ელექტრომობილები, ჰიუნდაი, ჰიუნდაი აიონიქ 9, ბიემვი აიიქსი, ჰიუნდაი აიონიქ 5, ლუსიდ გრევითი, რივიანი რ1ს, ბმვ იქს
Aa
Aa

საუკეთესო ელექტრო SUV-ები 2026 წლისთვის | Edmunds-ის კვლევა

რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად, ავტომწარმოებლები ელექტრიფიკაციის გეგმებზე მუშაობენ და ბაზარზე ყოველწლიურად ახალი მოდელებიც გამოაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, მათ შორის Tesla-სა და BYD-ის მოდელებზეც კი, მოთხოვნა მცირედით შემცირებულია, EV-ების გაყიდვების მზარდი ტენდენცია უახლოეს მომავალში, წესით, კვლავ აღდგება.

ამ თემასთან დაკავშირებით, Edmunds-მა რამდენიმე სეგმენტისთვის საუკეთესო ელექტრო SUV-ები წარმოადგინა. ანალიტიკურმა ფირმამ მოდელები 10-ბალიანი სისტემით შეაფასა და თითოეული კატეგორიისთვის საუკეთესო SUV გამოავლინა. სია მოიცავს ელექტრო SUV-ებს სხვადასხვა ზომისა და საუკეთესო წარმადობის მიხედვით.

Hyundai Ioniq 5 - საუკეთესო პატარა ზომის ელექტრო SUV

Edmunds-ის შეფასებით, პატარა ზომის ელექტრო SUV-ის შეძენისას საუკეთესო არჩევანი Hyundai Ioniq 5 იქნება. ბატარეის სიმძლავრის (63 კვტ/სთ და 84 კვტ/სთ) გათვალისწინებით, ეს მოდელი 350-დან 515 კილომეტრამდე დაფარვის დიაპაზონს გვთავაზობს. 800-ვოლტიანი სისტემის დახმარებით კი, 10%-დან 80%-მდე ეს მოდელი — რა თქმა უნდა, შესაბამისი ადაპტერის გამოყენების შემთხვევაში — სულ რაღაც 18 წუთში იმუხტება. Hyundai-სთან ერთად, ანალიტიკური ფირმა Tesla Model Y-საც უწევს რეკომენდაციას, რომელიც, მისი შეფასებით, ოჯახებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება.

Hyundai Ioniq 9 - საუკეთესო საშუალო ზომის ელექტრო SUV

საუკეთესო საშუალო ზომის ელექტრო SUV-ი კი, Edmunds-ის შეფასებით, 10-დან 8.4 ქულით, Ioniq 9 გახლავთ. თავის ანგარიშში ანალიტიკური ფირმა მოდელის 3-რიგიან განლაგებას, დიდი ზომის საბარგულსა და სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობას გამოყოფს. 2026 წლის მოდელი ერთი დამუხტვით 620 კილომეტრის დაფარვის დიაპაზონს უზრუნველყოფს და 10-დან 80%-მდე 24 წუთში იმუხტება. იმავე კატეგორიაში Edmunds-ი ასახელებს Kia EV9-საც, რომელმაც 8.2/10 შეფასება დაიმსახურა.

BMW iX xDrive45 - საუკეთესო საშუალო ზომის მდიდრული ელექტრო SUV

საშუალო ზომის მდიდრულ ელექტრო SUV-ებს შორის, Edmunds-ი არჩევანს BMW iX xDrive45-ზე აკეთებს. ანგარიშში ყურადღება გერმანული მოდელის დიზაინსა და უნიკალურ ექსტერიერზეა გამახვილებული. ცნობისთვის, xDrive45-ის მონაცემები 2026 წლისთვის გაუმჯობესდა. ეს ვერსია ახლა 402 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ერთი დამუხტვით 500 კილომეტრის დაფარვის საშუალებას იძლევა და 0-დან 100-მდე 5 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება. იმავე კატეგორიაში Edmunds-ი Mercedes-Benz EQE 350+-საც ასახელებს და მის მაღალ ხარისხს, ელეგანტურ სალონსა და დაფარვის დიდ დიაპაზონს გამოარჩევს.

Rivian R1S და Lucid Gravity - საუკეთესო დიდი ზომის მდიდრული ელექტრო SUV

დიდი ზომის მდიდრულ ელექტრო SUV-ებს შორის Edmunds-ი Rivian R1S-სა და Lucid Gravity-ს ასახელებს. მათ ამ სეგმენტში ყველაზე მაღალი — 10-დან 7.8 ქულა მიიღეს. ახალი Gravity უფრო მეტად ოჯახისთვის განკუთვნილი ელექტრომობილია, რომელშიც დიდი ყურადღება სალონის განლაგებასა და სივრცეს ეთმობა. მეორე მხრივ, Rivian R1S უფრო ელექტრო Range Rover-ს ჰგავს და „ოფ-როუდ“ მგზავრობისთვისაც გამოდგება. ეს მოდელი, ბატარეის სიმძლავრის მიხედვით, 430-დან 660 კილომეტრამდე დაფარვის დიაპაზონს უზრუნველყოფს.

Hyundai Ioniq 5 N - საუკეთესო წარმადობის მქონე ელექტრო SUV

რაც შეეხება საუკეთესო წარმადობის მქონე ელექტრო SUV-ს, ამ კატეგორიაში საუკეთესო ალტერნატივად Edmunds-ი Hyundai Ioniq 5 N-ს ასახელებს. ანალიტიკური ფირმის შეფასებით, ეს მოდელი ერთ-ერთი საუკეთესო მძლავრი SUV-ია. 2025-26 წლების მოდელი 641-დან 650 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 3.4 წამში ჩქარდება. 84 კვტ/სთ-ის აკუმულატორისა და 800-ვოლტიანი სისტემის დახმარებით კი, მოდელი 10-დან 80%-მდე 18 წუთში იმუხტება. დამატებით, ამ მოდელს ისეთი მახასიათებლებიც გამოარჩევს, როგორიცაა სიმულაციური სიჩქარეების გადამრთველი და ძრავის ხმა, რაც მძღოლებისთვის მართვისგან მიღებულ გამოცდილებას აუმჯობესებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები