Toyota დიდ ავიაციაში მიდის — იაპონური ავტომწარმოებელი Joby Aviation-ის პარტნიორი გახდა
იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა ტოიოტამ და ამერიკულმა სტარტაპმა Joby Aviation-მა, რომელიც საფრენი აპარატების შექმნით არის დაკავებული, სტრატეგიული სამრეწველო ალიანსის შექმნა ოფიციალურად გამოაცხადეს. პარტნიორობის ფარგლებში დაარსდა ერთობლივი საწარმო სახელწოდებით Joby Toyota Aero Manufacturing Preparation Company. კომპანია ბაზირებული იქნება კალიფორნიაში და მასში საკონტროლო, 51-პროცენტიან წილს იაპონური ავტომწარმოებელი ფლობს, ხოლო დარჩენილი 49% ამერიკულ სტარტაპს ეკუთვნის.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
ალიანსი ელექტრონულ ავიაციაში Joby-ს პიონერული მიღწევების ტოიოტას მსოფლიოში აღიარებულ გამოცდილებასთან გაერთიანებას ისახავს მიზნად. კომპანიებს დეტალებზე ბევრი არ უსაუბრიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ საწყის ეტაპზე ძირითადი ფოკუსი კომერციული წარმოებისთვის მყარი საფუძვლის მომზადებაზე გაკეთდება. პარტნიორები ორიენტირებულნი იქნებიან პროდუქტიულობის, ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებასა და თვითღირებულების მაქსიმალურ შემცირებაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ნაბიჯი საგრძნობლად გაზრდის Joby-ს საწარმოო სიმძლავრეებს, რაც მას საშუალებას მისცემს დააკმაყოფილოს სამომავლო მოთხოვნა ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის მქონე ელექტრონულ საფრენ აპარატებზე (eVTOL).
ტოიოტას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, აკიო ტოიოდამ განაცხადა, რომ დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი ფილოსოფია ყველასთვის ხელმისაწვდომი მობილობის უზრუნველყოფა იყო. მისი თქმით, საჰაერო მობილობა ამ ფილოსოფიის ბუნებრივი გაგრძელებაა მიწიდან ცისკენ, რაც ადამიანების ცხოვრებასა და საზოგადოებას სრულიად ახალ ღირებულებას მოუტანს. ტოიოდამ ხაზი გაუსვა, რომ Joby-სთან პარტნიორობა და ამ გამოწვევის ერთად მიღება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მომავლის შესაქმნელად.

Joby Aviation ამჟამად სრულად არის ფოკუსირებული ეკოლოგიურად სუფთა საჰაერო ტაქსების შექმნაზე. კომპანიის მიზანია შექმნას ერთიანი, უწყვეტი სისტემა, რომელიც მიწისზედა ტრანსპორტირებასა და საჰაერო ფრენებს ერთ მოგზაურობაში გააერთიანებს, რაშიც მას პარტნიორობას ისეთი გიგანტები უწევენ, როგორებიცაა Delta Air Lines და Uber.
მათი ექვსროტორიანი საფრენი აპარატი გათვლილია ოთხ მგზავრსა და ერთ პილოტზე, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ს აღწევს. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საჰაერო ტაქსი აღჭურვილია ოთხი დამოუკიდებელი ელემენტით, მბრუნავი პროპელერებითა და მრავალდონიანი სარეზერვო უსაფრთხოების სისტემებით.