Aa Aa
18 ოქტომბერი 2021  |  12:52

BMW 3 Series Gran Lomousine Iconic Edition-ს განათებული ცხაურა აქვს

ინდოეთის ბაზრისთვის მესამე სერიის დაგრძელებული ვერსია განსაკუთრებულად განათდება.

BMW 3 Series-ის დაგრძელებული ვერსია ახალი არ არის. კომპაქტური სედანის გრძელკორპუსიანი ანალოგი პირველად F30-ის თაობაში, 2012 წელს გამოჩნდა. მესამე სერიის ასეთი ვერსიები სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვის იქმნებოდა.

დაგრძელებული 3 Series-ის ახალი თაობა Gran Sedan-ის ან Gran Limousine-ის სახელით არის ცნობილი. მოდელები კი ექსკლუზიურად და მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის აღარ გამოვა. მის შეძენას ახლა ინდოეთში, ტაილანდში და მალაიზიაში შეძლებენ. ფაქტობრივად, 3 Series Gran Sedan-ი მალაიზიაშივე იწყობა.

რით არის გამოწვეული დაგრძელებული მესამე სერიით ასეთი დაინტერესება? ინდოეთის ბაზრისთვის სპეციალურად შექმნილ Gran Limousine-ს საკამოდ საინტერესო ფუნქციონალი აქვს. Iconic Edition-ის სახელით წარმოებული მოდელი BMW-მ პირდაპირი მნიშვნელობით გაანათა.

ეს ფუნქციონალი მანათობელი ცხაურაა, რაც BMW-ს მოდელებში ახალი არ არის, თუმცა მესამე სერიაში პირველად ვიხილეთ. ვინ იცის, იქნებ ამ დეტალმა ისეთი დიდი პოპულარობა მოიპოვოს, რომ უფრო დიდი ბაზრებისთვის წარმოებულ მოდელებშიც დამკვიდრდეს?! თუმცა, მესამე სერიის Gran Limousine Iconic Edition-ი უფრო მეტს გთავაზობთ, ვიდრე განათებული ცხაურაა.

უკანა სავარძლების განყოფილებაში გაზრდილ ადგილთან ერთად Iconic Editon-ს სალონში ცნობილი კრისტალური სიჩქარის ბერკეტი აქვს. მეშვიდე სერიის მსგავსად, მეორე რიგის სავარძლებზე ბალიშებიც შეგხვდებათ. გამომდინარე იქედან, რომ ეს ავტომობილები ბიზნესმენებისთვისაა შექმნილი, სტანდარტული იქნება პიჯაკის სპეციალური საკიდიც. ეს კი საინტერესო დეტალია სიმდიდრისა და კომფორტის მოყვარულთათვის. უზარმაზარია პანორამული ჭერიც. მყუდრობაას სალონის ლამაზი განათებაც უზრუნველყოფს, ხოლო ამინდზე სამზონიანი კლიმატკონტროლი იზრუნებს.

დაგრძელებული მესამე სერია ორი სხვადასხვა აგრეგატით გამოვა. 330Li 2-ლიტრიანი, TwinPower Turbo ძრავით იქნება აღჭურვილი, რომელიც 258 ცხენის ძალასა და 400 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 320Ld 2-ლიტრიანი ტურბო-დიზელი ძრავით წარსდგება, რომელსაც 190 ცხენის ძალა და 295 ნიუტონ მეტრი ექნება. რაც შეეხება სრულ ამძრაობას - მოდელის ამ ვერსიაში xDrive-ი ხელმისაწვდომი არ არის.

გაზიარება: