აშშ-ირანის ომს გამარჯვებული ჰყავს: მეორადი ელექტრომობილები
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე — რასაც გლობალურად საწვავის დეფიციტი და ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდა მოჰყვა — ამერიკელ მომხმარებელში მეორადი ელექტრომობილების მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამას დაერთო ქვეყნის შიგნით ფედერალური საგადასახადო შეღავათების გაუქმებაც. შედეგად, ახალი ელექტრომობილების გაყიდვები 30%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო მეორადი მოდელების ბაზარი კი, პირიქით, ზრდას განაგრძობს.
ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
Cox Automotive-ის შეფასებით, 2026 წლის მესამე კვარტალში აშშ-ის მეორადი ელექტრომობილების ბაზარზე გაყიდვებმა შესაძლოა რეკორდულ მაჩვენებელს, დაახლოებით 127 000 ერთეულს მიაღწიოს.
როგორც გითხარით, ამ ტენდენციის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი საწვავის გაძვირებაა. მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ფასი გალონზე (დაახლოებით 3.7 ლიტრი) $4-ს აჭარბებს, ელექტრომობილები მომხმარებლისთვის მხოლოდ ეკოლოგიური არჩევანი აღარაა. გამოდის, რომ ბევრისთვის EV ყოველდღიური ხარჯების შემცირების საშუალება ხდება, რაც კიდევ ერთი მიზეზია მათ შესაძენად.

„ბენზინის ფასი გალონზე $4-ზე მაღლა რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება, მით უფრო გაიზრდება იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც მეორადი ელექტრომობილების ყიდვისკენ გადაიხრებიან — და, საბოლოოდ, ამ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მეორადი ელექტრომობილი იმავე ასაკის, მარკისა და მოდელის შიგაწვისძრავიან მოდელთან შედარებით საკმაოდ მიმზიდველ ფასად იყიდება“, — განუცხადა Forbes-ს Cox Automotive-ის მთავარმა ეკონომისტმა, ჯერემი რობმა.
მეორადი ელექტრომობილების ბაზრის ზრდას ხელს იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ გასაყიდად გამოტანილი ავტომობილების რაოდენობაც უწყობს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბაზარზე ასეთი მანქანების ნაკადის სტაბილურად დამატებაა მოსალოდნელი, რაც მყიდველებისთვის მეტ ალტერნატივას და შედარებით ხელმისაწვდომი მოდელების მოძიების შესაძლებლობასაც გულისხმობს.

ამრიგად, აშშ-ის ელექტრომობილების ბაზარზე განსხვავებული ტენდენციები იკვეთება: ახალი ელექტრომობილების გაყიდვები სახელმწიფო მხარდაჭერის გაუქმების შემდეგ შემცირდა, ხოლო მეორადი მოდელები საწვავის გაძვირების ფონზე სულ უფრო მეტ მყიდველს იზიდავს. თუ ბენზინის მაღალი ფასები შენარჩუნდება, მეორად ელექტრომობილებზე მოთხოვნაც, სავარაუდოდ, კვლავ მაღალი იქნება.