Aa Aa
5 ოქტომბერი 2020  |  12:12

კარგავს ფორმულა 1 ავტომწარმოებლების ინტერესს?

რა ბედი ელის ფორმულა 1-ს?

სტეფანო დომენიკალი 2021 წლის იანვრიდან ფორმულა 1-ს ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს და მას რამდენიმე რთულ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს. მაგალითად, კარგავს თუ არა ეს სპორტი ინტერესს ავტომწარმოებლებისთვის ელექტრო ავტომობილების მზარდ სამყაროში.

Honda-მ ფორმულა 1-დან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. გამოდის, რომ ამ სპორტს ძრავებით მხოლოდ სამი ავტომწარმოებელი მოამარაგებს („მერსედესი“, „რენო“, „ფერარი“)  და ახალ პარტნიორებზეც ჯერ არაფერი ისმის.  

ფორმულა ერთის ისტორიის მანძილზე ავტომწარმოებლები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ამჟამად, სიტუაცია ცოტათი სხვაგვარადაა. მსოფლიო ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილების შექმნაზეა ორიენტირებული.

ეს უკვე ახალი იდეებისა და ხარჯების საკითხია.

„ფორმულა 1 ავტომწარმოებლებისთვის და მომავალი ინვესტორებისთვის შესაძლოა უინტერესო გახდეს. ავტოსამყარო იმდენად სწრაფად იცვლება, რამდენადაც 5 წლის წინაც კი ვერ იფიქრებდნენ“. - ამბობს მარკ გალაგერი.  

მიუხედავად იმისა, რომ „ჰონდას“ გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, დღევანდელი ტენდენციების გათვალისწინებით, საკმაოდ ლოგიკურია“. - დაამატა, Jordan-ის, Jaguar-ისა და Red Bull-ს მარკეტინგის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

მთავარი კითხვა ისაა, რას იზამს ფორმულა 1 უახლოეს 3-4 წელიწადში და ამაზე პასუხის გაცემა უკვე დომენიკალის მოუწევს.

შედარებისთვის, Formula E-ში ამჟამად 10 ავტომწარმოებელია. მათ შორის, Audi, BMW, Mercedes-ი და Porsche. ხარჯებიც გაცილებით ნაკლებია.

„კორონავირუსმა ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. ბიზნესი სულ უფრო ხშირად საუბრობს იმაზე, რომ პანდემიის შემდეგ, დედამიწა უფრო მწვანე ადგილი უნდა იყოს“. - ამბობს გალაგერი.

ძრავების რეგულაციების ცვლილება ფორმულა 1-ში 2026 წლამდე არ იგეგმება. ამჟამინდელი V6 ტურბო ჰიბრიდული ძრავები 2014 წლიდან გამოიყენება. იმით გამოირჩევა, რომ, სხვა ძრავებისგან განსხვავებით, ნაკლები საწვავისგან მეტ ძალას გამოიმუშავებს.

„რენოს“ გუნდის ხელმძღვანელი სირილ აბიტებული ამბობს, რომ „ტექნოლოგია მაშინ არის საკმარისად კარგი, როცა ის რაიმე მესიჯის მატარებელია“. მისი აზრით, ამ ეტაპზე ფორმულა 1-ში გამოყენებული ტექნოლოგია ამას ვერ ახერხებს.

მისი თქმით, სტეფანო დომენიკალის 2021 წლიდან ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და პრობლემების გადაჭრა მოუწევს.

 

გაზიარება: