Aa Aa
20 მაისი 2021  |  18:00

Top 10 ყველაზე საშიში ავარია ფორმულა 1-ს ისტორიაში

ფორმულა 1-ს ყურებისას ბევრი არ ფიქრობს იმაზე, რომ პილოტები ზოგჯერ საკუთარ სიცოცხლესაც სწირავენ. სამწუხაროდ, ზოგი ფორმულა 1-ს სპორტადაც კი არ მიიჩნევს და უბრალოდ „წრეებზე სიარულს“ უწოდებს, რაც ფორმულა 1-ს გულშემატკივრებისთვის ძალიან გამაღიზიანებელია. მათ ავიწყდებათ, რომ ფორმულა 1-ს მრბოლელები გამარჯვებისთვის ხშირად საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავენ. ტრასაზე მიღებული დაზიანებებისგან სხვადასხვა დროს ჯამში 52 ფორმულა გარდაიცვალა.

უსაფრთხოების სისტემების დახვეწასთან ერთად, მსხვერპლი შემცირდა, თუმცა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და ამის კარგი მაგალითი 2020 წელს რომენ გროჟანის შოკისმომგვრელი ავარიაა.

ამ სიაში თქვენ შეხვდებით ფორმულა 1-ს ისტორიაში 10 ყველაზე საშიშ ავარიას, რომელთაგანაც, სამწუხაროდ, დიდი ნაწილი მსხვერპლით დასრულდა.

1961 წლის იტალიის გრან პრი - ვოლფგანგ ფონ ტრიფსი

ეს იყო შემთხვევა, როცა ამ სპორტის მსხვერპლი მხოლოდ პილოტი არ აღმოჩნდა. 1961 წლის იტალიის გრან პრიზე მონცაზე ვოლფგან ფონ ტრიფსი ჩემპიონობისთვის იბრძოდა, როცა ფორმულა 1-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

წინა საბურავების ჯიმ კლარკის უკანა საბურავებთან კონტაქტის შემდეგ, ფონ ტრიფსმა ბოლიდზე კონტროლი დაკარგა და მაყურებლებში შევარდა. ამ საშინელი ავარიის შედეგად, ფონ ტრიფსის გარდა, კიდევ 15 მაყურებელი დაიღუპა.

1967 წლის გრან პრი - ლორენცო ბანდინი

ლორენცო ბანდინი ამ სპორტის კიდევ ერთი მსხვერპლია. 1967 წლის მონაკოს გრან პრიზე ბანდინი მეორე პოზიციაზე დენი ჰალმის უკან მიდიოდა, როცა ბარიერს შეეჯახა. საწვავის ავზი დაზიანდა და ბოლიდი წამებში აალდა.

ბანდინის მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა. ის სამი დღის შემდეგ მონტე კარლოში გარდაიცვალა.

1978 წლის იტალიის გრან პრი - რონი პეტერსონი

1978 წლის იტალიის გრან პრი რონი პეტერსონისთვის თავიდანვე ცუდად დაიწყო. მისი Lotus 79 პრაქტიკის დროს დაზიანდა. რბოლაზე მას ძველი მოდელით გამოსვლა მოუხდა. პეტერსონს საშინელი სტარტი ჰქონდა. როცა ტრასაზე დაბრუნება სცადა, ბარიერს შეეჯახა და მის ბოლიდს ცეცხლი წაეკიდა.

პეტერსონს ფეხები დაუზიანდა. ექიმებმა 27 მოტეხილობა დააფიქსირეს. თუმცა, მოტეხილობები სხვა ყველაფერთან შედარებით არაფერი იყო. მას ცხიმოვანი ემბოლია და თირკმლის უკმარისობა განუვითარდა. მიღებული დაზიანებებისგან ის 11 სექტემბერს გარდაიცვალა.

1980 გერმანიის გრან პრი - პატრიკ დეპაიე

ყველა სასიკვდილო ავარია უშუალოდ რბოლაზე არ ხდება. შეჯიბრებამდე ბოლიდის ტესტირებებიც კი შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს, ერთ-ერთი ასეთი ტესტირება ალფა რომეოს პილოტ პატრიკ დეპაიეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ტესტირებების სესიაზე ჰოკენჰაიმრინგზე დეპაიეს ბოლიდი მაღალ სიჩქარეზე ამობრუნდა და თავის სერიოზული ტრავმები გამოიწვია. ამან ტრასის ხელმძღვანელობას სარბოლო მონაკვეთში ცვლილებების შეტანა აიძულა, იმისთვის, რომ პილოტებს მაღალ სიჩქარეზე ავტომობილის კონტროლი შესძლებოდათ.

1982 წლის ბელგიის გრან პრი - ჟილ ვილნევი

ფორმულა 1-ის გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ 1982 წლის ბელგიის გრან პრი, რომელმაც ჟილ ვილნევის სიცოცხლე შეიწირა.

Ferrari-ს კანადელი პილოტი კვალიფიკაციაზე დროის გაუმჯობესებას ცდილობდა. ის იოხენ მასს მიუახლოვდა. მასმა ვილნევი გაატარა, თუმცა, მათი მოძრაობის ტრაექტორიები გადაიკვეთა და ვილნევი მასს მაღალ სიჩქარეზე შეეჯახა. ვილნევის ბოლიდი ჰაერში აფრინდა და მიწაზე ძლიერად დაეცა. პილოტი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

1994 წლის სან მარინოს გრან პრი - როლანდ რატცემბერგერი

1994 წლის სან მარინოს გრან პრი - ეს რბოლა ფორმულა 1-ის ისტორიაში შავადაა ჩაწერილი. ვიქენდი, რომელმაც ორი უნიჭიერესი პილოტის სიცოცხლე წაართვა გულშემატკივრებს და თვითონ ავტოსპორტს.

კვალიფიკაციის მეორე სესიაზე რატცენბერგერმა Simtek-Ford-ის ბოლიდზე კონტროლი დაკარგდა და 315კმ/სთ სიჩქარით ბარიერს შეეჯახა. რატცემბერგერს თავის ქალა და აორტა დაუზიანდა. ის ბოლონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ყველაფერი უკვე ამაო იყო.

1994 წლის სან მარინოს გრან პრი - აირტონ სენა 

რატცემბერგის გარდაცვალებამ აირტონ სენაზე ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა. ექიმებმა სენას ურჩიეს, რომ რბოლაში მონაწილეობა არ მიეღიო, მაგრამ მისი პრინციპულობის წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ. სენას გამარჯვების შემთხვევაში პოდიუმზე ავსტრიის დროშის ატანა და ამგვარად კოლეგისთვის, მეგობრისთვის პატივის მიგება უნდოდა.

სენას „უილიამსის“ ბოლიდი ბარიერის 233 კმ/სთ სიჩქარით შეეჯახა. ბოლიდის ნაწილმა ჩაფხუტი გახვრიტა. სენა სისხლისგან იცლებოდა. ბოლონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.

ეს იყო შოკისმომგვრელი არამხოლოდ მთელი ბრაზილიისთვის, რომლისთვისაც სენა კუმირი იყო, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც და დღემდე ამ ავარიას გულშემატკივრები ცრემლების გარეშე ვერ იხსენებენ.

2010 წლის აბუ დაბის გრან პრი - მიხაელ შუმახერი

2010 წელს შუმახერი აბუ დაბის გრან პრიზე თავისი დიდებულების შესახსენებლად 3 წლის შემდეგ დაბრუნდა. თუმცა, კინაღამ, პირდაპირი მნიშვნელობით, თავი დაკარგა. მას ვიტანტონიო ლიუცი შეეჯახა. იტალიელი პილოტი ფაქტობრივად შუმახერის ბოლიდზე ავიდა.

მაშინ შუმახერს ძალიან გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა. თუმცა, ალპებში თხილამურებით მიღებულმა ტრავმამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

2014 წლის იაპონიის გრან პრი - ჟულ ბიანკი

2014 წლის იაპონიის გრან პრიზე ფორმულა 1-ს სამყარო ბოლო დროის ყველაზე ტრაგიკული მოვლენის მომსწრე გახდა. ჟულ ბიანკი ავარიას FIA-სთვის სახეში სილის გაწნის მსგავსი ეფექტი ჰქონდა. ამან ყველა დაგვარწმუნა იმაში, რომ უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების დრო მოვიდა. ადრიან ზუტილმა ბოლიზე კონტროლი დაკარგა. მისი ბოლიდის გასაყვანად სატვირთო შემოვიდა. ბიანკი კი პირდაპირ გაჩერებულ სატვირთოს შეუვარდა.

ეს იყო შოკი ყველასთვის, ვინც ამას ადგილიდან, ან, ამ სტატიის ავტორის მსგავსად, ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. განსაკუთრებულად მძიმე კი ზუტილისთვის იყო, რომელიც მომხდარს თვალს ახლოდან აკვირდებოდა. ამ შეჯახებამ სერიოზული დაზიანებები გამოიწვია. ავარიის მომენტშივე აშკარა იყო, რომ პილოტი ასეთ მძიმე ავარიას ვერ გადაურჩებოდა. 2015 წლის ივლისში ჟულ ბიანკი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისმა გარდაცვალებამ, სენას მსგავსად, FIA-ს უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებისკენ უბიძგა.

2020 წლის ბაჰრეინის გრან პრი - რომენ გროჟანი

­­ბიანკის გარდაცვალების შემდეგ უსაფრთხოების ახალი ზომა ჰალო აღმოჩნდა. ფორმულა 1-ს სამყაროში ჰალოს გამოჩენამ დიდი ხმაური გამოიწვია. პილოტების ნაწილი მისი გამოყენების საჭიროებას ვერ ხედავდა. თუმცა, რომენ გროჟანის ავარიამ ყველა დაარწმუნა, რომ FIA-მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

2020 წლის ბაჰრეინის გრან პრიზე ფრანგი სიკვდილის სასწაულებრივად გადაურჩა. გროჟანი ბარიერს შეეჯახა და მის ბოლიდს ცეცხლი მომენტალურად გაუჩნდა. როცა ყველას ყველაფერი უკვე დასრულებული გვეგონა, რომენი ცეცხლის ალიდან გადმოვიდა. მას ხელებსა და ფეხებზე მცირედი დამწვრობები აღენიშნებოდა.

მისი გადარჩემა ნამდვილი სასწაული იყო. თუმცა, ამ ავარიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ფორმულა 1 „უბრალოდ წრეებზე სიარულზე“ ბევრად მეტია.

რა თქმა უნდა, გარდა ამ ათისა, ფორმულა 1-ს კიდევ ბევრი ტრაგედია ახსოვს. მაგალითისთვის, ნიკი ლაუდას 1976 წლის ავარია ნიურბურგრინზე, რომელმაც ლეგენდარულ ავსტრიელ პილოტს სახეზე სამუდამო დაღი დაასვა, ფილტვები და თირკმელები დაუზიანა. თუმცა, ამან ლაუდას რბოლისადმი ვნება არ დაუკარგა. 

და თქვენ, რომელ საშიშ ავარიას დაამატებდით ამ სიას?

გაზიარება: