რატომ მუშაობს Subaru-ს ოპოზიტური ძრავი სამოყვარულო თვითმფრინავებში საუკეთესოდ?
Subaru სიმეტრიული სრული ამძრავითა და ოპოზიტური ძრავებით ფართოდ არის ცნობილი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ „ბოქსერის“ ტიპის ოთხცილინდრიან ძრავებს საფრენადაც იყენებენ. არა — საუბარი WRC-ის ეტაპებზე WRX STI-ის ძველი სარბოლო ავტომობილების შორეულ ნახტომებზე არ ვსაუბრობთ — ვგულისხმობთ რეალურ თვითმფრინავებს, რომლებიც Subaru-ს ოპოზიტურ ძრავებზე მუშაობს.
ასევე იხილეთ: რომელია 10 ყველაზე გამძლე ძრავა ისტორიაში? (ნაწილი 1)
მიუხედავად იმისა, რომ არცერთ სერტიფიცირებულ სერიულ თვითმფრინავს ქარხნულად Subaru-ს ძალოვანი აგრეგატი არ აქვს ჩადგმული, სამოყვარულო ავიაციის სფეროში იაპონური ავტომწარმოებელი საკმაოდ პოპულარულია. მოყვარული კონსტრუქტორები ათწლეულებია სამგზავრო ავტომობილების ძრავებს მსუბუქი თვითმფრინავებისთვის ტრადიციული საავიაციო ძრავების ბიუჯეტურ ალტერნატივად განიხილავენ.
ოპოზიტური ძრავის ცილინდრები ცენტრალური მუხლა ლილვის ორივე მხარეს ბრტყლად არის განლაგებული, რაც საფუძვლად უდევს ჰაერით გაგრილებადი საავიაციო ძრავების კონსტრუქციასაც. დაბალი პროფილი ძრავას საშუალებას აძლევს, თვითმფრინავში ისე მოთავსდეს, რომ პილოტს ხედვა არ შეუზღუდოს, ხოლო ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრავი დგუშები ვიბრაციებს ანეიტრალებს, რაც მსუბუქი საფრენი აპარატისთვის გადამწყვეტია.

Subaru-ს ძრავები იაფია და მათი ექსპლუატაცია მარტივია
Subaru-ს ძრავების გასაფრენად გადაკეთებისას ორი გადამწყვეტი ფაქტორი ფასი და სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობაა. სპეციალურად ავიაციისთვის შექმნილი ძრავები, როგორც წესი, მცირე რაოდენობით იწარმოება, რაც მათ შეძენას ძვირს, ხოლო მომსახურებასა და კაპიტალურ რემონტს გაცილებით ძვირად ღირებულს ხდის. მაგალითად, სრულიად ახალი Lycoming O-360-A4M ოთხცილინდრიანი ძრავა შესაძლოა $80 000-დან $110 000-მდე ღირდეს.
ამის საპირისპიროდ, Subaru-ს EA, EJ, EG და EZ ძრავების ოჯახები ავტომობილებისთვის უზარმაზარი მოცულობით იწარმოებოდა, რაც სამოყვარულო თვითმფრინავების შემქმნელებს საშუალებას აძლევს, საჭირო გადაკეთებამდე ისინი 2500 დოლარად ან უფრო იაფადაც კი მოიპოვონ. უფრო მეტიც, კონსტრუქტორების თქმით, მსგავსი კონვერსიები ძვირადღირებული საავიაციო საწვავის ნაცვლად ჩვეულებრივ, 91-ოქტანიან ბენზინზე მუშაობს, რომელსაც სტანდარტულ ავტოგასამართ სადგურზე იყიდით.

რა თქმა უნდა, Subaru ერთადერთი ავტომწარმოებელი არ არის, რომლის ძრავებმაც ასფალტი საჰაერო სივრცეზე გაცვალა. ასეთ თვითმფრინავებში ჰაერით გაგრილებადი Volkswagen-ის ოთხცილინდრიანი ოპოზიტური ძრავები და Chevrolet Corvair-ის ექვსცილინდრიანი ბოქსერებიც გამოიყენებოდა. ისინი კი, ვინც დიდ სიმძლავრეს ეძებენ, ექსპერიმენტულ კონსტრუქციებში Mazda-ს 13B როტორულ ძრავას ან მთლიანად ალუმინის Chevy LS V8-საც აყენებენ.
თუმცა...
სამგზავრო ავტომობილის ძრავის თვითმფრინავზე დაყენება ისეთი მარტივი არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. თვითმფრინავები ძრავს 4000 ბრუნზე მაღლა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამუშავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აგრეგატი გაცილებით მძიმე დატვირთვით მუშაობს, ვიდრე ამას მაგისტრალზე იზამდა — შესაბამისად, უფრო ძლიერი გაგრილების სისტემა სჭირდება. ამ მიზეზით, ფრენისთვის სპეციალურად შექმნილი საავიაციო ძრავები ყოველთვის უფრო უსაფრთხოა, რადგან ისინი სპეციალურად ამ მომთხოვნი როლისთვის არის დაპროექტებული. თვითმფრინავის ძრავის ავტომობილში ჩადგმა ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე პირიქით.

პილოტები ასევე გვაფრთხილებენ, რომ Subaru-ს ბლოკები ზოგადად ძალიან საიმედოა, მაგრამ გადაკეთების ხარისხმა და დამხმარე კომპონენტებმა შესაძლოა პროექტი ჩაშალოს. Kitplanes-ის მონაცემებით, თვითნაკეთი საავტომობილო ძრავის გადაკეთებით შემდეგ მომხდარი ავარიების დაახლოებით 20% ფრენის პირველი 10 საათის განმავლობაში საწყისი ტექნიკური ხარვეზების გამო ხდება, მაშინ როდესაც სპეციალურ საავიაციო ძრავებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 6%-ია — დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ...
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს