თბილისიდან თელავამდე მგზავრობა 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც კახეთის მაგისტრალის ნაწილია, აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 4-ზოლიანი, 17 კმ-იანი ჩქაროსნული გზა აშენდება, რომელიც ახალ სატრანსპორტო კვანძს სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდს, 8 გზაგამტარ და 86 წყალგამტარ მილს მოიცავს.
ახალი გზის მონაკვეთი ხუთ დასახლებულ სოფელს გვერდს აუვლის, 2 კილომეტრით შეამცირებს გადაადგილების მანძილს და მგზავრობის დროს თითქმის გაანახევრებს. საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი „მსოფლიო ბანკისგან“ მიღებული სესხისა და სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარეობს და ღირებულება 276.7 მილიონ ლარს აღწევს. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2025 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
ცნობისთვის, თბილისიდან საგარეჯომდე, კახეთის მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გასულ წელს გაიხსნა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისიდან ბადიაურამდე არსებული მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურა 2 კმ-იანი მონაკვეთით ჩანაცვლდება.
დეპარტამენტის ცნობით, კახეთის 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის, საერთო ჯამში, აშენდება 85 კმ-იანი გზა ბაკურციხემდე. კახეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე მგზავრობა მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი.
ახალი მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაში იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება განათების სისტემით.