Aa Aa
3 ივლისი 2022  |  09:01

პოლ უოკერის Porsche 911 Carerra RS 2.7 აუქციონზე გაიყიდება

ეს ავტომობილი მხოლოდ 1 590 ეგზემპლარად არსებობს.

Porsche 911 Carerra RS 2.7 გამორჩეული ავტომობილია. ეს კონკრეტული კი კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგან მას პოლ უოიკერი ფლობდა.

Porsche Fast and Furious-ის ვარსკვლავის კოლექციაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. უოკერმა ის 2011 წელს ჯეი ლენოს The Tonight Show-შიც ახსენა. ამბობდა, რომ ინტერნეტში ნახა და მაშინვე შეიძინა.

ახლა ეს ავტომობილი Mecum-ის აუქციონზე გაიყიდება, რომელიც 18-20 აგვისტოს გაიმართება.

Carerra RS 2.7 „ფორსაჟის“ ფილმებში არასდროს გამოჩენილა. გამოსვლის დროს, ის იყო ყველაზე სწრაფი 911. 0-100კმ/სთ-მდე 5.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 240კმ/სთ. 2.7-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა 210 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძალა უკანა თვლებზე 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ნაწილდება.

შასის ნომერი 9113600901-ია და 1973 წელს აიწყო. ოდომეტრი 150 915 კილომეტრს უჩვენებს. ქარხნიდან ყვითელი ფერით და შავი სალონით გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს რესტავრაცია გაუკეთეს, ფერების კომბინაცია უცვლელი დატოვეს.

Jerry Woods Enterprises-მა აგრეგატი და დაკიდების სისტემის დეტალები შეცვალა. ინტერიერზე Autobahn Interiors-მა იმუშავა.

Mecum-ის აუქციონს ჯერ ავტომობილი არ შეუფასებია. Carerra RS 2.7 კოლექციონერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ავტომობილია. ის ფაქტი, რომ მას პოლ უოკერი ფლობდა, კიდევ უფრო სასურველად აქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ 7-ნიშნა ფასს უნდა ველოდოთ.

გაზიარება: