Aa Aa
7 ივლისი 2020  |  17:26

დიდი ზომის მოქნილი სუვი: 2020 წლის Nissan Armada

2020 წლის Nissan Armada ყველაზე პოპულარული დიდი ზომის სუვი ნამდვილად არ არის. შეიძლება ითქვას, რომ მის გამოკვეთილ დიზაინს და დახვეწილ ინტერიერის იმდენად არ აფასებენ, რამდენადაც იმსახურებს. 3-რიგიანი Nissan-ი 8 ადამიანს იტევს და 3855კგ-ს ბუქსირება შეუძლია. ამ მაჩვენებლებით ის მის კონკურენტებს Chevy Tahoe-სა და GMC Yukon-ს უტოლდება. მართალია, Armada-ს სუვისთვის დამახასიათებელი დახვეწილი საინფორმაციო-გასართობი სისტემა და ფუფუნების სხვა დეტალები აკლია, მაგრამ, ბევრ კონკურენტთან შედარებით, სასიამოვნო მართვადობას გვთავაზობს. მძღოლის დამხმარე სისტემებიც სტანდარტული აქვს. შეიძლება, 2020 წლის Armada გაყიდვებში ისეთი პოპულარული ვერ არის, როგორც მისი კონკურენტები, მაგრამ მისი შესაძლებლობები არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს.

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

2020 წლის Armada წინა მოდელებისგან თითქმის არ განსხვავდება. რამდენიმე ახალი ფუნქცია სტანდარტულია. დამატებითი პაკეტები არჩევითია. ყველა მოდელს გათბობადი სარკეები აქვს. ახლა Armada-ს ზოგი ვერსია 22-იანი დისკებითა და ყველა სეზონის საბურავებითაა აღჭურვილი.

ფასი

  • SV: $48,495
  • SL: $53,295
  • Platinum: $61,925
  • Platinum Reserve: $65,925

SL მოდელი შესაძლებლობებისა და ფასის საუკეთესო ბალანსს გვთავაზობს. ყველა SL-ს სტანდარტული ფუნქციები აქვს: 20-იანი დისკები, 360-გრადუსიანი კამერის სისტემა, ტყავის საფარი და ა.შ. ასარჩევი პაკეტებიდან Premium პაკეტი ყველაზე დახვეწილია: ადაპტური კრუიზ კონტროლი, უხილავი წერტილის მონიტორინგი, ავტომატური დამუხრუჭება, ლიუკი. Captain's Chairs-ს პაკეტი მეორე რიგში ერთი გრძელი სკამის ნაცვლად, ცალკეულ სკამებს გვთავაზობს, რაც მესამე რიგში ჩაჯდომას აადვილებს.

ძრავა და მართვადობა

ძლიერ V-8-ს 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ათვინიერებს. ხელმისაწვოდმია უკანა წამყვანი ან AWD სისტემით. Armada-ს ძრავის არჩევნები აკლია და, მიუხედავად მისი სისწრაფისა, კონკურენტებს მაინც ჩამორჩება. 0-100კმ/სთ-მდე 6.0 წამში აღწევს. ამ მონაცემით ის Nissan Maxima-ს უტოლდება. მაქსიმალური სიჩქარე - 193 კმ/სთ. მაყუჩიდან გამომავალი ხმა სასიამოვნოა.

მის ზომას თუ გავითვალისწინებთ, Armada მოულოდნელად კარგი სამართავია. მისი რბილი დაკიდების სისტემა ჰაერში ტივტივის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედევად იმისა, რომ სპორტულობისგან ძალიან შორსაა, მის GM კონკურენტებზე სახალისო მართვადობას გვთავაზობს. თუმცა, კონკურენტები საჭის მოძრაობაზე უფრო სწრაფად და ზუსტად მოქმედებს. Nissan-ს მოკლე სამუხრუჭე მანძილი აქვს. მუხრუჭები იდეალურად რეაგირებს.

საწვავის ეკონომია

2020 წლის Armada-ს 5.6 ლიტრიანი V8 და დიდი წონა განაპირებობებს იმას, რომ ამ ავტომობილს ეკონომიურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ქალაქში 100 კილომეტრზე 16.8 ლიტრს საწვავს მოიხმარს, ტრასაზე კი 12.4 ლიტრს. ოთხივეწამყვანიანი არჩევანი ამ შედეგებს მცირედით აუარესებს.

ექსტერიერი და ინტერიერი

Armada, LED მაშუქებითა და დიდი ცხაურით, საკმაოდ ფართოდ გამოიყურება. დიზაინს ის ნაპერწკალი აკლია, რაც მის ამერიკულ მეტოქეებს აქვს, მაგრამ ქრომის დეტალებს მაინც მიიღებთ. 19-იანი დისკები სტანდარტულია. SL მოდელი 20-იან დისკებს გვთავაზობს. ყველაზე ზემდგომი ვერსია 22-იან დისკებს გვთავაზობს. ეს ავტომობილი 2530 კილოგრამს იწონის. 

საბაზისო მოდელი Armada ოთხ ფერშია ხელმისაწვდომი: ლურჯი, შავი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი. მარგალიტისფერი თეთრი დამატებით $395-ად არის ხელმისაწვდომი. SL-ზე სპილენძისფერი და ნუშისფერი ექსკლუზიურია და მცირე რაოდენობით არის ხელმისაწვდომი. Platinum Reserve ვერსია თავისი ქრომის დეტალებითაა უნიკალური.

რბილი და ტევადი ინტერიერი დახვეწილ ექსტერიერის შესაფერისია. სალონი ხმაურისგან იზოლირებულია. წინა თაობის მოდელთან შედარებით, ინტერიერის ხარისხი ბევრად გაუმჯობესებულია. Armada-ს სალონს ფუფუნების ის დეტალები აკლია, რაც მის კონკურენტ GM ავტომობილებს აქვს. Armada მესამე რიგის სავარძლებთან ფეხისთვის უფრო მეტ სივრცეს გვთავაზობს, ვიდრე ამავე ზომის სხვა სუვები. Platinum Reserve-ს მოდელი ინტერიერის ფერების ორ სქემას გვთავაზობს.  ხის დეტალები და ტყავის საფარი კარებზე ცოტა მოძველებულია. Armada 8 ადამიანს იტევს. დიდი ზომის ცენტრალურმა კონსოლმა ნივთებისთვის სივრცე დაიკავა. მეორე რიგის სავარძლები ადვილად იკეცება, თუმცა ეს მექანიკურად ხდება. მესამე რიგის სავარძლები კი ელექტრონულია.

საინფორმაციო-გასართობი სისტემა

ყველა Armada-ს NissanConnect საინფორმაციო-გასართობი სისტემა აქვს. ნავიგაცია და 13-დინამიკიანი აუდიო სისტემა სტანდარტულია. სენსორული ეკრანი 8-ინჩიანია. სამწუხაროდ, სისტემა ბრძანებებზე ნელა რეაგირებს და Apple CarPlay და Android Auto ხელმისაწვდომი არ არის.

უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე სისტემები

2020 წლის Armada-მ National Highway Traffic Safety Administration-ის შეჯახების ტესტში 4 ვარსკვლავი დაიმსახურა, რაც, დღევანდელ სტანდარტებს და ბაზარზე კონკურენციას თუ გავითვალისწინებთ, საამაყო შედეგი არ უნდა იყოს. Insurance Institute for Highway Safety-ის ჯერ არ შეუმოწმებია. ყველა მოდელზე წინა შეჯახებაზე გაფრთხილება და ავტომატური დამუხრუჭება სტანდარტულია. სხვა ფუნქციები მოიცავს:

  • სტანდარტული ავტომატური დამუხრუჭება;
  • ხელმისაწვდომი ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა;
  • ხელმისაწვდომი უხილავი წერტილის მონიტორინგი და უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილება.

ვერდიქტი

2020 წლის Nissan Armada თავისი დიდი წონისთვის კარგად იმართება, თუმცა, კონკურენტებთან შედარებით ბევრ საწვავს მოიხმარს. ექსტერიერი და ინტერიერი დახვეწილია, თუმცა, იმდენ ყურადღებას ვერ იპყრობს, რამდენსაც იმსახურებს. სალონი საკმაოდ ტევადი და მოსახერხებელია. საინფორმაციო-გასართობ სისტემას დახვეწა აკლია. შეიძლება ითქვას, რომ მოცულობითი სალონი, ძლიერ ძრავასთან ერთად, ამ ავტომობილის მთავარი ძლიერი მხარეა. უარყოფითი მხარეების მიუხედავად, თუ ამ მანქანის შეძენას მაინც გადაწყვეტთ, ამ ვერსიებს შორს SL ყველაზე ადეკვატური არჩევანია.

გაზიარება: