შევროლეტი, შევროლეტ კამარო, ჩევი, ჩევი კამარო, შევროლეტ კამარო ზ28
Aa
Aa

ტბის ფსკერზე 1974 წლის Chevrolet Camaro Z28 იპოვეს | როგორ აღმოჩნდა Chevy წყალში?

ალბათ ბოლომდე ვერასდროს გავიგებთ, თუ რა საიდუმლოებები იმალება ტბის ფსკერზე, თუმცა, წესით, იშვიათია, რომ ისინი ისეთი საინტერესო იყოს, როგორიც რამდენიმე დღის წინ წყალქვეშა მკვლევრების მიერ აღმოჩენილი ეს კლასიკაა. თქვენ წინაშეა 1974 წლის Chevrolet Camaro Z28, რომელიც, აშკარაა, წლებია, რაც მეინის შტატში მდებარე ერთ-ერთი ტბის სიღრმეში იმყოფება. გაურკვეველია, თუ როგორ და როდის აღმოჩნდა ეს ავტომობილი ტბის ფსკერზე, თუმცა ამ საკითხზე გამომძიებლები უკვე მუშაობენ.

ჯეისონ სმიტი Chevy-ს წყალქვეშა დრონით ტბის შესწავლის დროს წააწყდა. ამ კვლევის თავდაპირველი მიზანი კი ძველი თოვლმავლის აღმოჩენა იყო, რომელიც დაახლოებით ერთი კვირით ადრე მოგზაურობისას შენიშნა. სმიტის თქმით, Camaro Z28-ს მან დაახლოებით 17 მეტრის სიღრმეზე მიაგნო — ზუსტად ფრაის კუნძულსა და მატერიკს შორის არსებული არხის შუაგულში.

სმიტის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ავტომობილი გასაკვირად კარგადაა შემონახული, მით უმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის, სავარაუდოდ, ათწლეულების განმავლობაში წყალში „განისვენებდა“. Chevy ტბიდან სწრაფადვე ამოიყვანეს, თუმცა სამაშველო ოპერაციისას მანქანა დაზიანდა. მიუხედავად ამისა, მაინც მოხერხდა საიდენტიფიკაციო კოდის (VIN) პოვნა, რომელიც ადგილობრივ ბიუროში გადააგზავნეს და მათი დახმარებით სრულად აღადგინეს.

ამჟამად გამომძიებლები ავტომობილის მფლობელის ვინაობის დადგენაზე მუშაობენ, რომელმაც, სავარაუდოდ, უნდა იცოდეს, თუ როგორ აღმოჩნდა Camaro Z28 წყლის სიღრმეში. მანამდე კი, გამომწვევი მიზეზების დადგენას გამომძიებლები შემთხვევის ადგილიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ცდილობენ.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, Camaro ფრაის კუნძულის ბორნიდან გადაცურდა. თუმცა ეს ვარაუდი სწრაფადვე გამოირიცხა, რადგან ბორნის ოპერატორების მტკიცებით, ავტომობილის გადავარდნა ჩანაწერებში აუცილებლად იქნებოდა აღრიცხული და ზომებიც, მის ამოსაყვანად, დაუყოვნებლივი წესით მიღებული. მეორე თეორია უკვე სადაზღვევო თაღლითობაა, რომლის არაერთი მაგალითიც გვინახავს. თუ ეს თეორია სწორია, მაშინ ავტომობილი ტბაში განზრახ, კომპენსაციის მიღების მიზნით აღმოჩნდა, თუმცა წლების გასვლასთან ერთად ამის დამტკიცება უფრო რთული იქნება.

ექსპერტები კი ყველაზე მეტად მესამე თეორიას ემხრობიან. ამ უკანასკნელის თანახმად, Camaro, სავარაუდოდ, გაყინულ ტბაზე გადავიდა, ყინულის საფარმა ვერ გაუძლო, გატყდა და ავტომობილიც წყალში ჩაიძირა.

მსგავსი სიახლეები