აშშ, გაყიდვები, სტატისტიკა, ტესლა, ჰიუნდაი, ფორდი, ჰონდა, ტოიოტა, ნისანი, სუბარუ, ჯიპი, კია, შევროლე, ჯიემსი, რემი
Aa
Aa

იხილეთ აშშ-ის ბაზარზე 2026 წლის ყველაზე გაყიდვადი 25 ავტომობილი

2026 წლის მესამე კვარტალი დასრულდა და დროა, ვისაუბროთ ავტომობილებზე, რომლებმაც ყველაზე მეტი მძღოლის გულის მოგება შეძლეს. მართალია, მათი უმრავლესობის ამ საპატიო სიაში აღმოჩენას ველოდით, თუმცა რამდენიმე სიურპრიზი მაინც შემოიპარა. 

სტატისტიკა Automotive News-ისა და Cox Automotive-ის მონაცემებს ეყრდნობა.

25-ე ადგილი — Chevrolet Traverse

ამერიკული SUV-ის მე-3 კვარტალი, ისევე როგორც 2025 წელს, ამ შემთხვევაშიც წარმატებული აღმოჩნდა — წლიურ ჭრილში კი გაყიდვები 16%-ით გაიზარდა (120 171 ერთეულამდე) და ჩვენი რეალობისთვის ნაკლებად ცნობილი ეს მოდელი 25-ე აღმოჩნდა...

24-ე ადგილი — Ford Maverick 

მე-3 კვარტალი გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილისთვისაც საკმაოდ წარმატებული იყო (2025-ის Q3-ზე 20%-ით მეტი), თუმცა წლიურმა ზრდამ მხოლოდ 2% შეადგინა და ეს მომცრო პიკაპი 1 ადგილით ჩამოქვეითდა — მასზე არჩევანი 123 681-მა მძღოლმა შეაჩერა. 

23-ე ადგილი — Hyundai Elantra 

სამხრეთკორეულმა სედანმა რეიტინგში ადგილი Maverick-ს გაუცვალა და შესანიშნავი მე-3 კვარტლის შემდეგ, 128 603 გაყიდული ერთეულით 23-ე ადგილზე გავიდა — წლიური გაყიდვები 11%-ით გაიზარდა, რაც შესანიშნავი ნიადაგია 2027 წელს შემდეგი თაობის გამოსაშვებად...

 

22-ე ადგილი — Jeep Wrangler

უგზოობის ლეგენდარული მოდელისთვის წელს დიდად არაფერი შეცვლილა — გაყიდვები სულ 2%-ით გაიზარდა, რაც პოზიციის შესანარჩუნებლად საკმარისი აღმოჩნდა: Jeep-მა 131 011 Wrangler-ის გაყიდვა შეძლო.

21-ე ადგილი — Subaru Crosstrek  

იაპონური ბრენდის საკმაოდ პოპულარული მოდელის გაყიდვები წელს 3%-ითაა შემცირებული, თუმცა 138 249 გაყიდული ერთეული 21-ე ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა. 

მე-20 ადგილი — Jeep Grand Cherokee

მე-3 კვარტალში 30%-იანი ვარდნის შემდეგ Grand Cherokee 2 პოზიციით ჩამოქვეითდა და მე-20 ადგილს იკავებს. ის 139 764-მა მძღოლმა იყიდა, რაც 9%-იანი ვარდნაა...

მე-19 ადგილი — Honda Accord

2026 წელი Honda-ს სედანისთვის შესანიშნავად მიმდინარეობს — წლიურ ჭრილში გაყიდვებმა 33%-ით იმატა და 145 521 ერთეული შეადგინა, რომელთაგანაც 68 924 ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი.

მე-18 ადგილი — Kia Sportage 

9%-იანმა წლიურმა ზრდამ სამხრეთკორეული SUV-ი მე-18 ადგილზე გაიყვანა... (საით მიექანება სამყარო)

მე-17 ადგილი — Subaru Forester

იაპონური ავტომწარმოებლის ბესთსელერის წარმატებები გრძელდება — 156 476 გაყიდული ერთეული...

მე-17 ადგილი — Chevrolet Trax

მართალია გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 1%-ით შემცირდა, თუმცა წარმატებული მე-3 კვარტლის წყალობით, Trax-მა ოცეულში პოზიციის შენარჩუნება მაინც შეძლო — მასზე არჩევანი 167 910-მა მძღოლმა შეაჩერა.

მე-15 ადგილი — Hyundai Tucson

მართალია, კორეელებმა SUV-ის ახალი თაობა უკვე წარადგინეს, თუმცა „მომაკვდავი“ მოდელი მაინც ძალიან პოპულარულია — 2025 წელთან შედარებით გაყიდვები 10%-ით გაიზარდა და 181 687 ერთეული შეადგინა.

მე-14 ადგილი — Ford Explorer

შარშანდელთან შედარებით, ამ სამრიგიანმა SUV-მა სიაში 1 პოზიციით დაბლა ჩაინაცვლა...

მე-13 ადგილი — Chevrolet Equinox

Equinox-ს საუკეთესო დრო არ უდგას — წლიურ ჭრილში გაყიდვები 6%-ითაა შემცირებული (191 578 ერთეული), ხოლო სრულად ელექტრო ვერსია წელს 66%-ით ნაკლებმა მძღოლმა იყიდა

მე-12 ადგილი — Honda Civic

ყველასათვის საყვარელი მოდელის გაყიდვები წელსაც 5%-ით გაიზარდა — ის 195 135-მა ამერიკელმა შეიძინა...

მე-11 ადგილი — Toyota Corolla

Toyota-ს მოდელი Honda Civic-ს სულ 6 ერთეულით უსწრებს... კაცმა არ იცის, რამდენი Corolla გაიყიდება წლის ბოლომდე, თუმცა პირველ სამ კვარტალში TOP10-ის მისადგომები საკმაოდ დაძაბული გამოდგა...

მე-10 ადგილი — Nissan Rogue

2027-ში ამ SUV-ის ახალ ჰიბრიდულ ვარიანტსაც ვიხილავთ, თუმცა წარმავალი მოდელიც საკმაოდ პოპულარულია — 201 991 გაყიდული ერთეული და 25%-იანი ზრდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით!

მე-9 ადგილი — Toyota Tacoma

საშუალოგაბარიტიანი პიკაპების მეფე მეფობას აგრძელებს — 214 875 გაყიდული Tacoma.

მე-8 ადგილი — GMC Sierra

„ჯენერალ მოტორსის“ დიდ პიკაპს სუსტი მე-3 კვარტალი გამოუვიდა — გაყიდვები 7%-ით შემცირდა და მოდელმა სიაში 2 პოზიცია დაკარგა.

მე-7 ადგილი — Toyota RAV4

მეექვსე თაობის RAV4 წინამორბედის შედეგებს ჯერჯერობით ნამდვილად ვერ იმეორებს — წლიურად გაყიდვები 29%-ითაა შემცირებული და სულ 253 644 ერთეულს შეადგენს...

მე-6 ადგილი — Toyota Camry

„ქემრის“ გარეშე ეს სია, ალბათ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაივლიდა... მოდელი Toyota-ს ბესტსელერად რჩება — ის 260 684-მა მძღოლმა იყიდა. 

მე-5 ადგილი — Tesla Model Y

რამდენად არამომხიბვლელიც არ უნდა იყოს ის, ამერიკელებს „თანამემამულე“ Model Y ძალიან უყვართ. ელექტრომობილი 262-ზე მეტმა ამერიკელმა შეიძინა, რითაც მან ხუთეულშიც შეაღწია... 

მე-4 ადგილი — Ram Pickup

ტიმ კუნისკისი შესანიშნავად მუშაობს, პიკაპის გაყიდვები 24%-ითაა გაზრდილი — განსაკუთრებით პოპულარული კი 1500 ვერსიაა. (73% ზრდა მე-3 კვარტალში)..

მე-3 ადგილი — Honda CR-V

RAV4-ის პრობლემებით Honda-ს პოპულარულმა მოდელმა ისარგებლა და აშშ-ის SUV-ების სეგმენტში გამეფდა — ავტოფარეხში ადგილი 2026 წელს  336 844-მა CR-V-მ დაიმკვიდრა... 

მე-2 ადგილი — Chevrolet Silverado

შედარებით მსუბუქი ვერსიის წარმატებამ, Silverado-ს შემთხვევაში, Heavy Duty ვერსიის წარუმატებლობა გაანეიტრალა — 413 383 გაყიდული ერთეული მე-2 პოზიციის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა.

1-ელი ადგილი Ford F-series — 556 738 გაყიდული ერთეული

პოდიუმის მწვერვალზე ადგილს F სერია წლებია არავის უთმობს — მართალია, ამერიკელების საყვარელი პიკაპების გაყიდვები 7%-ითაა შემცირებული, თუმცა უახლოეს მდევართან სხვაობა ჯერ ისევ უზარმაზარია...

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები