Aa Aa
1 ივნისი 2023  |  10:34

სიმდიდრის დემონსტრირება - Ferrari F40-ის გადატანა „სუპერიახტაზე“

მონაკოს გრან პრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სანახაობა.

მონაკოს გრან პრი ყოველწლიურად უამრავ გამოჩენილ ადამიანს, მულტი-მილიონერსა და მილიარდერს მასპინძლობს. ფაქტობრივად, ეს ღონისძიება მდიდარი ადამიანებისთვის ის ადგილია, სადაც სიმდიდრითა და ქონების გამოფენით თავმოწონება შეუძლიათ. ამ დროს ნავსადგურები უამრავი პირადი მოხმარების „სუპერიახტითაა“ სავსე. თუმცა, ავტომოყვარულების ალაპარაკება მხოლოდ ერთმა შეძლო.

ეს „სუპერიახტა“ მონაკოს გრან პრიზე Altr-მა გამოფინა. ეს მეორეული ბაზრობაა, სადაც უიშვიათესი ნივთებისა და ავტომობილების „ფრაგმენტულად“ შეძენაა შესაძლებელი. მაგალითად, ახლახან Rolex Daytona 6265/8 გაიყიდა და 500 ფრაგმენტად დაიყო. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ კოლექციონერს 1 ფრაგმენტის ან საათის 0.2%-ის შეძენა შეუძლია.



Formula 1-ის ღონისძიებისთვის Altr-მა და იტალიური მდიდრული ავტომობილების სადილერომ - Car & Car-მა - პარტნიორობა გადაწყვიტეს. თანამშრომლობის ფარგლებში კი Ferrari F40-ის „სუპერიახტაზე“ გადატანა განიზრახეს. შემდეგ კი ნავი ხმელთაშუაზღვის სიღრმეებში შევიდა.

„სუპერიახტის“ გემბანზე წითელი F40-ის დანახვამ მონაკოში ყველას ყურადღება მიიპყრო. თუმცა, ეს ყველაფერი საკმაოდ სახიფათო გახლდათ. ლეგენდარული სუპერავტომობილი გემბანზე ამწეს დახმარებით გადაიტანეს. მცირედი გაუმართაობაც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ზარალი ალბერტ აინშტაინსაც ვერ დაეთვალა. 

თუმცა, მონაკოში სხვა ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა. ღონისძიებაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი „სუპერიახტის“ – Octopus-ის ხილვაც იყო შესაძლებელი. ის 126 მეტრი სიგრძისაა და 26 სტუმარზეა გათვლილი. მისი მომსახურება კვირაში 2.2 მილიონი დოლარი ჯდება. „სუპერიახტას“, რომელიც Altr-მა გამოიყენა Quinta Essentia-ს სახელით იცნობენ. მისი სიგრძე 55 მეტრია და კვირაში მისი მომსახურება 300 000 ევრო ჯდება.

გაზიარება: