Aa Aa
12 მარტი 2020  |  15:59

რეალობიდან კონცეპტამდე - ახალი Bentley Bacalar Coupe

სპორტული, ძვირადღირებული EXP 100 GT კონცეპტით შთაგონებული წარმოსახვითი კუპე.

ბრიტანული ავტომწარმოებელი Bentley Bacalar-ის კუპეს ვერსიის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. ამ რენდერმა წარმოდგენა შეიძლება შექმნას, თუ როგორი იქნება ავტომობილის მყარსახურავიანი ვერსია. 

იმაზე, რომ რენდერი ნამდვილად წინა კვირას წარდგენილი Bacalar-ის ბაზაზეა შექმნილი, წინა ფრთის ანალოგიური ვერტიკალური საჰაერო ჭრილი, წინა ბამპერის სამკუთხედი ჰაერის შემშვები, წინა და უკანა ფარების ფორმა მეტყველებს.

სახურავის ფორმები Continental GT-სგან არის აღებული, თუმცა ამ კონკრეტულ რენდერზე, ერთი შეხედვით უფრო აგრესიული ჩანს. ფანჯრების ქრომირებული მოპირკეთება იმავე ფერშია გაკეთებული, როგორც ავტომობილის დისკები. უმნიშვნელო დეტალი, მაგრამ ძვირადღირებული ავტომობილის საერთო იმიჯი ასეთი დეტალებისგან იქმნება.

$1.9 მილიონიანი როდსტერის სალონის შეცვლას აზრი არ აქვს. ჩვენი ვარაუდით ინტერიერი Bacalar-ისგან გადმოკოპირებული იქნება. შესაბამისად, უმაღლესი ხარისხის ტყავისა და ხისგან იქნება დამზადებული. Bentley Bacalar-თან მსგავსება უკვე ბევრჯერ ვახსენეთ, თუმცა თავდაპირველ EXP 100 GT-ის ელექტრომობილის კონცეპტს უფრო ჰგავს, ვიდრე ახალგამოსულ Bacalar-ს.

რაც შეეხება მონაცემებს, თუ Bentley მყარსახურავიანი ვერსიის გამოშვებას გადაწყვეტს, ძალოვანი აგრეგატი იგივე 650 ცხენისძალიანი 6-ლიტრიანი W12 იქნება, რომელიც 900 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს და 8-სიჩქარიანი ორგადაბმულობიანი გადაცემათა კოლოფით თვლებს შორის განაწილდება. ერთადერთი რაც შეიცვლება, მაქსიმალური სიჩქარე იქნება, რომელიც დახურული, უფრო აეროდინამიკული ძარის ხარჯზე 320 კმ/სთ-იან ბარიერს გაცდება.

თუ „ბენტლის“  მოტივაცია ექნება და Bacalar-ის მეორე ვერსიის გამოშვებას მართლა დააპირებს, მომავალში GT კლასის უიშვიათეს მონსტრს უნდა ველოდოთ. წინა კვირას წარდგენილი Bacalar-ის წარმოება მხოლოდ 12 ერთეულს შეადგენს. თითოეულის ფასი $1,9 მილიონზე მეტია და რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ყველა უკვე გაყიდულია. მყარსახურავიანი ვერსია არანაკლებ ექსკლუზიური იქნება და მასზე ფასდაკლება არ იმოქმედებს. ის კვლავ ულტრა-მდიდრული ხალხის ლიმიტირებული წარმოების გასართობი სათამაშო იქნება. 

გაზიარება: