა. დღეს ვისაუბრებთ ძრავას ყველაზე რადიკალურ, განსაცვიფრებელ და გიჟურ ჩანაცვლებაზე.

Toyota GT4586

Toyota GT86 ერთ-ერთი საუკეთესო მართვის მქონე ავტომობილად ითვლება. თუმცა, უმრავლესობა მისი 2-ლიტრიანი 205 ცხენისძალიანი ბოქსერის ძრავათ ვერ კმაყოფილდება. ამ ძრავს ტურბო დაბერვას უმატებენ, Supra-ს ლეგენდარულ 2JZ ძრავს და „ჯენერალ მოტორსის“ V8 LS ძრავებსაც კი არგებენ. ეს ყველაფერი იმდენად ჩვეულებრივი და მოსაბეზრებელი ამბავი გახდა, რომ 2017 წელს ამერიკელმა პროფესიონალმა დრიფტერმა რაიან ტუერკმა Toyota GT86-ის ძარაში Ferrari 458 Italia-ს ძრავას ჩაყენება გადაწყვიტა.

რატომ GT86?

როგორც ზემოთ ვახსენეთ, Toyota GT86 ერთ-ერთ საუკეთესო მართვის მქონე ავტომობილად ითვლება. 50:50-ზე წონის თანაბარი გადანაწილება და ფანტასტიკური შასი უამრავი გამბედავი პროექტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

პრობლემები

ფერარის ძრავას ჩაყენება მარტივი პროცესი არ აღმოჩნდა და ავტომობილის წინა მხარემ სერიოზული ცვლილებები განიცადა. „ჯენერალ მოტორსის“ V8 ძრავა უფრო კომპაქტურია და არ საჭიროებს ძრავას სივრცის გადაკეტებას. Ferrari 458 Italia-ს ძრავა 90 გრადუსიანი განლაგების და თითო მხარეს ორი გამანაწილებელი ლილვის გამო უფრო განიერია, რამაც შესაბამისად მოითხოვა ძრავას სივრცის ცვლილება.

როგორც შეამჩნიეთ, მანქანის ძარას ძრავას ხუფი არ გააჩნია. ეს ძრავა დასამალი ნამდვილად არ არის, თუმცა ხუფის არქონა ესთეტიკურ სიამოვნებასთან და დიზაინთან არანაირად არ არის დაკავშირებული. სინამდვილეში ამის მიზეზი მაღალი ჰაერის შემშვები სისტემა გახლავთ. იმისათვის, რომ ჰაერის შემშვები სისტემა ძრავზე უპრობლემოდ დამონტაჟდეს, ძრავას განყოფილების ე.წ. „ეკრანი“ ამოჭრეს. ამის გამო მანქანა წინა საქარე მინის საწმენდების გარეშე დარჩა.

მოგეხსენებათ, რომ Ferrari 458 Italia შუაძრავაანი ავტომობილია. ასეთი განლაგების დროს გამონაბოლქვის სისტემა ძრავას უკანა მხარეს ყენდება, სიჩქარეების გადაცემათა კოლოფი კი წინა მხარეს თავსდება. GT86-ის შემთხვევაში, ძრავას ჩაყენება 180 გრადუსიანი დატრიალებით მოხდა, რათა გადაცემათა კოლოფი თავის ადგილას აღმოჩენილიყო, ზუსტად ისე, როგორც სტანდარტულ GT86-შია. იქიდან გამომდინარე, რომ ძრავას სივრცეში ადგილი ფაქტობრივად აღარ რჩებოდა, გამონაბოლქვის სისტემა წინ დაამონტაჟეს, რაც ჩვენი აზრით, ძალიან არასტანდარტულად და ეფექტურად გამოიყურება.

ძრავას პირველი დაქოქვის დროს ზეთის რეზერვუარი მაღალი წნევის გამო გასკდა. ამის გამო 4 საათი სამუშაო სივრცის ზეთისგან გაწმენდაში დაკარგეს. ზეთის წნევის პრობლემა ავტომობილის კომპიუტერის დარეგულირებით მეორე დღესვე აღმოიფხვრა.

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტის შესასრულებლად რაიან ტუერკს და მის გუნდს 6 თვე დასჭირდა. ერთი მხრივ, დიდი დროა, მეორე მხრივ, თუ ყველა იმ ინჟინრულ სიახლეს და პრობლემას, რომელსაც გუნდი წააწყდა, გავითვალისწინებთ, ჩათვალეთ, რომ მალე დაუმთავრებიათ.

დასკვნა

თავიდან ბოლომდე რადიკალურად არასტანდარტული პროექტი იყო, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტომობილი ფორმულა დრიფტის შეჯიბრებებისთვის იქმნებოდა, მაგრამ რაც მთავარია რაიან ტუერკის სახეზე ეს დრიფტ მონსტრი ღიმილს და ყველა დანარჩენში კი აღტაცებას იწვევს. ეს კი საავტომობილო პროექტებში ყველაზე პრიორიტეტულია.

ავტორი: გერმან ბუხალცევი

გაზიარება: