Aa Aa
20 ივლისი 2021  |  10:37

რა არის ბრმა წერტილების მონიტორინგი და ღირს თუ არა ის?

განვიხილოთ თუ როგორ ფუნქციონირებს ბრმა წერტილების მონიტორინგის სისტემა.

თუ ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავთ, დიდი ალბათობით ბრმა წერტილების მონიტორინგის სისტემას დამატებითი ფუნქციების სიაში შეხვდებოდით. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით როგორ მოქმედებს აღნიშნული უსაფრთხოების სისტემა, ჩვენ დაგეხმარებით. ეს უკანასკნელი ტექნოლოგია შესაძლოა მოსახერხებელია, მაგრამ რამდენად ღირს მასში დამატებითი თანხის გადახდა?

რა არის ბრმა წერტილების მონიტორინგი?

ბრმა წერტილების მონიტორინგი, გვერდითა ზოლებში არსებული მანქანების აღმოსაჩენად სარკეებზე და უკანა ბამპერთან დამონტაჟებულ სენსორებს იყენებს. თუ სენსორი ობიექტს აღმოაჩენს, ამის შესახებ თქვენ ვიზუალურ ან ხმოვან გაფრთხილებას მიიღებთ. ფუნქციის უკეთესი შესრულებისთვის ზოგი ავტომობილი კამერებსაც კი იყენებს.

ამ ტექნოლოგიის ფასის დაწევასთან ერთად, უსაფრთხოებისა და მოხერხებული დამხმარე საშუალების ხელმისაწვდომობა ბაზარზე იზრდება. ის ახლა მხოლოდ მდიდრული კლასის მოდელებში არ გვხვდება. მაგალითისთვის, ქვეკომპაქტური Nissan Versa-დან დაწყებული, უზარმაზარი Ford Super Duty-თ დამთავრებული - ეს ფუნქცია თითქმის ყველა ავტომობილს აქვს.

ასევე, ბრმა წერტილების მონიტორინგი უკან არსებული მოძრაობის გაფრთხილებასაც იძლევა, რომელიც მანქანებს, ობიექტებს ან ქვეითებს რევერსული მოძრაობისას აფიქსირებს.

როგორ განსხვავდება ბრმა წერტილების მონიტორინგის სისტემები ერთმანეთისგან?

ავტომწარმოებლებმა სისტემა ნელ-ნელა დახვეწეს და ახლა ის უბრალოდ ობიექტების აღმოჩენას არ მოიცავს. Ford-ისა და Ram-ის ტექნოლოგიები მისაბმელ კალათასაც აღიქვამს. ასეთ შემთხვევაში ეს გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილებას მნიშვნელოვნად ზრდის.

ბრმა წერტილების მონიტორინგის კიდევ ერთი განსხვავება პასიური და აქტიური გაფრთხილების რეჟიმია, რაც მძღოლს პოტენციური შეჯახების თავიდან არიდებაში ეხმარება. მაგალითად, თუ თქვენი მანქანა თქვენს გვერდით მეორე ავტომობილს დაინახავს და ამ დროს ზოლის შეცვლას დააპირებთ, სისტემა საჭეზე და მუხრუჭზე მანიპულაციას განახორციელებს და ავარიისგან დაგიცავთ.

ღირს თუ არა ბრმა წერტილების მონიტორინგი დამატებით თანხად?

ბრმა წერტილების მონიტორინგი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უსაფრთხოების საშუალებაა. თუ თქვენ ხმოვან და ვიზუალურ მაფრთხილებლებს ყურადღებას მიაქცევთ, მაშინ ზოლის ცვლილებისას სხვა ავტომობილთან კონტაქტი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. სისტემებს, რომლებსაც ავარიის პრევენციის ფუნქცია გააჩნია უფრო მეტი ღირებულება აქვს. ეს ფუნქციონალი გადაადგილებას უფრო დაცულს და საიმედოს ხდის.

ფასზე ორიენტირებული მყიდველები, ალბათ, გაიცინებენ და იტყვიან, რომ მოხერხებული მძღოლები აღნიშნული ტექნოლოგიის გარეშე ათწლეულები გადაადგილდებოდნენ. ეს დებულება კი მართალი იქნება. უფროსი თაობის მძღოლები ხშირად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებს აბუჩად იგდებენ. თუმცა, მაშინ როდესაც თქვენ 40 000$-იან უზარმაზარ SUV-ს ყიდულობთ, უსაფრთხოებაზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ გაბარიტებს მიჩვეული არ ხართ.

გაზიარება: