Aa Aa
21 იანვარი 2022  |  10:25

Top 8 ყველაზე განსხვავებული მაყუჩი

გამოსაბოლქვი აირების გამოდევნის ყველაზე ოსტატური და დახვეწილი გზები.

გამშვები სისტემა ის კომპონენტია, რომელიც ავტომოყვარულების ყურადღების მიღმა იშვიათად რჩება. ამ სისტემის დაბოლოება არამხოლოდ ავტომობილის უკანა მხარეს ამშვენებს, არამედ მონაცემებზე და ჟღერადობაზეც მოქმედებს. შესაბამისად, ავტომწარმოებლები სპორტული ავტომობილების შექმნისას გამშვებ სისტემასა და მის ბოლო წერტილზე - მაყუჩებზე - განსაკუთრებულად ფიქრობენ.

ჩვენს კრიტიკულ მკითხველებს აუცილებლად დაებადებათ კითხვა - „რა ეტყობა თანამედროვე გამშვებ სისტემებს ან მაყუჩებს ნაფიქრის?“ - და მართლებიც იქნებიან. ამის მიზეზი ხმაურის რეგულაციები და ე.წ. „ფეიკ“ მაყუჩებია. თუმცა, ყველა ავტომწარმოებელი ასე არ იქცევა და არც ყველა მანქანა შექმნილა 2021-22 წელს.

ქვემოთ 8 ყველაზე უცნაურ და განსხვავებულ მაყუჩზე მოგიყვებით, რომლებმაც ჩვენი ყურადღება განსაკუთრებულად მიიქცია.

Renault Clio 197 Cup


მოკრძალებულით დავიწყოთ. ამ მანქანის მაყუჩები თითქმის არც ჩანს. RS Clio 197 2006 წელს გამოვიდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც Renault-მა ფერნანდო ალონსოსთან ერთად F1-ში ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა. ირონიულად, მწარმოებელმა Clio-ს ცხელი ჰეჩბეკის უფრო ცხელი ვერსიის წარმოება ავტოსპორტში მიღწეულ წარმატებამდე დაიწყო.

ფრანგებმა მოდელი დიფუზორით გამოუშვეს. 2.0-ლიტრიანი 197-ცხენისძალიანი ძრავიდან წამოსული გამოსაბოლქვი აირები დიფუზორთან ძალზედ ესთეტიკურად გამოდიოდა. თანაც ეს ყველაფერი ფუნქციური გახლდათ. არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარი ფრანგულ ჰეჩბეკზე გვაქვს.

Porsche 918 Spyder


ჰიბრიდული 918-ის ვერტიკალური მაყუჩები Porsche-ს ახირება ან მეტიჩრობა არ გეგონოთ. რა თქმა უნდა, მწარმებელმა ყველაფერი ინჟინრულად გათვალა - პრაქტიკული, გერმანული.

იმისათვის, რომ ძრავიდან წამოსული ცხელი აირები ტემპერატურა-მგრძნობიარე ბატარეებისგან რაც შეიძლება დაშორებული ყოფილიყო, ინჟინრებმა მათი მიმართვა მაღლა გადაწყვიტეს. ამ გადაწყვეტილებამ ახალი პრობლემები გააჩინა, ისეთი, როგორიც წვიმის წყალის შესვლა, ცეცხლსაშიშობა და უკანა ხედვის არეალის შემცირებაა. თუმცა, ეს Porsche 918-ა და არა საბჭოთა ორთქლმავალი. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნა და 918 Spyder-ი უსაფრთხოდ ინოვაციურია.

Lexus IS F


იქამდე, სანამ Lexus-ი ყველა ჩვენგანს LFA-თ გააკვირვებდა მათი ყველაზე სწრაფი ავტომობილი 5-ლიტრიანი V8 ძრავიანი IS-F-ი გახლდათ. მოდელს გამოსაბოლქვი აირები უცნაური მაყუჩით გამოჰქონდა, რაც მას BMW-სგან, AMG-სგან და Audi-სგან გამოარჩევდა. IS-F-ი ოთხი ორმაგი მაყუჩით იყო წარმოდგენილი, რომელსაც მილები არა ჰორიზონდალურად, არამედ ვერტიკალურად ჰქონდა დაწყვილებული.

რაც ყველაზე უცნაური იყო, მაყუჩები ნამდვილი არ იყო და გამშვები სისტემის დაბოლოება ვიზუალს არ ემთხვეოდა.

Koenigsegg Regerra


ის, რისი გაკეთებაც Renault-ს შეუძლია, Koenigsegg-ი უკეთესად აკეთებს. ეს კომპანიის დევიზია.

დიფუზორში გამოსული ოვალური მაყუჩი გამოსაბოლქვ აირებს უშვებს. ეს ყველაფერი უფრო ნატიფია, ვიდრე Renault-ში. კრისტიან ვონ კოენიგსეგისგან ამაზე ნაკლებს ალოდით? ეს ადამიანი ნამდვილი გენიოსია, რაც ყველა წვრილმანში ჩანს.

TVR Sagaris


Sagaris-ი ნამდვილი სიგიჟე იყო - კორპუსის საოცარი ფორმა, გამჭირვალე ფრთა, ბასრი ჭრილები, დამხმარე კომპიუტერების არარსებობა... და მსოფლიოში ყველაზე ორიგინალური გამოსაბოლქვი სისტემა.

ორი მაყუჩი არა უკან, არამედ გვერდებზე იყო მიმართული. ასეთ გადაწყვეტილების მიღმა ინჟინრული ჩანაფიქრდი არ გახლდათ. ეს ყველაფერი ესთეტიკისთვის და გამორჩეულობისთვის გაკეთდა. Sagaris-ი კი ამ სიტყვების განმარტებადათ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

AC Cobra

გიჟური გამოსაბოლქვი სისტემის პიონერი და კლასიკა - AC Cobra. მის მაყუჩებს უამრავი ადამიანის კანი და მეტოქე ავტომობილების კორპუსი დაუწვავს. არ უნდა იყოს ამაზე უფრო ცხოველური? ეს ყველაფერი ცხელი საწვავის ან ცეცხლის გამოსროლით იყო გამოწვეული. უსაფრთხოების მიუხედავად, ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და აგრესიული მაყუჩებია, რაც ავტომობილებზე გვინახავს.

McLaren-Mercedes SLR

McMerc SLR-ზე გვერდით გამოსულ მაყუჩებს McLaren-ს უნდა ვუმადლოდეთ. ეს მათი ბრწყინვალე იდეა გახლდათ. ამას ინჟინრული მიზეზები ჰქონდა. გამოსაბოლქვი სისტემის მილების კორპუსის კუდამდე გაყვანა ავტომობილს კიდევ უფრო ამძიმებდა. თუმცა, ასეთი მოწყობის შექმნა საკმაოდ ძვირი გახლდათ და გარკვეულ სირთულეებსაც დაუკავშირდა.

Pagani Zonda


Pagani-ს ყველა მოდელის მაყუჩი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია. თუმცა, Zonda-ს ისეთ ვერსიებზე, როგორიც Cinque, Barchetta და 760 RS-ია, ეს დეტალი უფრო სექსუალურადაა შესრულებული. მილების დაბოლოებები ერთ დიდ სიმრგვალეშია მოქცეული საიდანაც ლურჯი მილები იმზირება. რაც ყველაზე მთავარია, სიაში ჩამოთვლილი ავტომობილებიდან ის ყველაზე უფრო სპორტულ ხმას გამოსცემს.

გაზიარება: