Bugatti Royale — მეფეების ავტომობილი, რომელიც მეფეებმა ვერ იყიდეს
1920-იან წლებში, როდესაც Bugatti Type 35 სარბოლო ტრასებს იპყრობდა, ეტორე ბუგატიმ იგრძნო, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს რაღაც უფრო გრანდიოზული სჭირდებოდათ. ბრიტანელი არისტოკრატის მიერ გამოთქმული შენიშვნის შემდეგ — რომ Bugatti-ს ავტომობილები ვერ შეედრებოდა Rolls-Royce-ის ფუფუნებას — ეტორემ გადაწყვიტა შეექმნა ყველაზე დიდი, ყველაზე ძვირადღირებული და ექსტრავაგანტული ავტომობილი, რაც კი მაშინდელ მსოფლიოს ენახა.
ასევე იხილეთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
ასე დაიბადა Bugatti Type 41, რომელსაც მსოფლიომ Royale უწოდა — ავტომობილი, რომელიც სპეციალურად მონარქებისა და მეფეებისთვის შეიქმნა. Royale-ს პარამეტრები დღესაც კი წარმოუდგენლად ჟღერს: სიგრძეში ავტომობილი 6.4 მეტრი იყო, სიგანეში კი 4.3 მეტრი და ავტომობილი არც მეტი, არც ნაკლები, 3.1 ტონაზე მეტს იწონიდა.
ცხადია, ამ პარამეტრების ავტომობილს შესაბამისი აგრეგატიც სჭირდებოდა — Bugatti-მ მასში 12.8 ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა მოათავსა, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მისი მხოლოდ ერთი ცილინდრი უფრო დიდი მოცულობის იყო, ვიდრე იმ ეპოქის ჩვეულებრივი Bugatti Type 40-ის მთლიანი ძრავა! კაპოტს კი ეტორეს ძმის, რემბრანდტ ბუგატის მიერ გამოქანდაკებული ლეგენდარული მოცეკვავე სპილოს ფიგურა ამშვენებდა.

კატასტროფული დრო და ფინანსური კრახი
ეტორეს გეგმა 25 ეგზემპლარის აგებასა და ევროპელ მონარქებზე გაყიდვას ითვალისწინებდა. მხოლოდ შასი 30 000 დოლარი ღირდა შეადგენდა, რასაც კლიენტის გემოვნებით შეკვეთილი დეტალების ფასიც ემატებოდა — ეს კი 1920-იანი წლების ბოლოსთვის კატასტროფულად დიდი თანხა იყო.
სამწუხაროდ, Royale-ს დებიუტი 1929 წლის დიდ დეპრესიას დაემთხვა. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა პროექტი გაანადგურა. 25-ის ნაცვლად სულ 6 სერიული ეგზემპლარი ააწყვეს და ის არცერთ მეფეს არ უყიდია (ოთხი მანქანა სხვა მდიდარმა კლიენტებმა შეიძინეს, ხოლო ორი ეტორეს ოჯახში დარჩა).
საწყობებში დარჩენილი ათობით 12.8-ლიტრიანი გიგანტური ძრავა Bugatti-ს გაკოტრებით ემუქრებოდა. აქ გამოჩნდა ეტორე ბუგატის გენიალურობა: მან ეს ძრავები ფრანგულ რკინიგზას შესთავაზა. შედეგად შეიქმნა ლეგენდარული Bugatti Autorail (XB 1000) — მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი თვითმავალი მატარებელი, რომელმაც 196 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ამ პროექტმა კომპანია ფინანსური კატასტროფისგან იხსნა.
დღესდღეობით, ექვსივე გადარჩენილი Bugatti Royale მსოფლიო ავტოკოლექციონერების უძვირფასესი რელიკვიაა. 1987 წელს ერთ-ერთი ეგზემპლარი აუქციონზე $9.8 მილიონად გაიყიდა და ეს რეკორდი 20 წლის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა.
Bugatti Royale რჩება ეპოქის სიმბოლოდ — ავტომობილი, რომელიც იყო ზედმეტად დიდი, ზედმეტად ძვირი და ზედმეტად ამბიციური, თუმცა სწორედ ამის გამო გახდა უკვდავი ლეგენდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს