ჰაერით გაგრილებადი Porsche ბრუნდება ? | თუმცა არა ისეთი, როგორიც თქვენ გახსოვთ
ახლახან გამოქვეყნებული პატენტი მინიშნებაა ჭკვიანურ ჰიბრიდულ სისტემაზე, რომელიც თერმული მართვის თანამედროვე სისტემას კლასიკური 911-ის ფილოსოფიასთან აერთიანებს.
შესაძლოა Porsche-მ ჰაერით გაგრილებადი 911-ების წარმოება თითქმის სამი ათწლეულის წინ გააჩერა, თუმცა ფაქტია, რომ მათზე ფიქრი არ შეუწყვეტია. გერმანული ავტომწარმოებლის მიერ ახლად გამოქვეყნებული პატენტი კი თითქოს სწორედ ამ ფაქტზე მიგვანიშნებს. ჩვენ წინაშე სრულად ახალი კონცეფციაა, თუმცა კლასიკური 911-ის ნაცნობი ფილოსოფიითა და თერმული მართვის თანამედროვე სისტემით შემოთავაზებული.

პატენტი, რომელიც გამოცემა CarBuzz-მა აღმოაჩინა, გერმანიის პატენტების უწყებაში (DPMA) 2025 წელს წარადგინეს, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ მიმდინარე წლის 7 მაისს გამოქვეყნდა. მისი სახელწოდება კი ითარგმნება როგორც: „ჰაერითა და სითხით გაგრილებადი შიგაწვის ძრავით მომუშავე ავტომობილი“, რადგან ახალი სისტემა მხოლოდ ჰაერით გაგრილებად ტექნოლოგიას არ ეყრდნობა.
როგორც ჩანს, Porsche ჰიბრიდული მართვის სისტემას მომავალი თაობის, მაღალი გამავლობის სპორტული ავტომობილებისთვის ავითარებს — განსაკუთრებით უკანა და შუაძრავიანი მოდელებისთვის. საინტერესო ისიცაა, რომ მსგავსი რამ 959-ის „პროტო-ჰიპერქარის“ შემდეგ არ გვინახავს. ამ უკანასკნელს ჰაერით გაგრილებადი კარტერი და სითხით გაგრილებადი ცილინდრის თავები ჰქონდა.

თუმცა ახალი სისტემა ძველი მიდგომისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია — უფრო კონკრეტულად, ის სტანდარტული თხევადი გაგრილებისა და აქტიური ჰაერის ნაკადების კომბინაციას გვთავაზობს. მათ შორის, ძრავა კვლავ იყენებს გამაგრილებლის არხებს, ტუმბოებსა და რადიატორს, თუმცა Porsche მას მძლავრ ვენტილატორებსაც ამატებს. ამ ვენტილატორების საშუალებით, ჰაერის ნაკადი ძრავის ბლოკის, ტურბოჩამბერისა და გამონაბოლქვი სისტემისკენ მიემართება.
ძრავა თითქმის ჰერმეტულ კორპუსშია მოთავსებული, რომელიც გიგანტური სადინრის მსგავსად მუშაობს. შედეგად, ამ სისტემით ჰაერი ჯერ რადიატორში გადის, შემდეგ კი ძრავას უვლის გარს და ავტომობილის უკანა მხრიდან გადის. ეს არის სისტემა, რომელიც საოცრად ახლოსაა კლასიკური ჰაერით გაგრილებადი 911-ის ფილოსოფიასთან. პატენტში ასევე საუბარია კარტერზე დამაგრებულ „გაგრილების წიბოებზე“, რაც კლასიკური 911-ის ძრავების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ვიზუალური და საინჟინრო მახასიათებელია.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სისტემით რადიატორი ძრავასთან შედარებით ახლოსაა განთავსებული, რის ხარჯზეც გაგრილების მილები შესაძლოა უფრო მოკლე, მსუბუქი და მარტივი კონსტრუქციის იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიდგომით გაგრილების ძირითადი დატვირთვა უკანა ნაწილზე მოდის, Porsche აეროდინამიკის გაუმჯობესებაზეც ჩამოდის ფსონს. ხოლო ცივი დაქოქვისას სისტემას ჰაერის ნაკადის მიმართულების შეცვლაც შეუძლია, რის შედეგადაც ძრავა მუშაობისთვის საჭირო ტემპერატურას ბევრად სწრაფად აღწევს. პატენტზე წარდგენილი დოკუმენტაცია მიგვანიშნებს, რომ სისტემას მიმჭერი ძალის გენერირების პოტენციალიც აქვს, რაც მას Gordon Murray-ს ცნობილი T.50 სუპერქარის ენერგიას შესძენს.

ამ დროისთვის უცნობია, ჩაეშვება თუ არა წარმოებაში Porsche-ს მიერ შემუშავებული ახალი სისტემა ან როგორ გადაჭრის ვენტილატორის ხმაურით გამოწვეულ პრობლემას, რაც 993-დან ჰაერით გაგრილებადი ძრავის ამოღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. თუმცა, თუ პროექტი განხორციელდა, Porsche-ს მოყვარულები ალბათ სწორედ იმ „ძველი სულის“ მატარებელ მოდელს მიიღებენ, რომელსაც ამდენი ხანია ელოდებიან.