სუპერქარი, პროტოტიპები, ელექტრომობილები, მფრინავი მანქანა, ტესლა, ტესლა როუდსტერი, პრეზენტაცია
Aa
Aa

0-100 აჩქარება 1 წამში, მფრინავი რეჟიმი... — Tesla-მ Roadster-ის პრეზენტაცია გამართა

გუშინ საღამოს Tesla-მ 9-წლიანი ლოდინი დაასრულა და Roadster-ი წარადგინა — მართალია, შეკრებილმა აუდიტორიამ მხოლოდ ეკრანზე გაშვებული ვიდეოები იხილა, თუმცა თუ ამერიკული ავტომწარმოებელი კვლავ არ გვატყუებს, მაშინ ნამდვილად „მე-5 ელემენტის“ მომავალი ვიხილეთ...

ვიდეოში მანქანა ვერტიკალურ პანდუსზე ადის და ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩერდება... ამის შემდეგ ამ ფუტურისტულ მანევრს იმეორებს, თუმცა პანდუსიდან ვარდება და სარაკეტო ამძრავების დახმარებით ჰაერშივე ტრიალდება — შედეგად, მიწაზე სრულად კონტროლირებადი და უსაფრთხო დაშვება ვიხილეთ. ამის შემდეგ ამავე ტექნოლოგიის დახმარებით, პროტოტიპმა რამდენიმე გაჩერებულ ავტომობილს თავზე გადაუფრინა და ძირს უპრობლემოდ დაეშვა. ბოლოს კი, Tesla-ს მტკიცებით, მან 0-დან 60 მილი/სთ-მდე (0-96 კმ/სთ) აჩქარება სულ რაღაც 0.81 წამში აჩვენა. ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ჟღერს და სანახაობაც მართლაც შთამბეჭდავი იყო, მაგრამ გასარკევი მართლაც ბევრი რამე გვაქვს.

უკვე თითქმის ერთი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც Tesla-მ Roadster-ი პირველად გვაჩვენა. დიზაინის თვალსაზრისით, ახალი პროტოტიპი საგრძნობლად განსხვავდება 2017 წელს ნაჩვენები ვერსიისგან. შედარებით მრგვალი და მოხდენილი სპორტული მანქანის ნაცვლად, ახალი მოდელი ბევრად უფრო კუთხოვანი და აგრესიულია — რაღაც Cybertruck-სა და Lamborghini Reventón-ს შორის. თუმცა, რადგან ახლა მხოლოდ პირველ შთაბეჭდილებებს ვეხებით, მოდით, ტექნიკურ ციფრებსა და დეტალებს ჩავუღრმავდეთ.

შოუს მიღმა არსებული დეტალები

მოდით, თავიდანვე მოვინელოთ ის ტექნიკური დეტალები, რომლებიც ნაკლებად სენსაციურია, მაგრამ მნიშვნელოვანია. Tesla-ს ცნობით, ავტომობილი გამოიყენებს ელექტრონული მართვის შემდეგ სისტემებს: ელექტრონულ საჭეს, მუხრუჭებსა და აქსელერაციას. მოსალოდნელია, რომ სამუხრუჭე სისტემად Brembo-ს Sensify ტექნოლოგია იქნება გამოყენებული, ხოლო საჭისა და აქსელერაციის მექანიზმები იგივე იქნება, რაც Cybertruck-ში ვნახეთ.

უკანა სპოილერი მიმჭერ ძალას რეალურ დროში, ავტომობილის მდგომარეობიდან გამომდინარე დინამიკურად არეგულირებს და აქვს როგორც მაღალი, ისე დაბალი მიმჭერი ძალის რეჟიმები. რაც შეეხება იმ სიგიჟეს, რაც ვიხილეთ — ჩვენ მანამდეც გვინახავს მანქანები, რომლებიც თავდაყირა დადიოდნენ — მაგალითად, McMurtry Spéirling, რომელმაც პირველმა შეძლო ასე გვირაბში გავლა. თუმცა, არასდროს გვინახავს მანქანა, რომელსაც შეეძლო ჰაერშიც აფრენილიყო, იქ ტრიუკიც შეესრულებინა და ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დაშვებულიყო. Tesla-ს მტკიცებით, Roadster-მა ეს SpaceX-თან თანამშრომლობის წყალობით შეძლო.

ეს სარაკეტო ამძრავები ულტრამაღალი წნევის ჰაერს იყენებენ, რომელიც მანქანაში არსებული ორი 600-ლიტრიანი ავზიდან მიეწოდებათ. ილონ მასკის თქმით, ეს ყოველდღიური ატმოსფერული ჰაერია, ამიტომ მანქანას მისი შევსება მართვის პროცესშივე შეუძლია. ზუსტად ამავე ტექნოლოგიის წყალობით ახერხებს Roadster-ი იმას, რომ 0-დან 96 კმ/სთ-მდე ერთ წამზე ნაკლებ დროში აჩქარდეს. 

და აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი Tesla-ს გულშემატკივრებისთვის — ცხადია, რომ ის, რაც ჩვენ ვნახეთ, სერიული ავტომობილი არ ყოფილა — ეს იყო კიდევ ერთი პროტოტიპი. უფრო მეტიც, ფანებს 2028 წლამდე მოუწევთ ლოდინი.

ის, რაც Tesla-მ არ ახსნა

ეს დემონსტრაცია წარმოუდგენლად მაგარი სანახავი იყო. თუმცა, ის ფაქტი, რომ მანქანა თითქმის ათი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ გვაჩვენეს და კვლავ ბევრი რამ უცნობი რჩება, ნაკლებად სასიხარულოა.

Tesla-ს არაფერი უთქვამს ერთი დამუხტვით სვლის მარაგზე, ცხენის ძალების რაოდენობაზე, ძრავების კონფიგურაციაზე, წამყვან თვლებზე (თუმცა თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სრულად ამძრავი იქნება), ბატარეის ტევადობაზე, საწარმოს მდებარეობაზე, წარმოების მოცულობაზე, პირველად ბაზრებსა და ზოგადად წარმოების გრაფიკზე.

ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

Tesla-ს ოფიციალურ ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ხელმისაწვდომი იქნება სამი ვერსია: Performance, Thrust და Rocket. Performance ვერსიისთვის საჭიროა 50 000 დოლარიანი დეპოზიტი. Thrust ვერსია, რომელიც 1 წამზე ნაკლებ დროში ასრულებს 0-100 აჩქარებას — $250 000 ღირს, ხოლო  Rocket-ი არის ვერსია, რომელსაც ფრენა შეუძლია, არის ერთადგილიანი და ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კომპანია აარჩევს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სანახაობრივი პრეზენტაცია იყო გენიალური იდეებითა და ტექნოლოგიებით, რომელთა უბრალოდ უგულებელყოფა შეუძლებელია, რადგან ეს რეალური ინჟინრული მიღწევებია. მიუხედავად ამისა, შოუს დადგმა და მანქანის რეალურ კლიენტთან მიყვანა ორი სხვადასხვა რამეა...

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები