Aa Aa
22 მარტი 2021  |  18:11

Top 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

მსოფლიოს ყველაზე ძვირიანი ავტომობილები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გადაადგილების საშუალება. მათ შეგვიძლია ხელოვნების ნიმუშებიც კი ვუწოდოთ. ამ ავტომობილებმა პრაქტიკულობა და ეკონომიურობა საოცარ ტექნიკურ შესაძლებლობებს შესწირეს.

ჩვენ Top 10 ყველაზე იშვიათ და ძვირადღირებულ ავტომობილზე უკვე გესაუბრეთ. რა თქმა უნდა, ამ სიაში იმავე ავტომობილებს ვერ შეხვდებით, რადგან ისინი ამჟამად ბაზარზე ხელმისაწვდომი არაა და საეჭვოა, კოლექციონერების საოცნებო ეს ავტომობილები აუქციონზე ისევ გამოჩნდეს, მაგალითად Bugatti Type 41 Royale Kellner Coupe ($9.7 მილიონი). ამ სიაში თქვენ მხოლოდ თანამედროვე სუპერ და ჰიპერქარებს შეხვდებით.

10. Zenvo ST1 ($1.2 მილიონი)


ჩვენი სიის მეათე ადგილას ზელანდიაში აწყობილი მხეცი აღმოჩნდა. მისი 6.8-ლიტრიანი V8 ძრავა კომპრესორითა და ტურბოდაბერვით, საოცარ შედეგს გვაძლევს. მაინც რამდენად სწრაფია? ST1 1104 ცხენის ძალა და 1430ნმ აქვს. მთელი ძალა უკანა თვლებს მიეწოდება. მაქსიმალური სიჩქარე - 375კმ/სთ. 0-100კმ/სთ-მდე 3 წამში აღწევს. მისი ასეთი მაღალი ფასი სწორედ ამ ტექნიკურმა მაჩვენებლებმა განაპირობა.

9. Ferrari LaFerrari ($1.4 მილიონი)


ამ გენიალურ ავტომობილზე ბევრი საუბარი არ არის საჭირო. LaFerrari 1430 კილოგრამს იწონის და ტრასაზე ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ავტომობილია. ჰიბრიდული აგრეგატი ჯამში 950 ცხენის ძალას და 900 ნმ-ს გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 3 წამზე ნაკლებ დროში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 350კმ/სთ.

8. Pagani Huayra ($1.4 მილიონი)


ეს ავტომობილი, ძნელად წარმოსათქმელი სახელისა და საოცარი ტექნიკური მონაცემების გარდა, მისი მაღალი ფასითაც გამოირჩევა. მას სახელი ინკების ცივილიზაციის ქარის ღმერთის საპატივსაცემოდ დაერქვა. AMG-ს წარმომავლობის 6.0-ლიტრიანი V12 ძრავა ორი ტურბოკომპრესორის დახმარებით 630 ცხენის ძალას და 1000ნმ-ს გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 3.3 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 360კმ/სთ.

7. Aston Martin One-77 ($1.4 მილიონი)


კაპოტის ქვეშ ატმოსფერული 7.3-ლიტრიანი V12 ძრავა იმალება, რომელიც 750 ცხენის და 750ნმ-ს გამოიმუშავებს. ეს ტექნიკური მონაცემები მას Aston Martin-ის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ავტომობილად აქცევს. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 3.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 320კმ/სთ. ფასიც მონაცემებთან შესაფერისი აქვს - $1.4 მილიონი.

6. Koenigsegg One:1 ($2 მილიონი)

$2 მილიონად ძალიან, ძალიან ბევრი კარგი რამის ყიდვა შეიძლება: მდიდრული სახლის, 80 Mazda MX-5-ის ან ამ შვედური მეგაქარის. ბევრი ადამიანი ალბათ ამ თანხას უფრო ლოგიკურად დახარჯავდა. თუმცა, მეგაქარები ლოგიკას არ ემორჩილება.

ამ ავტომობილის 5.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბოდაბერვის V8 ძრავა 1 360 ცხენის ძალასა და 1 371 ნმ-ს გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 3 წამში ნაკლებ დროში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 450კმ/სთ.

5. Ferrari F60 America ($2.5 მილიონი)


ეს სუპერქარი მექანიკურად F12-ის იდენტურია. 6.2-ლიტრიანი V12 ძრავა 740 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 3.1 წამში მიაღწიოს. მაქსიმალური სიჩქარე - 330კმ/სთ. მისი ექსტერიერი Ferrari-ს დიდებულ წარსულზე მიგვითითებს. კომპანია 50-იანებსა და 60-იან წლებში კონკრეტული რეგიონებისთვის შესაფერის ავტომობილებს ხშირად ქმნიდა.

4. Mansory Vivere Bugatti Veyron ($3.4 მილიონი)


ეს სია Bugatti Veyron-ის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ შედგებოდა. Mansory Vivere ვერსია არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია, არამედ ყველაზე ძვირიც.

1100 ცხენის ძალა ავტომობილს 0-100კმ/სთ-მდე 2.5 წამში აჩქარებს. მაქსიმალური სიჩქარე - 410კმ/სთ.

3. W Motors Lykan Hypersport ($3.4 მილიონი)


Lykan Hypersport-ი ალბათ "ფორსაჟის" მეშვიდე ნაწილიდანაც გახსოვთ, სადაც ის დუბაიში არა ერთ, ან ორ, არამედ სამ ცათამბრჯენს ეჯახება. ფილმი მდიდრული ავტომობილებით სავსეა, თუმცა, ამ ავტომობილმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

780 ცხენის ძალითა და 960 ნმ-ით ეს ავტომობილი ძალიან სწრაფია. 0-100კმ/სთ-მდე 2.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 395კმ/სთ.

2. Lamborghini Veneno ($4.5 მილიონი)


ეს ავტომობილი თავიდან ბოლომდე სრულყოფილია. გარეგნობით ცოტათი საჰაერო ხომალდსაც კი ჰგავს. ის უბრალოდ არარეალურია.

Lamborghini-ში კლასიკური ძრავის დაყენება გადაწყვიტეს და არჩევანი Aventador-ის 6.5 ლიტრის მოცულობის 12-ცილინდრიან ძრავაზე შეაჩერეს, რომელიც 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 2.8 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი 356კმ/სთ-ია.

Koenigsegg CCXR Trevita ($4.8 მილიონი)

ჩვენი სიის პირველ ადგილას CCXR Trevita აღმოჩნდა. 4.8-ლიტრიანი V8 ძრავა 1 010 ცხენის ძალას და 1080ნმ-ს გამომუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 2.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე 400კმ/სთ-ზე მეტია. ავტომობილის ტექნიკური მონაცემებიც და ფასიც კომიკურია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ 3 ეგზემპლარად ააწყეს. ერთ-ერთ მათგანს კრივის სუპერვარსკვლავი ფლოიდ მეივეზერი ფლობდა.

 

გაზიარება: