Aa Aa
4 მარტი 2020  |  10:36

პრაგმატიზმი ტემპერამენტის წინააღმდეგ: Mercedes-AMG A45 S vs BMW M2 Competition

რაც BMW და Mercedes არსებობს, ყველგან სულ ერთი და იგივე კითხვა ისმის: რომელი გაასწრებს? ეს კითხვა ძალიან ფარდობითია, რომელიც უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. დაწყებული იმით, თუ რა მოდელებს ადარებთ, დამთავრებული ამინდის პირობებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ორი რადიკალურად განსხვავებული ავტომობილის შესახებ. ერთი „ჰეჩბექი“, მეორე კუპე. ერთს ოთხცილინდრიანი, მეორეს ექვსცილინდრიანი ძრავა აქვს. ერთი ოთხივეწამყვანი, მეორე უკანაწამყვანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილები ერთმანეთისგან განსხვავებული ძარის ტიპით გამოირჩევა, ორივე ერთი საფასო სეგმენტის და ძალიან მსგავსი მონაცემების მქონე გერმანელია.

თუ დავხედავთ მონაცემებს, Mercedes-AMG A45 S BMW M2 Competition-ს თითქმის ყველა ასპექტში უგებს. „მერსედესს“ 421 ც.ძ. აქვს, რაც 17-ით მეტია, ვიდრე BMW-ს 404 ც.ძ.; უფრო მაღალი მაქს. სიჩქარე აქვს, 272 კმ/სთ BMW-ს ლიმიტირებულ 250 კმ/სთ-თან შედარებით. 0-100-ამდე აჩქარება A45 S-ის შემთხვევაში 3,9 წამს შეადგენს, M2-ის - 4,2 წამს.  გასაკვირია, მაგრამ „მერსედესი“ 100 კილოგრამით უფრო მსუბუქია BMW-ზე და საწვავის კუთხით A45 S 2-ჯერ უფრო ეკონომიურია, ვიდრე M2, რაც მისი 4 -ცილინრიანი ძრავის დამსახურებაა. მერსედესის პატარა ძრავა ავტომობილის წინა ნაწილში დაბალ წონას განაპირობებს, რაც მას მოსახვევში კიდევ უფრო მეტად მოქნილს ხდის.

A45 S M2-ს ფურცელზე დაწერილი მონაცემებით კი სჯობს, მაგრამ ეს მხოლოდ მონაცემებია და ყველა ნამდვილმა ავტომოყვარულმა იცის, რომ მხოლოდ მონაცემებით ავტომობილის სტატუსი არ განისაზღვრება.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტრეკზე ორიენტირებულია, თითოეული მათგანი განსხვავებული მიზეზების გამო შეიქმნა.

ახალ „მერსედესს“, მის წინაპართან შედარებით, ბევრად უფრო აეროდინამიკული ძარა აქვს.  6-დგუშიანი მუხრუჭები წინ და 4-დგუშიანი უკან, Michelin PilotSport 4S საბურავები, ინოვაციური მაბრუნი მომენტის გამანაწილებელი სისტემა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მაბრუნი მომენტის 100%  მხოლოდ ერთ საბურავზეც მიმართვა შეუძლია. MBUX ტელემეტრიის ამთვლელი სისტემა, რომელშიც შეყვანილია მსოფლიოს ძირითადი ავტოდრომების მონაცემები და ამ სისტემით ავტომობილს ეძლევა საშუალება მაქსიმალურად კონკრეტულ ტრეკზე იყოს მორგებული. A45 S არის სუფთა სარბოლო ავტომობილი, რომელიც მრბოლელს ტრეკზე სიარულისას ძალიან დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. ერთადერთი Drift-ის ფუნქცია აზავებს ამ „მერსედესის“ სერიოზულ ხასიათს და ცოტა გასართობის დატვირთვას აძლევს.

უფრო ენერგიული მართვა და გასართობი თუ გინდათ, ჯობს თქვენი ყურადღება BMW-ზე გადაიტანოთ. მიუხედავად ცხენისძალების ნაკლებობისა, M2 competition-ს აქვს რაღაც, რაც „მერსედესს“ შეშურდებოდა. ეს 550 ნმ მაბრუნი მომენტი და უკანაწამყვანი თვლებია. BMW M2 არის ოქროს შუალედი გიჟური და ცხოველური BMW 1M-სა და ტრეკზე სიარულისთვის ორიენტირებულ M4-ს შორის. ავტოენთუზიასტებში M2 ძველი M3 E36-ის თანამედროვე განსახიერებად არის ცნობილი. BMW-ს ინჟინრებმა მათ მანტრას  მიმართეს: სასიამოვნო და გასართობი, კომპაქტური და საკმარისად მძლავრი ძრავის მქონე კარგად სამართავი ავტომობილი შექმნეს.

თუ „მერსედესმა“ თავისი ახალი და ინოვაციური სისტემის ხარჯზე საფართან მაქსიმალურ ჩაჭიდებას მიაღწია, BMW-ს ინჟინრებმა ESP სისტემები უფრო დაარბილეს და დიფერენციალის ბლოკირების ელექტრონული მართვა გააუმჯობესეს, რათა მოცურებული ავტომობილის ტარება უფრო მარტივად შეგეძლოთ. გარდა ამისა, BMW-ს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფიც აქვს. მერსედესში მსგავს რამეს არც უნდა ველოდოთ, ეს უფრო ძველი ყაიდის ავტომოყვარულებს მოეწონებათ.

 

BMW M2 Competition მხოლოდ მოცურებული სიარულისთვის არაა შექმნილი. Competition ამიტომაც ჰქვია, რომ საკმაოდ კარგი სპორტული ავტომობილია. ახალი ძრავით არის აღჭურვილი, სტანდარტული M2-ის ერთტურბინიანი ძრავა M4-ის ანალოგიური ორმაგი ტურბო დაბერვის ძრავით ჩაანაცვლეს. M2-ს 40 ცხენი დაემატა და მაბრუნი მომენტის დიაპაზონიც გაიზარდა.

მხოლოდ ტრეკზე სასიარულოდ და გასართობად ავტომობილს იშვიათად თუ ყიდულობს ვინმე.   ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის აჩქარება და ცხენის ძალები დიდ როლს არ თამაშობს. რა კუთხითაც არ უნდა შეხედოთ, ახალი AMG A45 S ბევრად უფრო პრაქტიკულია, ბოლოს და ბოლოს 5-კარიანი ჰეჩბექია. ფურცელზე M2-ს უწერია, რომ უფრო ტევადი საბარგული აქვს (390ლ), ვიდრე A45-ს, მაგრამ რეალობაში „მერსედესში“ უფრო მეტ რამეს ჩადებთ ჩაკეცვადი სავარძლების და მოხსნადი თაროს გამო. ასევე „ა კლასი“ 100 კმ-ზე სულ რაღაც 7,5 ლიტრს საწვავას მოიხმარს, რაც BMW-თან შედარებით  2-ჯერ ნაკლებია. „მერსედესს“ ასევე უფრო დიდი ტევადობის საწვავის ავზი აქვს და წვის ასეთი დაბალი მაჩვენებლის კომბინაციაში, „ბე-ემ-ვე“-სთან შედარებით, ბენზინგასამართ სადგურებზე უფრო ნაკლები დროის ხარჯვა მოგიწევთ. „მერსედესის“ შემთხვევაში უფრო მეტ დროს ავტომობილის მართვას დაუთმობთ.

ბოლოს შესადარებელი დაგვრჩა ფასი. Mercedes-AMG A45 S-ს ფასი 66 299$-დან იწყება, BMW M2 Competition-ის შემთხვევაში 58 900$-დან. საკმაოდ დიდი სხვაობაა, მაგრამ ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. რა თქმა უნდა, არჩევანი მაინც ინდივიდუალურია, თუმცა ჩვენი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილები ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტები არიან, მაინც განსხვავებული გემოვნების მქონე მომხამრებელი ეყოლებათ. „მერსედესს“ უფრო პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი შეიძენს, ხოლო „ბე-ემ-ვე“ თავს მოაწონებს იმას, ვისაც უფრო მეტად ტემპერამენტიანი ავტომობილები მოსწონს.

თუ ვინმეს ახლა გაუჭირდა არჩევანის გაკეთება, 2020 წლის მარტში ჩვენ ამ თემას კიდევ მივუბრუნდებით, როდესაც BMW ახალ BMW M2 CS-ს ფართო წარმოებაში ჩაუშვებს. მოწინააღმდეგეს „მერსედესი“ რითი უპასუხებს და ზოგადად იქნება თუ არა A45S ახალი BMW-ს კონკურენტი?

გაზიარება: