Aa Aa
4 ივლისი 2022  |  10:18

DS Design-ის ხელმძღვანელი ავტომობილებიდან ეკრანების ამოღებას გეგმავს

მან ამ ტრენდს „ცოტათი სულელურიც“ უწოდა.

ავტომობილების სალონში ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ეკრანი ჩნდება. ეს ახალი ტრენდია. რაც უფრო დიდია ეკრანის ზომა ან მეტია რაოდენობა, ავტომობილი უფრო მდიდრულად გამოიყურება. DS Design-ის ხელმძღვანელმა ტიერი მეტროზის აზრით, ზედმეტად ბევრი ეკრანი არც სექსუალურია და „ცოტათი სულელურია“.

„დიდი ეკრანების ქონა დღეს ტრენდია, მაგრამ, ჩემი აზრით, ცოტათი სულელურია. მონაცემთა პანელის მაგივრად მხოლოდ დიდი ეკრანის ქონა, DS-ის ფილოსოფიაში არ ჯდება“, - ამბობს მეტროზი.

„ჩვენი მიზანი ინტერიერებიდან ეკრანების ამოღებაა. ეკრანის პრობლემა ისაა, რომ როცა გამორთავ, მხოლოდ შავი ოთხკუთხედი გრჩება თითის ანაბეჭდებით. ეს არც სექსუალურია და არც მდიდრული“.

მეტროზის თქმით, ეს დიდი გამოწვევაა, რადგან მძღოლისთვის ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია.

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა ბოლო დროს განახლებული DS 7 წარმადგინა. ამ მოდელს ახლა სალონში უზარმაზარი ეკრანი აქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს უახლოეს მომავალში შეიცვლება.

ამასობაში, DS-ის გერმანელი კონკურენტები თავის ავტომობილებს ეკრანებით ავსებენ. Mercedes EQS-ს MBUX-ის ჰიპერეკრანი აქვს, რომელიც მთელს მონაცემთა პანელს მიუყვება. ახალ მეშვიდე სერიას და i7-ს კი უკანა სავარძლის მგზავრებისთვის დიდი ეკრანი აქვს.  

გაზიარება: