რეაქტიული მფრინავი მოტოციკლი, საცობებში ყველაზე სწრაფი საშუალებაა
წლებია მსოფლიო მფრინავი ავტომობილებისა და მათ შორის, მფრინავი ტაქსების გამოჩენას ელოდება. თუმცა მანამ, სანამ ტაქსები გამოჩნდებოდნენ, ერთ-ერთმა ევროპელმა ანტრეპრენერმა მფრინავი მოტოციკლი წარადგინა, რომელიც საცობებში გადაადგილების ყველაზე სწრაფი საშუალება გახდება.
Volonaut Airbike-ის იდეა პოლონელ ტომაშ პატანის ეკუთვნის, რომელიც ასევე Jetson One-ის, ოთხროტორიანი eVTOL-ის (ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სამგზავრო ელექტროთვითმფრინავი) ავტორია. Jetson One პროპელერებს იყენებს, მაგალითად, როგორიც გიგანტური DJI დრონია, თუმცა Volonaut Airbike უფრო პატარაა და რეაქტიული ენერგიის გარკვეულ სახეობას იყენებს.
მფრინავი მოტოციკლის ავტორის განცხადებით, Volonaut Airbike 200 კმ/სთ-ს ავითარებს, ხოლო კომპიუტერის საშუალებით გაუმჯობესებული სტაბილიზაციის სისტემა მძღოლისთვის მართვას ამარტივებს. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მოტოციკლის წონის შესამცირებლად, კარბონი და 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ნაწილებია გამოყენებული. მოტოციკლი საშუალოდ შეიძლება დაახლოებით 272 კგ-ს იწონიდეს, Airbike-ის წონა კი, 39 კილოგრამია, თუმცა მძღოლთან ერთად ეს მაჩვენებელი შესაძლოა გასამმაგდეს.
Volonaut-ის ვებსაიტზე განთავსებული სამი ვიდეო Airbike-ს მოძრაობაში წარმოგვიჩენს, რათა კარგი წარმოდგენა შეგვიქმნას მფრინავ მოტოციკლზე. მათ შორის ერთი ვიდეო „ვარსკვლავური ომების“ სპიდერ-მოტოციკლეტის სტილშიცაა გადაღებული. ამ ეტაპზე უცნობია, როდის ჩაეშვება Airbike გაყიდვაში ან რა იქნება მისი ღირებულება.