ახლო მომავალში, შესაძლოა, Tesla Roadster მფრინავი მანქანა იყოს
Tesla-მ კიდევ ერთხელ გვანიშნა, რომ Roadster, შესაძლოა, ისტორიაში პირველი მფრინავი მანქანა იყოს.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, პირველი პროტოტიპი წლის ბოლომდე მზად იქნება. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, ეს ყველაზე დასამახსოვრებელი წარდგენა იქნება, რაც აქამდე გვინახავს.
„თუ თქვენ ჯეიმს ბონდის ყველა მანქანას ერთმანეთთან შეაერთებთ, Roadster მაინც უფრო გიჟური იქნება“ — განაცხადა ამერიკელმა მილიარდერმა ჯო როგანის პოდკასტში.
დაახლოებით ერთი წლის წინ, ბიზნესმენმა CNN-თან სტუმრობისას დაადასტურა, რომ მოდელზე ტესლასთან ერთად SpaceX-იც მუშაობს და რაკეტის მსგავს ტექნოლოგიას უნდა ველოდოთ. 
როგანთან სტუმრობისას Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტექნოლოგიის საბოლოო წარდგენის თარიღად ასევე წლის ბოლო დაასახელა.
„მფრინავი მანქანის“ განსაზღვრება მართლაც ძალიან ბუნდოვანია. რა მოლოდინები უნდა გვქონდეს? ზოგისთვის მფრინავი მანქანა ჩვეულებრივი ავტომობილია, რომელიც საჭირო დროს დაფინავს ხოლმე, ზოგისთვის კი — პირიქით, ძირითადად მფრინავი ავტო, რომელიც ზოგჯერ გზაზეც შეიძლება გავატაროთ.
ტესლას იდეასთან ძალიან ახლოს დგას ჯერ ისევ განვითარების პროცესში მყოფი Samson Sky Switchblade, რომელიც ასევე შეიძლება „ნამდვილ“ მფრინავ მანქანად ჩაითვალოს — ეს ტრანსპორტია, რომელიც პირველ რიგში ავტომობილადაა ჩაფიქრებული, შემდეგ კი საფრენ აპარატად. 
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც, მფრინავი მანქანებზე აქტიურად ცოტა მწარმოებელი მუშაობს და ამ შემთხვევაშიც, ძირითადად სტარტაპებთან გვაქვს საქმე, რეგულაციებია — მფრინავი ავტომობილების მასობრივ მოხმარებაში შემოსვლა საგზაო მოძრაობის წესებისა და ინფრასტრუქტურის რადიკალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, თუმცა როგორც წესი, რეგულაციები ტექნოლოგიის კვალდაკვალ მოძრაობენ.
ადრე თუ გვიან, მფრინავი მანქანები საკმარისად სრულყოფილები იქნებიან იმისთვის, რომ მათი აქტიურად გამოყენება დავიწყოთ.