აირტონ სენამ ავარია კედლის „გადაადგილებას“ დააბრალა | და საბოლოოდ მართალიც აღმოჩნდა
Formula 1-ის ბრაზილიელმა ლეგენდამ, აირტონ სენამ, თავისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდში ტრასაზე მომხდარი ავარიის მიზეზად კედლის „გადაადგილება“ დაასახელა. თავიდან ეს განმარტება (თუ ზოგისთვის თავის მართლება) ბევრს უცნაურად და დაუჯერებლად მოეჩვენა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ F1-ის პილოტი სიმართლეს ამბობდა.
ასევე დაგაინტერესებთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?
აღნიშნული ინციდენტი 1984 წლის დალასის გრან-პრიზე მოხდა. ბრაზილიელი, რომელიც მაშინ სადებიუტო სეზონს ატარებდა, ტრასაზე მეოთხე პოზიციას იკავებდა, რა დროსაც ბეტონის ბარიერს შეეჯახა და რბოლასაც გამოეთიშა. პიტში დაბრუნების შემდეგ, სენამ განაცხადა, რომ მოსახვევი ავარიის დროსაც ზუსტად ისე გაიარა, როგორც წინა წრეებზე, ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ ბარიერი გადაადგილდა.
თავად ბრაზილიელის ინჟინერმა, პიტ საიმონდსმაც კი, თავდაპირველად ეს მიზეზი ახალბედა მრბოლელის მხრიდან გამართლებად მიიჩნია, თუმცა სენა თავის სიმართლეში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ საიმონდსთან ერთად რბოლის დასრულების მოსახვევი შეამოწმა.

შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ბეტონის ბლოკს სხვა ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ის მცირედით შემობრუნდა და ტრაექტორიაში შეიწია. საიმონდსის თქმით, ბარიერის კიდე დაახლოებით 5 მილიმეტრით იყო გამოწეული, თუმცა სხვა წყაროების თანახმად, ცვლილება მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრს შეადგენდა.
თუმცა ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სენა რბოლისთვის გამოეთიშა. საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელი ლეგენდა წრეებს წამოუდგენელი სიზუსტით გადიოდა და ყოველ ჯერზე კედელს მილიმეტრებით უვლიდა გვერდს.

ეს ისტორია, დღემდე, წლების გასვლის შემდეგაც აირტონ სენას განსაკუთრებული მგრძნობელობისა და ავტომობილის კონტროლის უნარის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითადაა მიჩნეული. ბრაზილიელის სახელი კი, ავტოსპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა და ის დღემდე ბევრისთვის F1-ის საუკეთესო მრბოლელად რჩება.