მერსედესი, მერსედეს ბენცი, მერსედეს ბენცი ჰოთ როდი
Aa
Aa

Eurowise Mercedes-Benz Hot Rod : ამერიკული კულტურის ზეგავლენა

ვერავინ არასდროს ახსნის, თუ რატომ და როგორ უყვართ ავტომობილები. ეს ერთგვარი ნიჭია, რომელიც დაბადებიდანვე ან გაქვს, ან — არა.

Hot Rod-ები ამერიკული ავტოკულტურის განუყოფელი ნაწილია. მათზე მეტად „ამერიკული“ ავტომობილები, ალბათ, არც არსებობს. სანამ „მასკლ ქარებისა“ (Muscle Cars) და „პონი ქარების“ კატეგორია გამოჩნდებოდა, Hot Rod-ები აშშ-ის ქუჩებში უკვე დაფრინავდნენ და ადგილობრივ პოლიციელებს ნერვებს უშლიდნენ. წლების განმავლობაში Hot Rod-ების შინაარსი შეიცვალა და ახლა ის სუფთად ესთეტიკური სიამოვნებისა და თვითგამოხატვის საშუალებად იქცა, თუმცა თავდაპირველი მოდელებიდან რამდენიმე განსხვავებული სტილი წარმოიქმნა.

ფაქტობრივად, Hot Rod-ის ტიპი და სტილი არასდროს იზღუდებოდა, რადგან ეს საკუთარი ხედვის გამოხატვის საშუალება იყო. თუ ვინმე გეტყოდათ, რომ ეს „ნამდვილი“ Hot Rod არ არის, თავისუფლად შეგეძლოთ ახალი მიმართულება შეგექმნათ, რომელსაც სხვა ავტოენთუზიასტებიც აჰყვებოდნენ, შემდგომ კი თქვენს ქმნილებას ცალკე ჩამოყალიბებულ სტილად წარმოაჩენდით.

დღეს ჩვენ ერთი საინტერესო პროექტის შესახებ გვინდა გიამბოთ: Eurowise Mercedes-Benz Hot Rod. ეს ავტომობილი კლასიკური გაგებით Hot Rod-ი ნამდვილად არ არის, თუმცა მისი შთაგონების წყარო ზუსტად ეს მიმართულება გახდა.

ამ პროექტის ისტორია 2017 წელს დაიწყო, როდესაც მაიკ ენჯიმ Eurowise-ის ავტოსახელოსნოს დამფუძნებელს, მაიკ ენჯიოს, მორიგი საპროექტო ავტომობილის იდეით მიმართა. Eurowise-ს ენჯისთვის არაერთი ავტომობილი გადაუკეთებია, მათ შორის: Ferrari, Lamborghini, G-კლასის კაბრიოლეტი და Rolls-Royce, თუმცა ეს იდეა მაინც უნიკალური აღმოჩნდა.

ენჯის ვინტაჟური ავტომობილის რესტავრაცია-მოდიფიკაცია სურდა, ენჯიოს კი გენიალური აზრი მოუვიდა: Mercedes-Benz W108-ის აწყობა „ჰოტ-როდის“ სტილში. Eurowise-ის მფლობელს, მაიკ ენჯიოს, W108-ის შასი ძალიან უყვარდა, რის გამოც ეს იდეა, ფაქტობრივად, მყისიერად დაიბადა.

ენჯის ძალიან მოეწონა გერმანული სედანის ამერიკულ სტილში გარდაქმნის ჩანახატი: დადაბლებული (გადაჭრილი) სახურავითა და „ლინკოლნის“ მსგავსი, უკუღმა გამაღები „suicide“ (თვითმკვლელი) ტიპის კარებით.

სამკვირიანი ძებნის შემდეგ, მათ eBay-ზე იპოვეს შესაფერისი ეგზემპლარი, რომელიც, საბედნიეროდ, საკმაოდ ახლოს — პენსილვანიაში იმყოფებოდა. ავტომობილი დაუფიქრებლად, ადგილზე დათვალიერებისა და ვაჭრობის გარეშე შეიძინეს. „მერსედესის“ გამყიდველი ხანში შესული მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც მანქანის ერთადერთი მფლობელი იყო და მას შეძენის დღიდან თავად მართავდა.

ავტომობილი შესანიშნავ მდგომარეობაში იყო, ბევრი დეტალი კი — კვლავ ქარხნული. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო სამუზეუმო ექსპონატის დონის მანქანა, რის გამოც ენჯიმ თავი იმდენად უხერხულად იგრძნო, რომ გამყიდველისთვის აღარ უთქვამს, თუ რისთვის ყიდულობდნენ მას. მფლობელს რომ გაეგო, მისი საყვარელი ტრანსპორტის „ჰოტ-როდად“ გადაკეთებას აპირებდნენ, ალბათ, გულის შეტევა დაემართებოდა.

როგორც ყველა საპროექტო ავტომობილს შეეფერება, პირველი ნაბიჯი ძრავის ჩანაცვლება იყო. თავდაპირველად ახალ ძალოვან აგრეგატად ატმოსფერულ 5,7-ლიტრიან LS1 V8 ძრავას მოიაზრებდნენ, თუმცა ძრავის განყოფილების მოცულობიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ 5.3-ლიტრიანი LS ძრავა, BorgWarner-ის 66-მილიმეტრიანი ტურბოკომპრესორით, უფრო რაციონალური არჩევანი იქნებოდა.

ასევე ჩაანაცვლეს ტრანსმისიაც და „მერსედესში“ T-56 6-სიჩქარიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი დააყენეს. ავტომობილის ინტერიერი რამდენიმე ეპოქის კომბინაციას წარმოადგენს: „ჰოტ-როდის“ უხეში სტილი, თანამედროვე აღჭურვილობა და იმ პერიოდის „მერსედესისთვის“ დამახასიათებელი ვინტაჟური დიზაინი ერთმანეთთან შესანიშნავად არის შერწყმული. 

ძველებურ სტილზე ამოტვიფრული ექვსკუთხედები, წითელი ნაკერები და სავარძლები თავის მისადებების გარეშე მეტყველებს, ხოლო კარბონისგან დამზადებული მაჩვენებელთა დაფა და პანელები თანამედროვე სტილს უსვამს ხაზს.

საჭე Mercedes-AMG C63-ისგან არის გადმოტანილი; ამავე მოდელის საჭის სვეტის W108-ზე მორგება საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესი აღმოჩნდა. ავტომობილს ასევე დაემატა მინების ელექტროამძრავი მექანიზმი, ცენტრალური საკეტი და Bluetooth-მხარდაჭერის მქონე აუდიოსისტემა.

იმისათვის, რომ „მერსედესი“ ძველი სკოლის, ე.წ. Lowrider-ების სტილში ყოფილიყო, მათ პნევმატური დაკიდების სისტემა აირჩიეს, რომლის მართვაც შვიდღილაკიანი ბლოკით ხდება. Air Lift Performance 3P სისტემამ ავტომობილის რბილი სვლა უზრუნველყო და დაკიდების რეგულირების მეტი შესაძლებლობა გააჩინა. ეს სისტემა საბარგულის სივრცეს თითქმის მთლიანად იკავებს, თუმცა, მიუხედავად კონსტრუქციის სირთულისა, იგი ვიზუალურად ძალიან ეფექტურად გამოიყურება. 

ავტომობილი „მერსედესისათვის“ დამახასიათებლად კომფორტული, რბილი და სასიამოვნო სამართავი აღმოჩნდა. პირველი სატესტო გარბენი განივი მდგრადობის სტაბილიზატორის (ე.წ. „მშრალი ამორტიზატორის“) გარეშე ჩაატარეს და მიხვდნენ, რომ ავტომობილს მოსახვევების დაძლევა უჭირდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ LS ძრავა ქარხნულ ძალოვან აგრეგატს წონით თითქმის ორჯერ აღემატებოდა და დაკიდების სისტემა მომატებულ დატვირთვას ვეღარ უმკლავდებოდა.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მათ NASCAR-ის ტიპის წინა განივი მდგრადობის სტაბილიზატორი შეიმუშავეს, რომელიც შემდგომ სამი სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მყარი ფოლადის ღერძისგან დაამზადეს. პროექტის დასასრულებლად თითქმის ორი წელი დასჭირდათ, თუმცა მასზე დახარჯული დროის არცერთ წამს არ ნანობენ.

„როდესაც ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების სახეებზე ღიმილს ვამჩნევ და ონლაინსივრცეში აღფრთოვანებული ავტომოყვარულების კომენტარებს ვკითხულობ, პროექტზე დახარჯული დროის, ნერვების და ენერგიის მიზანმიმართულობაში უფრო მეტად ვრწმუნდები. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საარსებო ენერგიას მმატებს“, – თქვა Eurowise-ის მფლობელმა, მაიკ ენჯიომ, Mercedes-Benz Hot Rod-ის პროექტის შესახებ. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები