Aa Aa
10 აგვისტო 2021  |  11:03

BMW-ს ექვსი „ti” მოდელი: გზამკვლევი

BMW თავისი უნიკალური ხედვითა და მართვაზე ორიენტირებულობით ავტოინდუსტრიაში მოვლინებისთანავე გამოირჩეოდა. მწარმოებელს სპორტული ხასიათის მქონე ავტომობილების მდიდარი ისტორია აქვს. ამ ისტორიის ნაწილია ti-ს სახელით წარმოებული მოდელებიც, რომლებიც რეგულარული მოდელებისგან გამოირჩეოდა. რას ნიშნავს ti და საიდან მოდის მისი ფესვები? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ამ წარწერით გამოშვებულ ავტომობილებსა და მათ ისტორიას მიმოვიხილავთ. 

1. BMW 1800 TI


50-იან წლებში, გაკოტრების პირას მყოფმა BMW-მ ახალი მოდელი 700-ის სახელით გამოუშვა. ამ ავტომობილმა კომპანია იხსნა. ამის შემდეგ კი 1963 წლის 1800ti ვიხილეთ. ეს დასახელება Turismo Internazionale-ს ნიშნავს. ასე ავტოინდუსტრიაში კორპუსის სამ-ყუთიან დიზანს განასხვავებდნენ. გარდა ამისა, ეს მიანიშნებდა, რომ მოდელი უფრო მძლავრი იყო.

1800ti-ს ავტომობილს ორმაგი კარბურატორი, ახალი სარქველები და M10 1.8-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. ამ ვერსიაში სიმძლავრე 110 ცხენის ძალას აღწევდა. საინტერესოა ისიც, რომ მოდელის დიზაინერული შტრიხები კომპანია Alpina-მ შექმნა.

უფრო საინტერესო ფაქტი კი გახლავთ ის, რომ M10 ძრავა BMW-ს 1000-ცხენისძალიანი M12 ძრავის ბაზისს წარმოადგენდა. ამ ძრავით კი მწარმოებელმა F1-ში გამარჯვება მოიპოვა.

2. BMW 2002 TI


2002ti-ის 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა ასევე ორმაგი კარბურატორით იყო აღჭურვილი, თუმცა მას უფრო მაღალი შეკუმშვის ხარისხის ჰქონდა. ეს ძრავა 120 ცხენის ძალას უყრიდა თავს.

მოგვიანებით 2002tii ვერსია გამოვიდა. დამატებითი i Kugelfischer-ის მექანიკური შეფრქვევის სისტემას აღნიშნავდა. ამ მოდელში სიმძლავრე კიდევ უფრო გაიზარდა და 130 ცხენის ძალას მიაღწია. ამის შემდეგ კი ლეგენდარული Turbo მოდელი ვიხილეთ. ეს ვერსია 1973 წელს 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

დამატებით გეტყვით იმასაც, რომ 1970 წელს ჰანს-ჯოაკიმ სტაკმა და კლემენს შიკენტანცმა Nurburgring-ის პირველი 24 საათიანი რბოლა სწორედ BMW 2002ti-ით მოიგეს.

3. BMW 318ti/323ti (e36)


შეიძლება თუ არა ისეთი წარწერის გაცოცხლება, რომელმაც კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა? მარტივია. დავაბრუნოთ ის იმ ავტომობილზე, რომელზეც BMW-ს ყველაზე მეტი ხუმრობა მოდის. გავიხსენოთ BMW Compact-ი.

ამ ავტომობილის ფილოსოფია გასაგებია: ამაღელვებელი ძრავა, კომპაქტური შასი, უკანა ამძრაობა და BMW-ს ემბლემა. მიუხედავად იმისა, რომ E36-ის „კომპაქტ“ სერიებს ვნებები არ აღუძრავს, 316-თან შედარებით 318ti ოდნაც უკეთესი სამართავი იყო. თუმცა ამ ავტომობილს სიმძლავრე მაინც არ ჰყოფნიდა. 

323ti-ს გამოშვებამ კი ეს პრობლემა მოაგვარა. 2.5-ლიტრიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავა 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

4. BMW 316ti/318ti/325ti (e46)


e46-ის თაობის Compat-ის დიზაინი უფრო მეტად პოლიზებული იყო. Ti-ს წარწერა ბენზინზე მომუშავე სამივე ვერსიამ მიიღო. 316 1.6-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი და ის ნაკლებად სასურველი გახლდათ. 318 ვერსია 2.0-ლიტრიანი აგრეგატით წარსდა და სიმძლავრის დამაკმაყოფილებელი რაოდენობა ჰქონდა. 325 ვერსია კი ერთადერთი მოდელი იყო, რომელიც ამ ავტომობილის გარეგნობის შესახებ არსებულ ხუმრობებს აბათილებდა. ეს 6-ცილინდრიანი ძრავა 190 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებდა.

5. BMW Concept 1 Series Tii


აქ ცოტას ვცრუობთ, რადგან ეს საწარმოო მოდელი არ ყოფილა, მაგრამ არც კონცეპტუალური ავტომობილის სტატუსს იმსახურებს. Concept 1 Series tii-ს ახალი დიზაინის წინა და უკანა ბამპერები, ცხაურა და კარბონის დეტალები ჰქონდა. აღსანიშნავია უკან დამატებული სპოილერიც.

კომპაქტური, მაგრამ სპორტული ატმოსფერო სალონშიც იგრძნობა. ინტერიერში ანატომიური სავარძელი გვხვდება, რომელიც ალკანტარათია შეკერილი. განსხვავებული იყო მაჩვენებელთა დაფაც. სამწუხაროდ, ამ მოდელის ძრავის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ყველა ეს მონაცემი დაიკარგა, რადგან მოდელი წარმოებაში არ ჩაეშვა.

6. BMW 128ti


BMW-ს ყველაზე ახალი მოდელი, რომელსაც ti წარწერა აქვს უახლესი 1 Series-ის ჰეჩბეკია. ეს ცხელი, სწრაფი პირველი სერიაა, რომელიც ti-ს ფილოსოფიას აგრძელებს. მის წინა ნაწილში ტურბინიანი 4-ცილინდრიანი ძრავაა. ამით ის ლეგენდარული მოდელის მოწყობას აცოცხლებს. აგრეგატი 262 ცხენის ძალასა და 400 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს და ის კონკურენციას Golf GTI-საც გაუწევს.

მართვადობის გასაუმჯობესებლად, 128ti 10მმ-ით უფრო დაბალი დაკიდების სისტემა და Torsen-ის თვითბლოკირებადი დიფერენციალი მიიღო.

საბაზისო მოდელებისგან განსხვავებას ვიზუალურადაც ვიგრძნობთ. მოდელი კორპუსის უფრო აგრესიულ ფორმებს, შავ ცხაურასა და ti-ს შტრიხებს ატარებს. ორ ფერში შესრულებული ალუმინის 18-იანი დისკების Michelin Pilot Sport-ში მოქცევა დამატებითი თანხის გარეშე იქნება შესაძლებელი.

გაზიარება: