Aa Aa
1 ოქტომბერი 2020  |  16:28

კომპაქტური და ხელმისაწვდომი: 2012 წლის Nissan March

ამერიკელი ავტოჟურნალისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ შეერთებულ შტატებში კომპაქტურ, ხელმისაწვდომი ფასის ავტომობილებს სერიოზულად არ იღებენ. საქართველოში კი განსხვავებული სიტუაციაა. ქართველ საზოგადოებას საკმარისად კარგად ესმის კომპაქტური ავტომობილის ფასი. განსაკუთრებით მათ, ვისაც დედაქალაქის ცენტრში პარკირება ხშირად უწევთ.

2012 წლის Nissan March-ი კომპაქტური ავტომობილია ხელმისაწვდომი ფასით და იმდენად მოსაწყენი არაა, რამდენადაც წარმოგიდგენიათ. პირიქით, ეს ავტომობილი სახალისოც კია. მართალია, იაფი ღირს, მაგრამ მისი მართვადობა იაფფასიან შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს.

კომპაქტური, ეკონომიური და ხელმისაწვდომი - ეს სამი სიტყვა ამ ავტომობილს ზუსტად ახასიათებს. მოდით, განვიხილოთ, რა აქცევს მას ბევრისთვის მისაღებ და სასურველ ავტომობილად.

 

ვერსიები

  1. Nissan March 12S – საბაზისო მოდელი. მას 13-იანი დისები და Radio/CD ფლეიერი აქვს;
  2. Nissan March 12X – საშუალო დონის მოდელი 13-იანი დისკებით. საბაზისოსგან ბევრად არ განსხვავდება;  
  3. Nissan March 12G – შედარებით მდიდრული მოდელი, რომელსაც 14-იანი დისკები, DVD ფლეიერი, ნავიგაცია და უსაფრთხოების გვერდითა ბალიშები აქვს;
  4. Nissan March 12X FOUR – 12X-ის ოთხივეწამყვანი ვერსია;
  5. Nissan March 12G FOUR – 12G-ს ოთხივეწამყვანი ვერსია;
  6. Nissan March Bolero – ეს სპეციალური მოდელია. მას „ნისანი“ Life Care Vehicle (LV)-ს უწოდებს. სავარძლები ბრუნავს და შშმ პირებისთვის ძალიან მოსახერხებელია. ავტომობილის დიზაინიც და ცხაურაც განსხვავებულია.  

 

რავა

March-ში გამოყენებული ტექნოლოგიების რიცხვი შთამბეჭდავია. 1.2-ლიტრიანი, 3-ცილინდრიანი ძრავა 79 ცხენის ძალას და 106ნმ-ს გამოიმუშავებს. შეიძლება ეს ძალიან ცოტად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში 916-კილოგრამიანი ავტომობილისთვის სრულიად საკმარისია. ეს ავტომობილი წინაწამყვანია. გადაცემათა კოლოფი CVT-ა. 0-100კმ/სთ-მდე 13.1 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე - 164კმ/სთ.

ძრავა ასევე Miller-ის წრისაა, რომელიც, როგორც წესი, ჰიბრიდებს აქვს. ის ეკონომიურობას და ნაკლებ გამონაბოლქს განაპირობებს. მაყუჩიდან გამომავალი ხმა შემაწუხებელი ნამდვილად არ არის და სალონშიც ხმის ნორმალური იზოლაციაა. საწვავის საშუალო მოხმარება 100 კილომეტრზე 7 ლიტრია. რა თქმა უნდა, ჰიბრიდზე ეკონომიური არ არის, მაგრამ არაეკონომიურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

ეს ავტომობილი პირველი თაობის Honda Civic-ს მოგვაგონებს. ყველას, ვისაც ეს ავტომობილი ახსოვს, ამ მსგავსებას იპოვნის.  

ავტომობილი ჩუმი და კომპაქტურია. მისი მართვა სასიამოვნოა. ის გზის უსწორმასწორობას დამაკმაყოფილებლად უმკლავდება. ხილვადობა კარგია. მოსახვევებს კარგად უმკლავდება. მთლიანობაში, ყოველდღიური მოხმარებისთვის ეს ავტომობილი ძალიან კომფორტულია.

ექსტერიერი და ინტერიერი

იაპონელებს იმდენადვე კარგად გამოსდით მცირე ზომის ავტომობილების აწყობა, რამდენადაც ამერიკელებს მასლქარების. March-ი კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება პატარა და იაფფასიანი ავტომობილი ყველასთვის მისაღები იყოს. ის უბრალოდ პატარა ყუთი არაა. მას ხასიათი აქვს. კარგი პროპორციები, დიზაინის გამორჩეული ენა, ფანჯრების გამოკვეთილი ფორმა ამ ავტომობილის ექსტერიერს ახასიათებს.

იაპონელებს მრავალფეროვნების არ ეშინიათ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ეს ავტომობილი ბევრ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომია. ექსტერიერი იაფფასიანის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დიზინის ენა, არც მეტი, არც ნაკლები, ბოსტნეულითაა შთაგონებული. აი, ციტატაც:

„ერთ დღეს დიზაინერები ნაგანოს ბოსტნეულის ფერმაში წავედით. ნაგანოს კლიმატი საფრანგეთისას ჰგავს. იმ ტერიტორიაზე ბევრ ბოსტნეულს ზრდიან. ყველაფერი დავათვალიერეთ და მოხიბლული დავრჩით არა მხოლოდ ბოსტნეულის გემოთი, არამედ ცოცხალი ფერებით და ლამაზი ფორმებით“.

ინტერიერი, რა თქმა უნდა, მდიდრული არ არის. სალონში პლასტმასია გამოყენებული, ოღონდ კარგი ხარისხის. სალონში კარგი ფერები და ფორმებია. ყველაფერი უბრალო და მეგობრულია.

მცირე ზომის ავტომობილისთვის, ამ ავტომობილში საკმარისზე მეტი სივრცეა. სალონში ადგილი 4 ან 5 ადამიანისთვისაა. საბარგულში ადგილს დიდს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ძალიან პრაქტიკულია.

ამ კლასის ავტომობილისთვის საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი: უკანა ხედვის კამერა. დაკეცვადი სარკეები, ნავიგაციის/საინფორმაციო-გასართობი სისტემა, სისტემა, რომელსაც თქვენი დაბადების დღე და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები არასდროს დაავიწყდება. ეკრანი წინა საბურავების დახრის კუთხეს და გადაადგილების მიმართულებას უჩვენებს.

უსაფრთხოება

Nissan March 1982 წლიდან გამოდის. 2012 წლის მოდელი მეოთხე თაობაა, რომელიც K13-ად არის ცნობილი და მისი წარმოება 2010 წლიდან დაიწყო. 2010 წელს EuroNCAP-მა ის შეამოწმა. ამ ავტომობილმა 5-დან 4 ვარსკვლავი დაიმსახურა:

  • ზრდასრული მგზავრის უსაფრთხოება - 84%
  • ბავშვი მგზავრის უსაფრთხოება - 79%
  • ქვეითის უსაფრთხოება - 58%

ავტომობილი წინა და გვერდითა შეჯახებისგან კარგად იცავს. March-ის უსაფრთხოება წლების განმავლობაშია გამოცდილი.

დასკვნა

დაბალი ბიუჯეტი გაქვთ და კომპაქტური, ეკონომიური და ხელმისაწვდომი ავტომობილის ყიდვა გსურთ? მაშინ Nissan March-ი კარგი არჩევანია. ყოველდღიური მოხმარებისთვის ძალიან პრაქტიკულია. მისი მცირე ზომა გასაჩერებელი ადგილის პოვნას გაგიმარტივებთ. თანაც, March-ის მართვა მოსაწყენი სულაც არ არის. ამ ფასის და ასაკის ავტომობილისთვის 2012 წლის მოდელი საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი. მასში გამოყენებული მატერიალი, მართალია, ძალიან უბრალოა, მაგრამ არც ექსტერიერი და არც ინტერიერი იაფფასიანად არ გამოიყურება. დანარჩენი კი უბრალოდ გემოვნების საკითხია.

გაზიარება: