მანქანები, რომლებმაც V8 ძრავა BMW-სგან „ისესხეს“...
დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ BMW ისეთ აგრეგატებს ქმნის, რომელთაც კონკურენტებიც კი ათწლეულების განმავლობაში ჩუმად, თუმცა სიამოვნებით "სესხულობენ". მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის სავიზიტო ბარათად და დიდების მწვერვალად ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავები ითვლება, V8 არქიტექტურის ისტორიაც არანაკლებ შთამბეჭდავია. ეს გზა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაიწყო, როდესაც BMW-მ Oldsmobile Rocket 88-ით შთაგონებული თავისი პირველი OHV V8 გამოუშვა.
ასევე იხილეთ: BMW-ს ისტორიაში საუკეთესო ძრავები (ნაწილი 2)
დღეს BMW-ს V8 აგრეგატებს M5-დან დაწყებული, გიგანტური XM-ით დამთავრებული, ყველგან შეხვდებით. თუმცა, მათი გავლენა მიუნხენური ბრენდის შოურუმებსაც გასცდა — ექსკლუზიური, სპეციალური გამოშვების სუპერქარებიდან დაწყებული, გლობალური გიგანტებით დამთავრებული, ბავარიული ინჟინერია უამრავმა მწარმოებელმა აირჩია.
წარმოგიდგენთ მოდელებს, რომლებიც BMW-ს V8 ძრავებით აღიჭურვნენ:
1993 De Tomaso Guarà
ლეგენდარული იტალიური ბრენდის, De Tomaso-ს ოქროს ეპოქის უკანასკნელი სერიული მოდელი, Guarà, Maserati Barchetta Stradale-ს ბაზაზე შეიქმნა. სარბოლო ავტომობილისგან განსხვავებით, Guarà სამი კორპუსით გამოდიოდა: კუპე, ღია Barchetta და რბილსახურავიანი Spyder-ი.
Guarà-ს ადრეულ ვერსიებში სწორედ BMW-ის M60 ძრავებს შეხვდებოდით. მოგვიანებით, როდესაც BMW-მ M60-ის წარმოება შეაჩერა, De Tomaso-მ Ford-ის V8-ზე გადაინაცვლა. გარდა ძრავისა, BMW-მ იტალიურ კომპანიას Guarà-ს ინტერიერის უამრავი დეტალიც მიაწოდა.
1998 Ascari Ecosse
Ecosse ბრიტანული ბრენდის, Ascari-ს პირველი სერიული მოდელი გახლდათ. ის სამი წლით ადრე წარმოდგენილი სარბოლო FGT-ის ბაზაზე აიგო. მთავარი განსხვავება კაპოტქვეშ იმალებოდა... თუ კონცეპტუალურ FGT-ში Chevrolet-ის ძრავი ეყენა, ხოლო სარბოლო ვერსიაში — Ford-ის, სერიული მოდელისთვის კომპანიამ BMW-iს V8 აირჩია.
პირველ მოდელებში 4.4-ლიტრიანი M62 გამოიყენებოდა, მოგვიანებით კი ავტომობილი გერმანული ატელიე Hartge-ს მიერ ფორსირებული, 4.7-ლიტრიანი აგრეგატით აღიჭურვა.
1998 Bentley Arnage
Bentley-ს ისტორიაში ერთი მოდელი განსაკუთრებით გამოირჩევა იმით, რომ მისი კაპოტის ქვეშ BMW-ის V8 ღრიალებს — ეს Arnage-ია. Arnage-ს პარალელურად გამოდიოდა Rolls-Royce Silver Seraph-იც, რომელიც ასევე BMW-ს ძრავს იყენებდა, თუმცა V8-ის ნაცვლად M73 V12-ით იყო აღჭურვილი.
Arnage-ში BMW-ს M62 V8-ის სახეცვლილი ვერსია ეყენა. ორიგინალი ატმოსფერული აგრეგატი იყო, თუმცა ბრიტანულმა Cosworth-მა მას ორი ტურბოკომპრესორი დაუმატა. მოგვიანებით, როდესაც Bentley Volkswagen Group-ის დაქვემდებარებაში გადავიდა, BMW-ის ძრავი ეტაპობრივად ამოიღეს წარმოებიდან.
Wiesmann GT
Wiesmann-ი მცირე გერმანული ბრენდია, რომელიც ექსკლუზიური კუპეებისა და როდსტერების ხელით აწყობაშია სპეციალიზებული. GT მათი ერთ-ერთი ფლაგმანი იყო და წლების განმავლობაში BMW-ს სამი სხვადასხვა V8 ძრავით იწარმოებოდა — GT MF4 აღჭურვილი იყო 4.8-ლიტრიანი N62-ით, ხოლო MF4-S ვერსია — 4.0-ლიტრიანი S65-ით. რაც შეეხება GT MF5-ს, ის 4.4-ლიტრიან Twin-Turbo S63-ს იყენებდა.
S63-ის დაყენებამ თავის დროზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან მან ლეგენდარული, ატმოსფერული S85 V10 ჩაანაცვლა.
2005 Ascari KZ1
Ecosse-ს შთამომავალმა, Ascari KZ1-მაც BMW-ს აგრეგატი გადაიბარა — ამჯერად S62. S62-ის მთავარი სიამაყე ის იყო, რომ იგი გახდა BMW-ს პირველი V8, რომელიც Double-VANOS სისტემით აღიჭურვა.
KZ1-ისთვის განკუთვნილი ძრავი ქარხნულ 394 ცხენის ძალაზე კიდევ უფრო მეტად იყო ფორსირებული. აღსანიშნავია, რომ იგივე S62 ძრავი ეყენა ისეთ ლეგენდებს, როგორებიცაა BMW Z8 როდსტერი და E39 M5.
2006 Ascari A10
თქვენ წარმოიდგინეთ, Ascari-ს ისტორიაში უკანასკნელი მოდელიც BMW-ს V8-ით აღიჭურვა. პოლ ბრაუნის მიერ შექმნილ ახალ კორპუსს KZ1-R-ის კარბონის მონოკოკი შეუხამეს. ავტომობილი საგზაო და სარბოლო ტექნოლოგიების ჰიბრიდი იყო — აღჭურვილი FIA-ს სტანდარტების უსაფრთხოების კარკასითა და ცეცხლქრობის სისტემით.
წონის მაქსიმალური შემცირების მიზნით, ამოიღეს კონდიციონერიც და აუდიოსისტემაც. კაპოტქვეშ კი ეყენა S62-ის ყველაზე მძლავრი ვერსია, რაც კი ოდესმე შეიქმნილა — იგი ქარხნულ E39 M5-ის ძრავზე 231 ცხენის ძალით მეტს გამოიმუშავებდა.
2012 Morgan Plus 8
BMW-ს V8-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოყენება განახლებულ Morgan Plus 8-ში ვნახეთ. ორიგინალი Plus 8 Rover-ის V8-ს იყენებდა, თუმცა ამ ძრავის წარმოების შეწყვეტის შემდეგ მოდელიც ისტორიას ჩაბარდა.
2012 წელს ჟენევის ავტოსალონზე Morgan-მა მოდელი გააცოცხლა და BMW-ის N62B48-ით აღჭურვა — იგივე აგრეგატით, რაც Wiesmann GT-სა და მეორე თაობის BMW X5-ში ეყენა. V8-იანი Plus 8-ის წარმოება 2018 წელს დასრულდა.
2022 Land Rover Range Rover / Range Rover Sport
გერმანული გიგანტის V8 აგრეგატები მეხუთე თაობის Range Rover-მა და მესამე თაობის Range Rover Sport-მაც მოირგეს. Range Rover P530 და P615 ვერსიები, ასევე Range Rover Sport P530 აღჭურვილია BMW-ს 4.4-ლიტრიანი N63 ძრავით, ექსტრემალური Range Rover Sport SV კი S63B44T4-ს იყენებს — S63-ის განახლებულ ვერსიას, რომელიც 2018 წლის BMW M5-ში გამოჩნდა.
Land Rover Defender OCTA (2023)
BMW-ს ტექნოლოგია გამოიყენეს Defender-ის ყველაზე მძლავრ ვერსიაში — დაკარის აწ უკვე ლეგენდა OCTA-შიც.
სტანდარტული Defender V8 Jaguar-ის 5.0-ლიტრიან კომპრესორიან აგრეგატს იყენებს, თუმცა ფლაგმანური და ექსტრემალური OCTA სწორედ BMW-ს 4.4-ლიტრიანი Twin-Turbo S63B44T4 ძრავით შეიარაღდა, რომელიც Range Rover Sport SV-შიც გვხვდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს