Aa Aa
5 მარტი 2021  |  13:27

5 მიზეზი, რის გამოც ლუის ჰამილტონს აკრიტიკებენ

ლუის ჰამილტონმა 2020 წლის სეზონში ფორმულა 1-ს მსოფლიო ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო და მიხაელ შუმახერის ტიტულებს გაუთანაბრდა. როგორც ყველა ჩემპიონს და უბრალოდ წარმატებულ ადამიანს, ე.წ. „ჰეითერები“ მასაც ჰყავს.

აქ თქვენ ნახავთ 5 მიზეზს, რის გამოც ბრიტანელი პილოტი არ უყვართ ან ხშირად აკრიტიკებენ. რა თქმა უნდა, ლუის ჰამილტონის გულშემატკივრები ამ აზრებს არ დაეთანხმებიან და ეს გასაკვირი არცაა.

5. ჰამილტონი პერსონაჟი არაა

ფორმულა 1 ტელევიზიით გადაიცემა და მას მილიონობით მაყურებელი ჰყავს. ტელევიზია კი შოუს გარეშე არ არსებობს. მრბოლელები არ ერიდებიან იმაზე საუბარს, რომ სპორტის გარდა, შოუზეც ფიქრობენ. ყოფილი პილოტი, ნიკო როზბერგი რბოლის შემდეგ კონფერენციებზე აღნიშნავდა, რომ რბოლის გარდა, სანახაობაზეც ყოველთვის ფიქრობდა და ეს თანამედროვე სამყაროში ჩვეულებრივი ამბავია.

და თუ ფორმულა 1 შოუა, მაშინ ლუის ჰამილტონის პერსონაჟს, ტრეკის გარეთ, რაღაც აკლია... ის, რაც მისი მოძულეების რიცხვს შეამცირებდა. მაგალითად, სებასტიან ფეტელი, გარდა იმისა, რომ 4-გზის მსოფლიო ჩემპიონია, მუდამ ხუმრობის ხასიათზეა და მისი სხვა პილოტების მიმართ პატივისცემაც ყოველთვის კარგად ჩანს. დენიელ რიკიარდო, ნიჭიერი პილოტის გარდა, ნამდვილი მასხარაა, რომ აღარაფერი ვთქვათ, მისი ფეხსაცმლიდან შამპანურის დალევის ტრადიციაზე. მაქს ფერშტაპენი პირდაპირი, აგრესიული და სულსწრაფია, რის გამოც მას ფორმულა 1-ს ქართველმა გულშემატკივრებმა ზედმეტსახელად „გნიდა ბავშვიც“ კი შეარქვეს. კიმი რაიოკონენი კი ყველას და ყველაფრის მიმართ თავისი გულგრილობით ბევრს ახალისებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პილოტს აქვს ის გამოკვეთილი ცუდი თუ კარგი პიროვნული თვისებები, რაც სხვა პილოტებისგან გამოარჩევს.

რა თქმა უნდა, ლუის ჰამილტონის დიდი გამარჯვებები მის პიროვნულ თვისებებზე მეტყველებს. თუმცა, ტრასის გარეთ, მისი კრიტიკოსების აზრით, ბრიტანელის პერსონაჟს მარილი აკლია.

2. ნიკო როზბერგთან დაპირისპირება

ბრიტანელი პილოტი ცნობილია იმით, რომ მისი გუნდელობა მარტივი საქმე არაა. ნებისმიერი პილოტი მის გვერდით უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის. ერთადერთი პილოტი, ვისთან თანამშრომლობაც სიტუაციის განსაკუთრებული გამძაფრების გარეშე დასრულდა, ჯენსონ ბატონი იყო.

ნიკო როზბერგთან დაპირისპირების გამო ბრიტანელი პილოტი ხშირად გამხდარა კრიტიკის მსხვერპლი. ნიკო როზბერგი ფორმულა 1-დან 2016 წელს წავიდა. როგორც იტყვიან, წასულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ლუის ჰამილტონის კრიტიკა კი დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.

ნიკო როზბერგი და ლუის ჰამილტონი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. როცა „მერსედესში“ გუნდელები გახდნენ, ჰამილტონი უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო. ბრიტანელი პილოტი როზბერგის დასამარცხებლად არ ერიდებოდა გუნდის ბრძანებებზე უარის თქმას, იყენებდა ძრავის აკრძალულ რეჟიმებს, გადადიოდა აგრესიულ შეტევებზე და არ ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა ამით გუნდი დაზარალებულიყო. ის ღიადაც კი ამბობდა, რომ ის და როზბერგი მეგობრები აღარ იყვნენ.

იმ პერიოდში ჰამილტონმა კრიტიკა ბევრჯერ დაიმსახურა და მისი „ჰეითერები“ ამ ყველაფერს არ ივიწყებენ.

3. მისი ცხოვრების სტილი

„ფორმულა 1-ში ნამდვილი მამაკაცები აღარ არიან“. - ამბობდა ნიკი ლაუდა. დღევანდელი მსოფლიო ჩემპიონები ბევრად განსხვავდებიან იმ პილოტებისგან, რომლებიც ამ სპორტის ისტორიაში წარმატებას სიკვდილის და სიცოცხლის ზღვარზე აღწევდნენ. ტიპური მაგალითია ჯეიმს ჰანტი და მისი ცხოვრების სტილი. რა თქმა უნდა, ლაუდა კონკრეტულ პიროვნებებზე არ საუბრობდა, მაგრამ მის ამ სიტყვებზე ლუისის მოძულეებს, სწორედ ბრიტანელი პილოტი ახსენდებათ.

7-გზის მსოფლიო ჩემპიონის ცხოვრება გადაშლილი წიგნივითაა. ის სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია. მისი სარკეში გადაღებული „სელფები“, ვარცხნილობის ხშირი ცვლილება, ჩაცმულობის სტილი ბევრი ადამიანისგან კრიტიკას იმსახურებს. მათ შორის, სხვა პილოტებისგანაც. მაგალითად, კიმი რაიკონენმა ინსტაგრამზე მას ღიად დასცინა, როცა „სთორი“ გამოაქვეყნა. ერთ-ერთ სურათზე ჯეიმს ჰანტი და ლუის ჰამილტონი ჩანდა, წარწერით, „ფორმულა 1-ს პილოტის განვითარება“. მეორე სურათში კი თვითონ ჩანდა, ნასვამი და სიგარეტით ხელში, რომელსაც ეწერა, რომ იმედი ჯერ კიდევ არსებობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პილოტების ადრინდელი ცხოვრების სტილი ბევრად განსხვავდებოდა დღევანდელისგან და ლაუდას სიტყვებიც სწორედ ამას ადასტურებს.

4. „მერსედესის“ გუნდის დომინირება

„რედ ბულის“ და სებასტიან ფეტელის დომინირება „მერსედესის“ გუნდმა დაამხო. მას შემდეგ ამ გუნდმა 7 ტიტული ზედიზედ მოიგო, რაც შთამბეჭდავი შედეგია.

ლუის ჰამილტონმა 2014-2020 წლებში 6 ტიტულის მოგება შეძლო. მოიგო ნიკო როზბერგმაც. რბოლების დიდი ნაწილი Mercedes-ის პილოტების გამარჯვებით სრულდება. ჰამილტონის მოძულეებიც კი აღიარებენ, რომ ბრიტანელი უდავოდ დიდი პილოტია, მაგრამ ამხელა წარმატებას ხშირად სწრაფ ბოლიდს მიაწერენ. მათ არგუმენტებს 2020 წელს კიდევ ერთი შეემატა. ჯორჯ რასელმა, ჰამილტონის არ ყოფნის დროს, მისი ბოლიდით შესანიშნავი შედეგი აჩვენა. რომ არა გუნდის წარმოუდგენელი შეცდომა, რბოლაში გამარჯვებასაც შეძლებდა. ამან, ჰამილტონის გულშემატკივრებს და მოძულეებს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა.

თავის დროზე, მსგავსი დომინირების გამო, კრიტიკოსები „ფერარის“ და მიხაელ შუმახერსაც ჰყავდა.

5. დაკარგული ინტრიგა

წლებია, ფორმულა 1-ს რბოლები ერთი სცენარით ვითარდება. სეზონი კონკურენტუნარიანად იწყება, სეზონის ბოლოსკენ კი მთელი ინტრიგა მკვდარია. გამარჯვებული ჰამილტონი რჩება.

არსებობს კატეგორია, რომელსაც მუდმივად გამარჯვებულისკენ ყოფნა მოსწონს და არსებობს მეორე კატეგორია: ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ იმის ყურება, როგორ მარცხდება მისი ფავორიტი გუნდი ან პიროვნება წარმატებისთვის ბრძოლაში და როგორ გადის რთულ გზას მიზნის მისაღწევად. ზოგისთვის ჰამილტონის ერთი შეხედვით მარტივი გამარჯვებები მოსაბეზრებელია. ასეთ ადამიანებს ერთი კითხვა აწუხებთ: 21-ე საუკუნეში, როცა დრო ისეთი ღირებულია, როგორც არასდროს, რატომ უნდა დახარჯო 2 საათი, როცა წინასწარ იცი რა შედეგით დასრულდება? აი, ეს კითხვა ნეიტალურ გულშემატკივრებს ამ სპორტისადმი ინტერესს უკარგავს.

გაზიარება: