Aa Aa
24 აგვისტო 2020  |  11:05

Williams-ის გუნდი ამერიკულმა საინვესტიციო ფირმა Dorilton Capital-მა შეიძინა

ახალი მფლობელი, ახალი იმედი!

ბრიტანული ფორმულა ერთის გუნდი „უილიამსი“ ამერიკაში დაფუძნებულმა საინვესტიციო ფირმა Dorilton Capital-მა შეიძინა. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ, ახალი შეთანხმების თანახმად, ფორმულა ერთში ათივე გუნდი 2025 წლამდე დარჩება.

Dorilton-მა გუნდი და Williams Advanced Engineering-ის აქციების მცირე წილი შეიძინა. მთლიანობაში კი $179.5 მილიონი გადაიხადა.

ეს გუნდში დიდ ცვლილებებს ნიშნავს. „უილიამსი“ იყო ბოლო დამოუკიდებელი გუნდი, რომელსაც მისი შემქმნელი ოჯახი დაარსებიდან, 1977 წლიდან ფლობდა. გუნდის ხელმძღვანელი ისევ დამაარსებელი ფრენკ უილიამსია. მისი ქალიშვილი კლარა უილიამსი კი მენეჯერია.

-„ეს შესაძლოა „უილიამსისთვის“, როგორც ოჯახის გუნდისთვის, ეპოქის დასასრულია, მაგრამ ვიცით, რომ ახლა ის კარგ ხელშია. გუნდის გაყიდვამ მას არსებობა შეუნარჩუნა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი წარმატებისკენ სვლაა“. - ამბობს კლერ უილიამსი.

„უილიამსის“ გუნდი ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და წარმატებული გუნდია, თუმცა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მან თავისი დიდება ნელ-ნელა დაკარგა. გუნდმა კონსტრუქტორების თასი 9-ჯერ მოიგო. მისი 7 პილოტი ჩემპიონი გახდა. ჯამში კი პილოტებმა გუნდს 114 რბოლაში მოუტანეს გამარჯვება. გუნდის ვარსკვლავი პილოტები ნაიჯელ მენსელი და ნელსონ პიკე ინოვატორებიც კი იყვნენ.

გუნდს 2012 წლის შემდეგ არც ერთი რბოლა მოუგია. ამ გუნდის წარმომადგენელი ბოლოს პოდიუმზე 2017 წლის აზერბაიჯანის გრან პრიზე იდგა. მაშინ ახალგაზრდა პილოტ ლენს სტროლს, ვალტერი ბოტასმა მეორე აგილი ბოლო წამებზე გამოსტაცა. სეზონის დასაწყისში „უილიამსმა“ სპონსპორი Rokit-ი დაკარგა და გუნდს დაფინანსების წყაროს მოძებნა მოუწია.

2019 წელს გუნდმა ჩემპიონატში მხოლოდ ერთი ქულის მოგროვება შეძლო. 2020  წლის სეზონში კი ამ დრომდე არც ერთი ქულა აქვს.

„უილიამსმა“ დაადასტურა, რომ ფორმულა 1-ში 2025 წლამდე დარჩება. ახალი კონტრაქტი, რომელზეც ხელი ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ, FIA-მ და გუნდებმა მოაწერეს, მომავალში გარკვეულ ცვლილებებსაც მოიცავს, მაგალითად, უფრო დიდ გუნდებსა და სხვა გუნდებს შორის ბიუჯეტში დიდი სხვაობის შემცირებას.

გაზიარება: