სუპერქარი, ელექტრომობილი, ტესლა, ტესლა როუდსტერი, ტესლა როდსტერი, პატენტი
Aa
Aa

Tesla-მ „2017 წლის სუპერქარისთვის“ ახალი სავარძლის პატენტი წარადგინა

Tesla გასულ წელსაც მიგვანიშნებდა, რომ დიდი ხნის დაპირებული Roadster-ის პირველი პროტოტიპი წლის ბოლომდე უნდა გამოჩენილიყო. უკვე ალბათ არავისთვისაა გასაკვირი, რომ ეს გეგმაც არ შესრულდა და საავტომობილო ინდუსტრია კვლავ ამერიკული მწარმოებლის ახალი მოდელის მოლოდინშია. მაშინ, ჯო როგანის პოდკასტში, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ისიც თქვა, რომ Tesla Roadster-ი უფრო „გიჟური იქნებოდა, ვიდრე ის მოდელი, რომელსაც ჯეიმს ბონდის ყველა მანქანის გაერთიანებით მივიღებდით“.

ამ განცხადებების მიუხედავადაც, Roadster-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპისთვის კვლავ უცნობია. არსებული ვარაუდებით, მოდელის დასრულებული საწარმოო ვერსია 2026 წლის აპრილში უნდა იყოს მზად, წარმოება კი დაახლოებით 12-18 თვის ვადაში უნდა დაიწყოს. მანამდე, Roadster-ის მიმართ მოლოდინების გასაზრდელად, Tesla-მ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც კომპანიის მაღალი ხარისხის სავარძლების ახალი კონცეფციაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში, რომელიც პირველად Teslarati-მ გამოაქვეყნა, აღწერილია მონოლითური ჩარჩო, რომელიც სავარძლის ფუძეს, საზურგეს, თავის საყრდენს და გვერდით საყრდენებს ერთ კომპოზიტურ სტრუქტურაში აერთიანებს. მსგავსი დაპროექტება რადიკალურად განსხვავდება სპორტული ავტომობილების უმეტესობისთვის დამახასიათებელი მრავალნაწილიანი კონფიგურაციისგან. დოკუმენტში Tesla-ს მიერ მასალების (კევლარისა და ნახშირბადის ნეილონის კომპოზიტები) მითითება მკაფიო მინიშნებაა კომპანიის მიზანზე, მაქსიმალურად შეამციროს წონა და, ამავდროულად, სავარძელი უფრო მტკიცე გახადოს.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები? 

საინტერესოა ისიც, რომ Tesla-ს პატენტი ლითონის მექანიზმების ნაცვლად ინტეგრირებულ მოქნილ საკინძებს იყენებს. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მასალა დამოუკიდებლად იხრება. მსგავსი კონსტრუქცია ჩარჩოს საშუალებას აძლევს გარკვეულ ადგილებში მოიხაროს, ხოლო სხვაგან მყარი დარჩეს — ეს დიზაინერებისთვისაც პრაქტიკულია, რადგან ახერხებენ, სავარძელი ძლიერი აჩქარებისა და მკვეთრი მოსახვევებისთვის დახვეწილად დაარეგულირონ.

თუმცა Tesla მხოლოდ ჩარჩოზე არ ჩერდება - პატენტში სტანდარტული ელექტროძრავები და რელსები პატარა აქტიუატორებითაა ჩანაცვლებული, რომლებიც სავარძელს სხვადასხვა მიმართულებით ამოძრავებენ. საერთო ჯამში, ვიღებთ „თავისუფლების 6 გრადუსს“ (6 დამოუკიდებელი მიმართულებით გადაადგილების შესაძლებლობას), რაც სავარძლის მოძრაობას იმაზე დიდი სიზუსტით უზრუნველყოფს, ვიდრე მდიდრული მოდელების უმრავლესობის შემთხვევაში. ეს რეგულირების ის ხარისხია, რომელიც სტანდარტულად მხოლოდ მაღალი კლასის სპორტული ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი.

მილიარდერის ინფორმაციით, Roadster-ის დიზაინის პრეზენტაცია 1 აპრილსაა დაგეგმილი. ეს დიდ მოლოდინს ქმნის ავტომობილისთვის, რომლის მომავალიც წლების განმავლობაში გაურკვევლობით იყო მოცული. ვადები თავდაპირველ გეგმას ისედაც მნიშვნელოვნად გასცდა: Tesla-მ Roadster-ის პროტოტიპი პირველად 2017 წელს წარმოადგინა, მისი გამოშვება კი 2020 წელს დააანონსა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს გეგმა ჯერ კიდევ არ შესრულებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები