ილონ მასკი, ელექტრომობილი, როდსტერი, ტესლა, ტესლა როდსტერი, სემ ალტმანი
Aa
Aa

სემ ალტმანი Roadster-ის ლოდინით დაიღალა და Tesla-ს დეპოზიტის დაბრუნება მოთხოვა | რა უპასუხა მას მასკმა?

OpenAI-ს აღმასრულებელ დირექტორსა და Tesla-ს დამფუძნებელს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების დეტალები საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია. დაპირისპირება, რომელიც ამჟამად სასამართლო სხდომაზეც გრძელდება, სათავეს ჯერ კიდევ AI-სტარტაპის დაარსებიდან იღებს. მაშინ მასკმა OpenAI-ში სოლიდური ინვესტიცია განახორციელა, თუმცა იმ პირობით, რომ OpenAI არაკომერციულ ორგანიზაციად დარჩებოდა. მოგვიანებით სტარტაპი მოგებაზე ორიენტირებულ მოდელზე გადავიდა და სწორედ ამას აპროტესტებს სასამართლოში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანიც.

თუმცა ალბათ ნაკლებად ცნობილია ისტორია, რომელიც არა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპს, არამედ Tesla-ს მრავალწლიან დანაპირებს — Roadster-ის სპორტულ ელექტრომობილს უკავშირდება. როგორც ირკვევა, სხვა მომხმარებლების მსგავსად, რომლებმაც წლების წინ მოდელის დასაჯავშნად სოლიდური თანხები გადაიხადეს, ალტმანიც დაიღალა ლოდინით და Tesla-ს დეპოზიტის უკან დაბრუნება მოსთხოვა. პასუხმა კი, რომელიც მან ელექტრომობილების მწარმოებლისგან მიიღო, ამერიკელი ბიზნესმენი ალბათ კიდევ უფრო განარისხა.

რა ხდება Tesla Roadster-ის ირგვლივ?

Roadster-ის გამოშვების გეგმა Tesla-მ არაერთხელ გადადო, მათ შორის მიმდინარე წელსაც კი. ბოლო განცხადებით, ელექტრო სუპერქარის დებიუტი 1 აპრილს იყო დანიშნული, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ამის შემდეგ ამერიკული კომპანიისგან ბევრი რამ შევიტყვეთ. საწყისი გეგმებით, Roadster-ი, რომლის პროტოტიპი Tesla-მ პირველად 2017 წელს წარმოადგინა, 2020, 2021, 2022, 2023, 2024 და „2025 წლის ბოლოსაც კი“ უნდა გამოჩენილიყო.

ასევე დაგაინტერესებთ: Tesla-მ Roadster-ის პრეზენტაცია ისევ გადადო | როდის ვიხილავთ დაპირებულ სუპერქარს?

ავტომობილის დასაჯავშნად თავის დროზე მომხმარებლებს $50 000-იანი დეპოზიტის შეტანა მოუწიათ და რა გასაკვირია, რომ ახლა ზოგიერთი მათგანი იმედგაცრუებულიც კია. ჰოდა, ალტმანმაც დრო იხელთა და გასულ წელს Tesla-ს დეპოზიტის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საჯაროდ გააკეთა:

„მანქანით მართლაც რომ აღფრთოვანებული ვიყავი. შეფერხებებიც მესმის... თუმცა 7.5 წელი ლოდინისთვის ძალიან დიდი დროა“, — მიმართა მან პლატფორმა X-ის საშუალებით Roadster-ის სხვა პოტენციურ მფლობელებს.

მან ე.წ. „სქრინშოთებიც“ გამოაქვეყნა სახელწოდებით — „ზღაპარი სამ მოქმედებად“:

  • 2018 წლის ზაფხული, $45 000-იან დეპოზიტზე კომპანიისგან დასტურის მიღება.
  • ელ. წერილი, რომელიც ალტმანმა თანხის დაბრუნების მოთხოვნით Tesla-ს გაუგზავნა.
  • ავტომატური შეტყობინება რომ წერილი ადრესსატამდე ვერ მივიდა, რადგან „ელ-ფოსტის მისამართი არ არსებობს“.

ცნობისთვის, ალტმანი მარტო არაა. იმედგაცრუებულ მომხმარებლებს შორისაა იუთუბერი მარკეს ბრაუნლი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დეპოზიტი დაიბრუნა და თქვა, რომ ეს რომ სცოდნოდა, ფულს თავის დროზე სხვა საქმეში დააბანდებდა.

რა უთხრა Tesla-ს მილიარდერმა დამფუძნებელმა OpenAI-ს ხელმძღვანელს?

რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელმაც ალტმანის „ზღაპრების სერიას“ სარკასტული კომენტარით უპასუხა და X-ზე პოსტი გამოაქვეყნა:

„და დაგავიწყდა გეხსენებინა მე-4 მოქმედება, სადაც ეს პრობლემა მოგვარდა და თქვენ 24 საათში თანხა დაგიბრუნდათ. თუმცა ეს ხომ შენს ბუნებაშია“, — ვკითხულობთ ილონის განცხადებაში.

შესაბამისად, როგორც აღმოჩნდა, მცირე ტექნიკური ხარვეზის მოგვარების შემდეგ, სულ რაღაც 24 საათში თანხა კვლავ ალტმანის ანგარიშზე ჩაირიცხა. თუმცა მხარეებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და ერთმანეთი საჯაროდ კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები