ჩინეთი, მფრინავი მანქანა, ავტოწარმოება, იქსპენგი
Aa
Aa

მსოფლიოში პირველი მასობრივი წარმოების მფრინავი მანქანა | მწარმოებელი ჩინეთია

ავტომობილების ჩინურმა მწარმოებელმა, Xpeng-მა, თავისი შვილობილი კომპანია Aridge-ს მეშვეობით, მფრინავი მანქანების ეპოქაში ოფიციალურად შეაბიჯა. Aridge კუანჭოუში მდებარე უახლესი ქარხნიდან პირველ Land Carrier-ებს გაუშვებს. როგორც თავად სიამაყით აცხადებს, ეს მსოფლიოში პირველ მასობრივი წარმოების ხაზია - მფრინავი მანქანებისთვის.

ჩინური ავტომწარმოებლის განცხადებით, ექსპერიმენტული ფრენის ტესტებს ჯერ ავტომობილების პირველი პარტია გაივლის. ეს კი, მომდევნო წლიდან, სრულმასშტაბიანი მიწოდების დაწყების წინაპირობა გახდება.

კუანჭოუს ქარხანა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისადაა შექმნილი და ბევრი ინჟინრისთვის საოცნებო „სათამაშო მოედანია“. ქარხანა Xpeng-ის მოდულური მფრინავი მანქანების წარმოებისთვისაა განკუთვნილი. ეს იქნება ჭკვიანი „2-ნაწილიანი“ ავტომობილი, რომელიც სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებად იყოფა.

სახმელეთო მოდული, ანუ მთავარი მანქანა, ექვსი ბორბლითა და სრულად ამძრავი სისტემითაა წარმოდგენილი. სალონში მგზავრებს პანორამული 270-გრადუსიანი კაბინა პილოტების მსგავს ხედს სთავაზობს, მექანიკურ რეჟიმში მისი მართვა კი, ერთი საკონტროლო ღილაკითაა შესაძლებელი. ის საკმარისად დიდია აღჭურვილობის გადასატანად, მოქნილია ქალაქის ქუჩებისთვის და კომპაქტურია სტანდარტულ ავტოსადგომზე განსათავსებლადაც. თუმცა აფრენის მომენტისთვის, მთავარი მანქანა იხსნება და ექვსროტორიანი, ორარხიანი საფრენი აპარატი გამოდის, რომელიც ბევრად პატარა ზომისაა და წონის შესამსუბუქებლად კარბონისგანაა დამზადებული.

მიუხედავად იმისა, რომ Xpeng ერთადერთი კომპანია არაა, რომელიც მფრინავი მანქანების განვითარებაზე მუშაობს, მასობრივი წარმოების თვალსაზრისით ის უკვე სხვებზე ერთი ნაბიჯით წინაა. კომპანიის განცხადებით, Land Carrier-ის მფრინავი მანქანებისთვის მხოლოდ ახლო აღმოსავლეთიდან 600-ზე მეტი წინასწარი შეკვეთა უკვე მიიღო. მათი მიწოდება 2026-2027 წლებშია დაგეგმილი. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები