მფრინავი მანქანების გაყიდვები 2026 წლიდან დაიწყება
დიდი ხნის ლოდინი დასრულებულია. მფრინავი მანქანების შეძენა მსურველებს მომავალი წლიდან შეეძლებათ. Klein Vision-ის მფრინავი მანქანა, სახელწოდებით AirCar-ი, $1 მილიონი ეღირება და უკანასკნელი 75 წლის განმავლობაში წარმოებული პირველი მფრინავი ავტომობილი იქნება, რომელსაც ფრენისთვის საჭირო სერტიფიკატი მიენიჭა.
სლოვაკეთში დაფუძნებულმა კომპანიამ AirCar-ის უახლესი წარმოების პროტოტიპი 25 აპრილს, ავიაციის ინდუსტრიის ცოცხალი ლეგენდებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა. იმავე ღონისძიებაზე, Klein Vision-ის დამფუძნებელმა სტეფან კლეინმა ინჟინრულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოც მიიღო.
„AirCar-ი ფრენის თავისუფლებას რიგითი ადამიანების ხელში მოაქცევს. პროტოტიპის შემუშავებით, ჩვენი ერთი ნაბიჯით უფრო წინ ვართ დასახულ მიზანთან: გარდავქმნათ გადაადგილებაზე არსებული სტანდარტები და გზებსა და ჰაერში ტრანსპორტირება, მობილობის ახალ განზომილებაში გავაერთიანოთ“, - განაცხადა კლეინმა ღონისძიებაზე.
კომპანიის აღმასრულებლების ინფორმაციით, AirCar-ის რამდენიმე სატესტო ფრენამ წარმატებით ჩაიარა - მათ შორის, 500-ზე მეტი აფრენა და დაშვება შეასრულა, დააგროვა ფრენის 170 წარმატებული საათი, დაფარა 1 000 კილომეტრამდე და იფრინა 250 კმ/სთ-ით. კომპანიის ინფორმაციით, მფრინავ სატრანსპორტო საშუალებას სამ კილომეტრამდე სიმაღლეზე ასვლაც შეუძლია.
თუმცა, ფრენის შედეგებთან ერთად, ავტომობილი არანაკლებ კარგ შედეგებს ხმელეთზე აფიქსირებს. ავტომობილის დიაპაზონი დაახლოებით 700 კილომეტრს აღწევს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 200 კმ/სთ-ზე ავითარებს.
AirCar-ის საჰაერო და საგზაო მართვის რეჟიმებს შორის გადასვლა, შესაძლოა ავტომატურად, სულ რაღაც 2 წუთში განხორციელდეს. ამისათვის ავტომობილს დასაკეცი ფრთები, დასაკეცი კუდი და პარაშუტის გაშლის სისტემაც კი აქვს. მანქანის რეჟიმში კუდი იკეცება, რაც მას მფრინავ ვერსიასთან შედარებით უფრო პატარას ხდის. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მფრინავი ავტომობილი 280 ცხენის ძალის მქონე ძრავითაც აღჭურვილია.
შეგახსენებთ, რომ Klein Vision-ის მფრინავი მანქანების გაყიდვა 2026 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. საწყისი ფასი $800 000-ია და $1 000 000-მდე იზრდება.