ჰეჩბეკი, რომელსაც BMW წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა
გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ ცოტა ხნის წინ უცნაური პროტოტიპი გამოაჩინა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებისგან მალულად ინახავდა. E36 Compact-ის ბაზაზე შექმნილ BMW 316i-ს უცნაური ისტორიის გარდა, არანაკლებ უცნაური დიზაინი გამოარჩევდა — მას სამი კარის ნაცვლად ხუთი ჰქონდა, თუმცა სერიულ წარმოებაში არასდროს ჩაშვებულა.
ასევე იხილეთ: 10 საუკეთესო „ცხელი ჰეჩბეკი“, რომელმაც დროს გაუძლო
BMW-ის მესამე სერია ძირითადად სედანებს უკავშირდება, თუმცა დაახლოებით ათი წლის განმავლობაში მოდელის კომპაქტური ჰეჩბეკის ვერსიაც იწარმოებოდა. 3 Series Compact-ი უკანა წამყვანი იყო და ასევე ბევრად პატარა და ხელმისაწვდომი მოდელიც გახლდათ.
რეალურად, 1990-იან წლებში გამოშვებულ E36 Compact-ს სამი კარი ჰქონდა. თუმცა BMW მისი უფრო პრაქტიკული ვერსიის შექმნაზეც დაფიქრდა და 5-კარიანი ვერსია დაამზადა, დამატებითი უკანა კარებით. სწორედ ამ ექსპერიმენტული პროექტის ნაწილია BMW 316i Compact-ი, რომელიც გერმანელებმა სულ ახლახან გამოაჩინეს.

ავტომობილი თავდაპირველად Boston Green-ის მწვანე ფერში შეღებეს, ნაჭრის სალონითა და ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვეს. არც სავარძლების გათბობა დავიწყებიათ. მოგვიანებით კი წითელ ფერში გადაღებეს.
პროტოტიპის ერთ-ერთი საინტერესო დეტალი ფანჯრების მექანიკური ამწევებია, რომელთა დამატებაც პრაქტიკული საჭიროებით არ ყოფილა განპირობებული, რადგან მანქანას ცენტრალურ კონსოლზე ელექტროშუშების მართვის ღილაკებიც აქვს. ეს უცნაური კომბინაცია პროტოტიპის ექსპერიმენტულ ბუნებაზე მიუთითებს და მიგვანიშნებს, რომ ის სერიული წარმოებისთვის სრულად არც მოუმზადებიათ.
BMW-ს ოფიციალურად არ განუმარტავს, თუ რატომ თქვა 5-კარიანი Compact-ის წარმოებაზე უარი, თუმცა სავარაუდო მიზეზი მაღალი ხარჯები იყო: დამატებითი კარების შესაქმნელად კონსტრუქციის გადამუშავება და წარმოებისთვის ახალი აღჭურვილობის მომზადება იქნებოდა საჭირო. ამასთან, ხუთკარიანი ჰეჩბეკი შესაძლოა სტანდარტული მესამე სერიის სედანისა და Touring-ისთვის კონკურენტი გამხდარიყო.
2000-იანი წლების დასაწყისში გამოშვებული მეორე თაობის 3 Series Compact, E46/5, გერმანულმა ავტომწარმოებელმა კვლავ 3-კარიანი დატოვა. თუმცა ეს მოდელი მხოლოდ სამი წლის განმავლობაში დარჩა წარმოებაში და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე საერთოდ არ გაყიდულა.
BMW-მ სერიული წარმოების ხუთკარიანი ჰეჩბეკი მხოლოდ 2004 წელს გამოუშვა. მაშინ გერმანელებმა E87-ის თაობის პირველი სერია შემოგვთავაზეს. ამ მოდელმა მყიდველებს უფრო კომპაქტური და პრაქტიკული ავტომობილი შესთავაზა და თან უკანა წამყვანი სისტემა შეინარჩუნა. 2007 წელს კი სამკარიანი ვერსიაც გამოჩნდა.
ამის გათვალისწინებით, ათწლეულების წინ შექმნილი ხუთკარიანი 316i Compact-ი შესაძლოა იმ იდეის ადრეულ ვერსიად ჩავთვალოთ, რომელიც BMW-მ სერიულ წარმოებაში უკვე მოგვიანებით, პირველი სერიის სახით ჩაუშვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს