Aa Aa
21 ივლისი 2021  |  10:40

თითო მნიშვნელოვანი ავტომობილი წამყვანი ავტომწარმოებელი ქვეყნებიდან

რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას ავტომწარმოებელი არ ჰყავს. ზოგს კი იმდენი ჰყავს, რომ მათგან საუკეთესოს გამორჩევა გაგვიჭირდება. მსოფლიოში 60 დიდი ავტომწარმოებელია, რომლებსაც 14 გლობალური კომპანია ფლობს. თუმცა, თუ ყველაზე მცირე ზომის კომპანიებსაც გავითვალისწინებთ, ჯამში 2 000-მდე გამოვა. ზოგიერთი ქვეყნიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომწარმოებლის დასახელება რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია თითო ქვეყნიდან თითო ავტომობილს არჩევა, რომელმაც ავტოინდუსტრიაზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ სტატიაში ვეცდებით ამ რთულ დავალებას გავუმკლავდეთ.

საფრანგეთი: Citroën 2CV

2CV თავის დროზე პრიმიტიულად და უცნაურად მიაჩნდათ, მაგრამ ბაზარზე ძალიან პოპულარული იყო. უპირველეს ყოვლისა, მისი ფასის გამო. ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. მოგვიანებით, უცნაურობების მოყვარულთა ყურადღებას ცენტრშიც აღმოჩნდა.

Citroën-მა ის მეორე მსოფლიო ომამდე შექმნა. მისი პროექტი გერმანელებისგან წარმატებულად დამალეს და 1948 წელს გაყიდვაში ჩაუშვეს. მისი წარმოება 1990 წელს შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ 2CV-ს კონკურენტები არ აკლდა, მაგალითად,  Renault 4, ეს ავტომობილი ყველაზე მეტად უყვარდათ და ერთ-ერთია, რომლის წარმოებაც ყველაზე დიდხანს გაგრძელდა.

გერმანია: Volkswagen Beetle

ამ ავტომობილის შექმნაში მონაწილეობა თვითონ ადოლფ ჰიტლერმა მიიღო. ომის შემდეგ კი ის ბრიტანულმა არმიამ გადაარჩინა. ეს ავტომობილი რაღაც პერიოდის განმავლობაში გერმანიის ავტოინდუსტრიის საყრდენიც კი იყო. ამერიკაში მას ჰიპები იყენებდნენ. ზოგადად კი ის იაფი და სანდო იყო.  

1972 წლისთვის Beetle-ს წარმოებამ Ford Model T-ს წარმოებას გადააჭარბა. მთლიანობაში კი 20 მილიონი ეგზემპლარი გამოვიდა. ამ ავტომობილის გარეშე VW-ს იმპერია არ იარსებებდა.

იტალია: Fiat 500

1957 წელს Nuova 500-მა წინა მოდელი, Topolino ჩაანაცვლა. პატარა, ნელი და პრიმიტიული. სწორედ ეს დახასიათება შეეფერებოდა FIAT 500- ს, თუმცა, ის იყო ყველაფერი, რაც მაშინ დაბალშემოსავლიან იტალიელებს სურდათ. 18 წელიწადში დაახლოებით 4 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რომ არ ჩავთვალოთ, Neckar-ის, Steyr-Puch-ის და სხვების ნამუშევრები. 

ამ ავტომობილის სტილმა მისი დიდი წარმატება განაპირობა. ის ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდა. 2007 წელს Fiat-მა უფრო დახვეწილი და მექანიკურად განსხვავებული Fiat 500 გამოუშვა, რომელმაც ავტომოყვარულების გულები დაიპყრო.

იაპონია: Toyota Corolla

Toyota-ს ხაზის გასმა უყვარს იმაზე, რომ Corolla მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელია. ვერც გაამტყუნებ: კომპანიას დაახლოებით 50 მილიონი Corolla ჰყავს გამოშვებული. აიღეთ თითო Corolla ნებისმიერი ათწლეულიდან და მიხვდებით, რომ ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, 2019 წელს Corolla ყველაზე პოპულარული ავტომობილი იყო ისევე, როგორც 2020 წლის დასაწყისში. რაც არ უნდა იყოს, Corolla იაპონიის ავტოსამყაროს დიდი წარმატებაა.

რუსეთი: VAZ-2101

მათთვის, ვინც საბჭოთა კავშირის გარეთ ცხოვრობდა, ეს ავტომობილი უფრო Lada 1200-ს სახელითაა ცნობილი. მისი კულმინაცია Lada Riva იყო. ყველა ავტომობილი 1966 წლის Fiat 124-ზე იყო დაფუძნებული. რუსეთის ბაზრისთვის მოსარგებლად, Fiat-ს ბევრი მოდიფიკაცია დასჭირდა.

როცა 1970-იანებში ეს ავტომობილი დასავლეთში გამოჩნდა, საკმაოდ უცნაურად მოეჩვენათ. თანაც ხუმრობის ობიექტიც გახდა იმის გამო, რომ სხვა ავტომწარმოებლების პროდუქტებს ბევრად ჩამორჩებოდა, დროს ფეხს ვერ უწყობდა. თუმცა, მისი დაბალი ფასის გამო, ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

შვედეთი: Saab 92

Saab-ი თავდაპირველად თვითმფრინავებს აწყობდა. როცა ავტოინდუსტრიაში ფეხის მოკიდება გადაწყვიტეს, ავტომობილებზე ბევრი არაფერი იცოდნენ. სამაგიეროდ, ყველაფერი იცოდნენ აეროდინამიკასა და სტრუქტურის სიმყარეზე. ეს ყველაფერი Saab 92-ზე შესანიშნავად აისახა. ეს ავტომობილი 1949 წელს გამოვიდა. ანუ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მსგავსი საკითხები სხვა ავტომწარმოებლებისთვისაც მნიშვნელოვანი გახდებოდა.

Saab-ი ყოველმხრივ ინოვატორი იყო. სიახლეებს მუდმივად გვთავაზობდა, თუმცა, არც ერთ ავტომობილს მოუხდენია ავტონდუსტრიაზე ისეთი გავლენა, როგორც 92-ს.

დიდი ბრიტანეთი: Mini

1960-იანებში Mini პოპკულტურის ნაწილი იყო. ამ ავტომობილის საჭესთან ნებისმიერ ცნობილ ადამიანს ნახავდით. გარდა ამისა, ავტოსპორტშიც აქტიურად იყო ჩართული. ის იყო საუკეთესო  მათთვის, ვისაც მცირე ზომის და წარმოუდგენლად ტევადი, ყოველდღიურობისთვის გამოსადეგი ავტომობილი სჭირდებოდათ.  

არც ერთი ბრიტანული ავტომობილი აერთიანებდა ისე ყველა საჭირო ფაქტორს, როგორც Mini. 1959 წელს გამოვიდა და იმდენად შესანიშნავი იყო, რომ მისი წარმოება 2000 წლამდე გაგრძელდა.  

ამერიკის შეერთებული შტატები: Ford Model T

ავტომობილის გამოგონებიდან 22 წელი გახდა საჭირო იმისთვის, რომ მასობრივი წარმოება დაწყებულიყო და ეს სწორედ Model T-მ მოახერხა. მისი მართვა იმ დროისთვისაც კი მოუხერხებელი იყო. თუმცა, მთავარი მისი აგების პროცესი იყო, რომელმაც ავტოსამყაროში რევოლუცია მოახდინა. მასობრივი წარმოება მხოლოდ ერთ ფერში. 1908 წელს მისი ფასი დღევანდელი ეკვივალენტით $20,000 იყო. თუმცა, მისი წარმოების საიდუმლოების გასაჯაროებასთან ერთად, ფასმა დაიკლო.

მალე ამერიკაში გაყიდული ავტომობილების ნახევარი Model T იყო. 1923 წლისთვის კი მისი ფასი $300, დღევანდელი ეკვივალენტით $4200 იყო. 4 კონტინენტზე და 12 ქვეყანაში იწყობოდა. ჯამში კი 15 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა! ამ ავტომობილმა მსოფლიო ბორბლებზე შეაყენა.

გაზიარება: