იანვრიდან გერმანიაში Volkswagen-ის 120 000 თანამშრომელი გაფიცვას გეგმავს
რამდენად დაძაბულია მოლაპარაკებები Volkswagen-სა და გერმანიაში მის ქარხნებში დასაქმებულ მუშებს შორის? მუშები აქციებზე VW-ის ლოგოთი დამშვენებული სრული ზომის კუბოებით მიდიან... ეს კარგის ნიშანი არ არის, თუმცა არც გასაკვირია მას შემდეგ, რაც Volkswagen-მა 12 კოლექტიური შეთანხმებიდან 10 გააუქმა — სწორედ ის შეთანხმებები, რომლებზეც 2024 წელს ხელმოწერისას აცხადებდა, რომ კომპანიას გადაარჩენდა. VW ხარჯების შემცირებას კვლავ აგრძელებს და ახალი წლის დასაწყისში მუშები შესაძლოა გაიფიცონ.

მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებამდე გამართულ აქციაზე დაახლოებით 4500 თანამშრომელი და პროფკავშირ IG Metall-ის წევრი შეიკრიბა. მოლაპარაკებები პირდაპირ ეხება გერმანიაში Volkswagen-ის ცხრა ქარხანაში დასაქმებულ დაახლოებით 120 000 თანამშრომელს, თუმცა გახსნითი სესია სულ რაღაც 90 წუთს გაგრძელდა.პროფკავშირმა გაასაჯაროვა, რას ითხოვს Volkswagen-ი და რატომ უწევენ მას ასეთ მძაფრ წინააღმდეგობას.
IG Metall-ის რეგიონულმა დირექტორმა და ამ მოლაპარაკებების მთავარმა მომლაპარაკებელმაVW-ის მოთხოვნებს „საშინელებათა კატალოგი“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს „არა მოლაპარაკებების საფუძველი, არამედ ომის გამოცხადებაა“.

პროფკავშირის თანახმად, Volkswagen-ი ითხოვს უფრო ხანგრძლივ სამუშაო კვირას დამატებითი ანაზღაურების გარეშე და საიუბილეო პრემიების გაუქმებას, რომლებიც ავტომწარმოებელთან 25 და 35 წლიანი მუშაობის აღსანიშნავად გაიცემოდა. IG Metall-ის თქმით, გრძელ სიაში ასევე შედიოდა ანაზღაურებადი შესვენებების, შვებულებებისა და მოგების განაწილების შემცირება.
რატომ არის ეს მოლაპარაკებები ასეთი რთული?
IG Metall-ის განცხადებით, ისინი ითხოვენ VW-ის ვალდებულებას არსებული შეთანხმებების შესრულებაზე, გერმანული ქარხნებისთვის „სიცოცხლისუნარიან პერსპექტივებსა“ და სამომავლო შეთანხმებების დასაცავად გარანტიების შექმნას.
არსებული კოლექტიური შეთანხმება მუშების მხრიდან უზარმაზარი მსხვერპლი იყო, რომელიც 2024 წელს მასობრივი დათხოვნებისა და ქარხნების დახურვის თავიდან ასაცილებლად გაიღეს. გარიგებას VW-ის პერსონალისთვის სამუშაო ადგილების უსაფრთხოება 2030 წლამდე უნდა უზრუნველყო, სამუშაო ადგილების „სოციალურად პასუხისმგებლიანი“ შემცირების პირობით. მუშები დათანხმდნენ ბონუსების შემცირებასა და ხელფასების ზრდაზე უარის თქმას.
საქმე ისაა, რომ გერმანულ ავტომწარმოებელს სერიოზული სირთულეები აქვს, რადგან კარგავს ბაზრის წილს ჩინეთში, აწყდება მნიშვნელოვან ტარიფებს აშშ-ში და უწევს ელექტრომობილებზე დიდი ხნით დაგვიანებულ გადასვლასთან დაკავშირებული ხარჯების ათვისება. მესამე კვარტლის ფინანსურ ანგარიშში ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ავტომწარმოებელი ხარჯების 34 მილიარდი დოლარით შემცირებას გეგმავს.
თუ ვითარება არ შეიცვლება, IG Metall-ში გაერთიანებული 120 000 თანამშრომელი 1 იანვრიდან გაიფიცება...
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს